კვირას ღამით, სამხრეთ პოლონეთის ქალაქ ზამოშჩში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად მობილური ვაქცინაციის ცენტრი დაწვეს, ამის შესახებ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნიეძიელსკიმ განაცხადა.
პროვინციის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა უცნობია:
“ეს იყო ტერორისტული აქტი. თავდასხმა მიზნად ისახავდა არამხოლოდ ვაქცინაციის ცენტრის თანამშრომლებს და აცრის მსურველებს, არამედ სახელმწიფოს. თავდასხმის მიზანია ადამიანებს ხელი შეუშალოს ვაქცინაციაში. ეს ნიშნავს მეოთხე ტალღას, ახალი კარანტინის საფრთხეს, შეზღუდვებს და არასტაბილურობას.”
პოლონეთის ყველაზე ნაკლებად აცრილი ნაწილი სწორედ ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთია. ამ ნაწილში განსაკუთრებით მაღალია მმართველი - “კანონისა და სამართლის” პარტიის მხარდაჭერა - აქ აცრილთა რაოდენობა 30%-ზე დაბალია.
აცრის მსურველთა ნაკლებობის მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა: “მე ძალიან თავშეკავებული ვარ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.”