ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფისთვის 11 ადამიანი დააკავეს

ბრიტანეთის პოლიციამ სოციალურ ქსელებში ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფისთვის 11 ადამიანი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

დაკავებულთა ასაკი 18-დან 63 წლამდე მერყეობს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრების შავკანიანმა ფეხბურთელებმა - მარკუს რაშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბუკაიო საკამ პენალტები ვერ გაიტანეს, რასაც მათ მიმართ მრავალი რასისტული პოსტი და კომენტარი მოჰყვა.

რასიზმი დაგმეს ბრიტანეთის ხელისუფლების და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა.

ბრიტანეთის პოლიციამ კი კომპანიებისგან კომენტარების ავტორებზე ინფორმაცია გამოითხოვა.

ჯამში 207 რასისტული პოსტის იდენტიფიცირება მოხდა, საიდანაც 123 საზღვარგარეთ დაიწერა.