კრამონი: ევროკავშირი საქართველოს სრულ დეოკუპაციემდე ქართველ ხალხთან დგას

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მეცამეტე წლისთავს გამოეხმაურა. 

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ახლა რუსეთი ანტი-ქართულ და ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და დგას ქართველ ხალხთან საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე",- წერს ევროპარლამენტარი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.