დეზინფორმაციული “ობიექტივი” და მისი პრორუსი “პატრიოტები”

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი

 

მედიაკავშირი ობიექტივი პრორუსული, ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების ჩემპიონია – ცოტა მაყურებლითა და დაბალი ნდობით - თუმცა ამის მიუხედავად მედიასაშუალება გაუკრვეველი წყაროებიდან მილიონობით ლარის მოზიდვას ახერხებს

 

კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი პრორუსული მედიასაშუალებებია, რომლებსაც რუსეთი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გასავრცელებლად მსოფლიოს მასშტაბით იყენებს. ერთ-ერთი ასეთი მედიასაშუალებაა ობიექტივი, რომელიც “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიშებში ყოველ წელს ხვდება როგორც ანტისადასვლური გზავნილებისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალება. 

მაგალითად, 2020 წლის მონაცემებით,   ყველაზე მეტ რესპონდენტს, რომელიც სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს აკეთებდა, „ტვ ობიექტივის“ ეთერში ვხვდებით. წლის განმავლობაში რესპოდენტთა მიერ სიძულვილის ენის გამოხატვის 135, ხოლო მედიის მიერ გამოხატვის 49 შემთხვევა დაფიქსირდა.  2019 წელს  კიდევ უფრო მეტი ასეთი შემთხვევა  იყო, კერძოდ მედიის მიერ– 94, ხოლო რესპოდენტთა მიერ 293 შემთხვევა.  სიძულვილის ენა ძირითადად ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს მოიცავდა. 

ობიექტივი ანტიდასავლური რიტორიკითაც მოწინავე ადგილს იკავებს. 2018 წელს ობიექტივის ეთერში  გაჟღერებული ანტიდასავლური გზავნილების წყარო 338 შემთხვევაში რესპონდენტი იყო, ხოლო 137 შემთხვევაში – თავად მედია. ასევე ტვ „ობიექტივის“ ჰქონდა ყველაზე მაღალი ანტიამერიკული გზავნილებს მაჩვენებელი, ჯამში 50 შემთხვევა. გასაკვირი არ არის, რომ ობიექტივი იყენებს რუსულ წყაროებს, როგორიც არის: РОССИЯ 1, Россия 24, ЦАРЬГРАД ТВ, Рен ТВ და სხვა. 

რუსული წყაროების გამოყენების პარარელურად უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციების კომისიამ ობიექტივი 2020 წლის განმავლობაში ერთხელ გააფრთხილა და 2-ჯერ დააჯარიმა საკუთარ არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა „ყველას გასაგონად“ არასახელმწიფო ენაზე (რუსულ ენაზე) ჩვენებისათვის.

 

 

ადამიანის უფლებების დაცვიდან სიძულვილის ენამდე

 

მედიაკავშირი ობიექტივი 2010 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი გენერალური მდივანი, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წელს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების შემდეგ აღარ ფიგურირებს.

ორგანიზაციას დამფუძნებელთა სრული სია ასე გამოიყურება: ირმა ინაშვილი, ირაკლი ციკიშვილი, მამუკა გობეჩია, მზია კეკელიძე, ილია გეგენავა, გიორგი კორკოტაშვილი, დათო რურუა, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ლევან ჩიკვაიძე, რეგან თელოიანი. 

 

წესდების თანახმად კავშირის მიზნებია:

 

  • გაეროს  ადამაინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების დაცვა-იმპლემენტაცია;

  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის  მოთხოვნათა დაცვა-იმპლემენტაცია;

  • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის  მოთხოვნათა დაცვა-იმპლემენტაცია;

  • კავშირი განსაკუთრებულად იღწვის სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლების  დასაცავად, ყველა დონის არჩევნების ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის  დასაცავად. 

 

პარადოქსულია, ამგვარი მიზნების მიუხედავად ობიექტივი ერთ-ერთია პრორუსულ მედიებს შორის, რომელიც ქსენოფობიური, ჰომოჰობიური და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და რაც სრულად შეუსაბამოა  წესდებაში გაწერილ დეკლარაციასა და პაქტებთან.

 

 

“ობიექტივის” ფინანსები 

 

ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ZINC NETWORK-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ 2021 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად რუსული და პრორუსული არხები საქართველოში ყველაზე ნაკლებად პოპულარულია.  კვლევის თანახმად გამოკითხულთა 21% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ობიექტივს, ხოლო ნდობით მხოლოდ 7% ენდობა. ხოლო IRI-ის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად “ობიექტივს” გამოკითხულთა მხოლოდ 1% ენდობოდა. 

