ხელმიუწვდომელი სკვერები

სკვერი ბუნებრივი გამწვანების გარეშე ან საერთოდაც გამწვანების გარეშე, ავარიულ კორპუსთან მოწყობილი ტრენაჟორები, სკვერების უხარისხოდ მოწყობაში დახარჯული ათეულობით ათასი ლარი.  ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კვლევის ეტაპზე ვაწყდებით. 

თუმცა, სკვერებსა და სარეკრეაციო სივრცეებზე საუბრისას გამორჩეულ ადგილს იკავებს მათი ყველაზე უცნაურ ადგილებში მოწყობის შემთხვევები. ამჯერად წარმოგიდგენთ ყველაზე შეუსაბამო ადგილზე მოწყობილ 2 სკვერსა და მათი მოწყობის ხარჯებს:

ხელმიუწვდომელი სკვერი 1

2021 წლის დეკემბერში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინდ. მეწარმე კახა დათაშვილს შორის რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში საბავშვო ატრაქციონების მოწყობის შესახებ. 

ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და ინდ. მეწარმეს შორის 2021 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელ ინდ.მეწარმეს “სოფლის მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში სკვერის მოწყობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში. ხელშეკრულების ღირებულება 11,683 ლარს შეადგენდა, საიდანაც ინდ. მეწარმემ ბოლო მონაცემებით 11,308 ლარი მიიღო. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა შესრულებულიყო. მიღება-ჩაბარების აქტი 2022 წლის 21 იანვარს გაფორმდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც გორის მუნიციპალიტეტსა და ინდ.მეწარმე კახა დათაშვილს შორის ხელშეკრულება ელ.ტენდერის გვერდის ავლით გაფორმდა. მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა გამარტივებული შესყიდვების გზით, რომლის ფარგლებშიც კახა დათაშვილს სოფელ ატენში და მეჯვირსხევის ფაბრიკის დასახლებაში საბავშვო სკვერისა და მოედნის მოწყობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, ხელშეკრულების ღირებულება კი 21,355 ლარს შეადგენდა. 2021 წლის ნოემბერში კახა დათაშვილს 12,101 ლარის სანაცვლოდ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გორიჯვარში დაევალა სკვერის მოწყობა. 2021 წლის აგვისტოში ინდ. მეწარმემ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ქვემო რიეთი, ზემო ბოშური და ბობნევი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სკვერები მოაწყო და ამაში 30,963 ლარი აიღო. ხელშეკრულების მიხედვით, სოფელ ბობნევში ატრაქციონების მოწყობა 9,870 ლარი დაჯდა, იგივე თანხა დაიხარჯა ზემო ბოშურში ატრაქციონების მოწყობაზეც, ხოლო ქვემო რიეთის ატრაქციონებისთვის გორის მუნიციპალიტეტმა 11,222 ლარი გადაიხადა. 

მართალია, მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროში შეასრულა, მაგრამ აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ატრაქციონები, რომლებიც ბავშვებისთვის ზემო ბოშურში გაკეთდა მათთვის დღემდე ხელმიუწვდომელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ატრაქციონებამდე მისასვლელი ერთადერთი გზა მდინარის გადაცურვაა, შესაბამისად, გამოდის, რომ მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ათასი ლარი სრულიად გამოუსადეგარი ატრაქციონების გაკეთებაში დახარჯა. 

ხელმიუწვდომელი სკვერი 2

კიდევ ერთი გამოუყენებელი სკვერის ავტორი გარდაბნის მერიაა. მერიამ ბიუჯეტიდან 11,216 ლარი დახარჯა სოფელ მზიათში ღია სკვერისა და სპორტული ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოებში. 

ხელშეკრულება, გამარტივებული შესყიდვის წესით (CMR190146839) გარდაბნის მერიასა და მიმწოდებელს, შპს ელიტ დესინს შორის 2019 წელს გაფორმდა და შპს ელიტ დენისს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 60 კალენდარული დღის ვადაში, 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. 

კომპანიის მიერ შესასრულებელი სამუშაოები შემდეგ ვალდებულებებს  მოიცავდა: მიწის მოსწორება, მონოლითური ბეტონის საფარის მოწყობას, საფარის კაუჩუკის ფილებით მოწყობას, ტრენაჟორების მოწყობას, სკამების შეძენასა და მონტაჟს და პარკის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას.

კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაშიც თავად მერიაა. 

ერთის მხრივ სკვერში მხოლოდ 5 სკამი და 2 სავარჯიშო განთავსდა. გარდა იმისა, რომ ამგვარ სკვერზე სიტყვა “კეთილმოწყობილს” ვერ გამოვიყენებთ, სკვერი არც გამწვანებული იყო. 

თუმცა, სკვერის გახსნის ეტაპზე ეს ერთად-ერთი პრობლემა არ იყო. ადგილმდებარეობა მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ პარკის გახსნის ეტაპზე თავად სკვერი და მიმდებარე ტერიტორია ნაგავით იყო დაფარული. შესაბამისად სკვერი ისე მოეწყო, რომ მისი ტერიტორიის გასუფთავება არ მომხდარა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ამ სივრცით არ სარგებლობდა. 


წყარო:

 

  1. გარდაბნის მერიის შესყიდვა CMR190146839 

  2. ფორმულას სიუჟეტი სკვერი ნაგავსაყრელის გვერდით https://formulanews.ge/News/19938 

  3. ფორმულას სიუჟეტი- სკვერი, რომელთან მისვლაც შეუძლებელია https://www.facebook.com/watch/?v=5190920544335445 

  4. CMR210098508- ქვემო რიეთი, ზემო ბოშური და ბობნევი

  5. CMR210130128- დიდი გორიჯვარი

  6. CMR210143557- სოფელი ატენიი და მეჯვირსხევის ფაბრიკის დასახლება

  7. CMR210138922- სოფელი აძვი