ისრაელი ვაქცინის “ბუსტერით” 1.5 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ისრაელი გეგმავს ვაქცინის მესამე დოზით 60 წელზე უფროსი 1.5 მილიონი მოქალაქე 8 დღეში აცრას.

“ეს არ არის ხანგრძლივი ოპერაცია, ეს იქნება ფორსაჟი,” - განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ზიგან როზენბერგმა. “ჩვენ გავხსნით ვაქცინაციის კომპლექსებს და მოვიწვევთ შესაბამისი რაოდენობის ადამიანებს ასაცრელად.”

ნაფტალი ბენეტმა ისრაელის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეშტერ ჰაიუტს და ქნესეთის სპიკერს მიკი ლევის მოუწოდა, რომ ვაქცინის “ბუსტერით” აიცრან.

მესამე დოზა უკვე გაიკეთეს ქვეყნის 60 წლის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა და ყოფილმა პრემიერმა, ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა 71 წლის ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

თავად ბენეტი 49 წლის არის და ამჟამინდელი წესებით ვაქცინას ვერ გაიკეთებს.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება მესამე დოზებით აცრაზე ქვეყანაში ინდური შტამის გავრცელებას და კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდას მოჰყვა.

პარასკევს ქვეყანაში ინფიცირების 2140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავსი ზრდა ქვეყანაში მარტის შემდეგ არ ყოფილა.

მძიმე პაციენტების რაოდენობა 167-ია.

ამჟამად ისრაელში ვირუსის 16 162 აქტიური შემთხვევაა, ორი თვის წინ კი მხოლოდ 200 იყო.