„ობიექტივი“ სატელევიზიო სიხშირის გარდა რადიოსიხშირითა და ინტერნეტით მაუწყებლობს. საინტერესოა, მაყურებელთა მცირე რაოდენობისა და დაბალი ნდობის ფონზე როგორია “ობიექტივის” ფინანსური მდგომარეობა და შემოსავალი. 

2014-2021 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მედია-კავშირი “ობიექტივის” შემოსავლის წყარო მესაკუთრეთა და სხვა პირთა შემოწირულობები და რეკლამირებიდან მიღებული თანხებია. 

მაგალითად 2014-2021 წლების განმავლობაში  “ობიექტივს” მესაკუთრეებმა ჯამში 1,275,028 ლარი შეწირეს, სხვა პირებმა – 7,726,900 ლარი, ხოლო რეკლამირებიდან კომპანიამ 3,704,226 ლარი მიიღო. 

საინტერესოა, რომ კომპანიამ ყველაზე მეტი თანხების აკუმულირება სხვა პირების შემოწირულობების შედეგად შეძლო, თუმცა, პირთა ვინაობა და შეწირულ თანხათა ინდივიდუალური მაჩვენებელი საჯარო არ არის. ცხადია ფინანსური გამჭვირვალობის ნაწილში ამგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა. 

საინტერესოა, ვინ და რატომ წირავს თანხებს პრორუსულ მედიასაშუალებებს, რომლებიც სიძულვილის შემცველი განცხადებებითაც გამოირჩევიან?

აღსანიშნავია ისიც, რომ მედია-კავშირი “ობიექტივის” თავმჯდომარე, ირაკლი ცილიკაშვილი  ერთ-ერთი იყო, იმ პირთაგან, ვინც პუტინს წერილით მიმართა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პატრიოტთა ალიანსმა და სხვა პრორუსულმა პარტიებმა და ჯგუფებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს

წერილის ხელმომწერნი რუსეთის დუმის წევრებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდნენ. ამასთან, წერილში ხაზს უსვამდნენ, რომ მათი ხედვით, საქართველო და უკრაინა სამხედრო ნეიტრალიტეტის ქვეყნები უნდა იყვნენ. წერილის ხელმომწერნი ვლადიმირ პუტინს მოიხსენიებენ, როგორც "მის აღმატებულებას".

 

 

"პატრიოტთა ალიანსის" სამსახურში

 

როგორც ზევით აღვნიშნეთ, მედიაკავშირი “ობიექტივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი პატრიოტთა ალიანსის წევრი ირმა ინაშილია და პოლიტიკური საქმიანობაში ჩართვის შემდეგ იგი კომპანიის მმართველობას ჩამოშორდა, თუმცა მედიაკავშირ ობიექტივთან კავშირი მას არ გაუწყვეტია. მეტიც, ობიექტივი აქტიურად იყო ჩართული”პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლო საინფორმაციო კამპანიაში, მათ შორის  2017, 2018, 2020 წლებში ობიექტივის ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ვიდეორგოლის განთავსების გამო 4-ჯერ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. (შემთხვევა 1შემთხვევა 2შემთხვევა 3შემთხვევა 4.)

აქვე საინტერესოა ისიც, რომ ორგანიზაცია "დოსიეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლი "პატრიოტთა ალიანსს" პირდაპირ ეხმარებოდა. გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევოდა, რომ მოსკოვში "პატრიოტთა ალიანსს" დაუქირავეს და მიუჩინეს პოლიტტექნოლოგები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში.ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსმა" მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატებოდა.დოკუმენტებში დაწვრილებითაა აღწერილი, რა რჩევებს აძლევენ მოსკოვში ქართველ პოლიტიკოსებს – გზავნილები ანტიდასავლურია.საუბარია "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერაში ჩართულ კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაზეც.

ამ დოკუმენტების შემდეგ, კიდევ უფრო ლეგიტიმურია ეჭვი მედიაკავშირი “ობიექტივის” დაფინანსების რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული წყაროების შესახებ. 

მიუხედავად იმისა, რომ ობიექტივის ფინანსური წყაროების პირდაპირ კრემლთან კავშირი ვერ დგინდება, მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური რედაქციის, მესაკუთრეთა პრორუსულობისა და პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ბუნებრივია ჩნდება ეჭვები ტელევიზიის გაუკრვეველი დაფინანსების წყაროების წარმომავლობასა და ჰიბრიდულ ომში კრემლის მიერ მისი იარაღად გამოყენების შესახებ.