გიორგი ხატიაშვილი: "ამერიკა დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ გასაკეთებლ საქმეს არ გააკეთებს" [Opinion]

23 მარტს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების ქვეკომიტეტში, საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა. სხდომას სახელწოდებით „დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოში“ დემოკრატი სენატორი ნიუ ჰემფშირიდან, ჯინ შაჰინი თავმჯდომარეობდა. შეხვედრაზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ორი მაღალჩინოსანი - ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროდან ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს წარმოადგენდა.

რა თქვა ჯინ შაჰინმა?

თავის შესავალ სიტყვაში, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველო გზაგასაყარზეა. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მხარეები მორიგდებიან და შესაბამისად, მშვიდობიან და დემოკრატიაზე დაფუძნებულ გამოსავალს იპოვნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ამდენი წლის ჯაფა საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად შეიძლება უბრალოდ წყალში ჩაიყაროს. სენატორმა შაჰინმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ უსწრაფესად გაატაროს საარჩევნო რეფორმა. მათ შორის, მიანიშნა რა 2020 წლის ოქტომბრის აღჩევნების ხარვეზებზე, შაჰინმა აღნიშნა რომ აუცილებელია საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმის შემუშავება, რათა ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს და საარჩევნო პროცესისადმი ნდობა არ დაიკარგოს.

სენატორმა შაჰინმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი დამოკიდებულია საქართველოს დემოკრატიულობაზე. ამისთვის აუცილებელია როგორც ინსტიტუციების გაძლიერება და თავისუფალი სასამართლო, ასევე მთავრობის და ოპოზციის დემოკრატიისადმი ერთგულება. სენატორი უკმაყოფილია ყველა ქართული პარტიით, რომლებმაც მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესი ქვეყნის მომავალზე წინ დააყენა. ამავდროულად, კრიზისზე საუბრისას საგარეო პოლიტიკურ ასპექტებსაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ პოლიტიკოსების ციხეში ყოფნა და პარტიებისგან ცარიელი პარლამენტი, მოხოლოდ  რუსეთს აწყობს.

სხდომის დასასრულს, სენატორი შაჰინი დაეთანხმა სენატორ ჯონსონის წინადადებას, რომ ამერიკის სენატმა შეიძლება საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღოს, სადაც დაფიქსირდება როგორც ამერიკის პოზიცია, ასევე მოლოდინი ქართული პოლიტიკური სპექტრისგან, რომ შეთანხმებას კომპრომისის გზით მიაღწიონ.

რა თქვეს რიშმა და კენტმა?

სენატორმა რიშმა ხაზი გაუსვა, რომ აღინიშნება ოლიგარქის გავლენის გაძლიერება მედიაზე და სასამართლოზე. მისთვის ასევე შემაშფოთებელია დემოკრატიის უკანდახევა. სენატორის აზრით საქართველოს მთავრობას მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება კრიზისის განმუხტვაზე და სენატორი შაჰინის მსგავსად, გააფრთხილა ქართული საზოგადოება, რომ ამ კირიზის გადაუჭრელობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ და დასავლურ მომავალს. სენატორმა რიშმა ასევე იკთხა თუ რამდენადაა იმის საჭიროება რომ საქართველოს სამხედრო და საგარეო დახამრების მიღებისთვის უფრო მკაცრი პირობები წაეყენოს.

ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შავი ზღვის რეგიონში. საქართველოში მიმდინარე ვითრების ანალიზისის კენტმა აღნიშნა რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს სიტუაციის დეესკალაცია, ხოლო შეუთანხმებლობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ნიკა მელიას დაპატიმრება უკან გადაგდმული ნაბიჯად შეფასდა, ასევე აღინიშნა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის უმრვალესობას საკუთარი პარტიების პარლამენტში ხილვა სურს.

სენატორ შაჰინის ჩაკითხვაზე მელიასთან დაკავშირებით, კენტმა მიუგო, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ შორის მელიასაც, რომელმაც ელექტრონული სამაჯური მოიხსნით, დაარღვია პატიმრობის პირობები. ჯორჯ კენტის აზრით მეგობრები ერთმანეთის მიმართ გულახდილები უნდა იყვნენ, ამიტომ ამერიკა არ მოერიდაბა კრიტიკას, როდესაც ხედავს რომ საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან უხვევენ იმ გზიდან, რომლისთვისაც ხალხმა აირჩია. სენატორ შაჰინის კითხვაზე ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, ჯორჯ კენტმა მიუგო რომ 2012 წლიდან საქართველოს მთავრობა ყველა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ინარჩუნებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სურვილს და დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

კარა მაკდონალდის გზავნილები

კარა მაკდონალდმა ამერიკის სენატს განუცხადა რომ საქართველო რეგიონული ლიდერია დემოკრატიული განვითარების კუთხით, თუმცა არსებობს პრობლემები, მათ შორისაა სასამართლოს პოლიტიზაცია, მმართველი პარტიის დომინაცია ყველა ინსტიტუტში და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა. მაკდონალდმაც გაიმეორა  სხვა დამსწრეების მოსაზრება და საქართველოს ხელისუფლებას ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციებითან ერთად, სასამართლო რეფორმების გატარება მოუწოდა. მისი თქმით, ამერიკა აქტიურად დაუჭერს მხარს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას მოსახლეობის ინფორმირებაში და რუსული პროპაგანდის წინააღდეგ ბრძოლაში.

ეს საკომიტეტო მოსმენა იყო მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საქართველოს აქვს ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკა და მისი პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით. აშშ-ს საქართველოსთვის სასიცოცხლო ამოცანად მიაჩნია მიმდინარე კრიზისის გადალახვა და პროცესების სტაბილიზაცია. ამერიკელების აზრით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური და სტრატეგიული ვითარებიდან გამომდინარე, არასტაბილური, კრიზისში მყოფი და პოლიტიკურად მღელვარე საქართველო მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამერიკა ღიად უკმაყოფილოა, როგორც საქართველოს მმართველი ძალის ანტიდემოკრატიული ტენდენციებით და ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაციით, ასევე ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტით.

შეჯამება

მთავარი შთაბეჭდილება რაც მე დამრჩა ამ საკომიტეტო მოსმენიდან არის ის, რომ ამერიკა დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს. ჯორჯ კენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორივე მხარე მოელის ამერიკისგან მეორეს მიმართ წნეხს. კენტის აზრით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ და ამას ამერიკა მათ მაგივრად ვერ შეძლებს, რადგან არ შეიძლება საქართველოს ბედი საქართველოს მოქალაქეებზე უფრო მეტად ამერიკელებს ადარდებდეთ.

ამ მოსმენიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამერიკა ჩვენ გვიყურებს როგორც ხარვეზებიან, მაგრამ მაინც დემოკრატიის გზაზე მდგარ ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა ასეთ ურთულესს რეგიონში. სამეზობლოს კონტექსტის გათვალისწინებით, უმნიშნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს როგორც დემორკატიული სახელმწიფოს შენარჩუნება-გაძლიერებას. დემოკრატია რთულია, მაგრამ დამოუკიდებლობის 30-ე წელს, თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს „ზრდასრულობაზე“ და დემოკრატიულობაზე, მაშინ არსებულმა პოლიტიკურმა ძალბემა პაუსიხმგებლობა უნდა გამოიჩინონ და მორიგდნენ.

 

 ავტორი: გიორგი ხატიაშვილი