
ავტორი: ხატია ნიკოლაიშვილი
გიორგი ბახტურიძე თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელია. ის თამბაქოს აკრძალვაზე და პოპულარიზაციის შემცირებაზე წლებია საუბრობს. ბახტურიძე ასევე ხშირად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მილიონობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებებს აფორმებს. საინტერესოა, რომ ძირითად შემთხვევაში შემსყიდველი უწყება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრია.
ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა აღნიშნული შესყიდვებით და რამდენიმე საეჭვო გარემოება აღმოაჩინა.
საჯარო რეესტრის მიხედვით გიორგი ბახტურიძე 24 კომპანიაში მონაწილეობს როგორც დამფუძნებელი, ისე დირექტორი.
ამ კომპანიებიდან ორი: ა(ა)იპ ”საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი” (FCTC) და ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი” ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. ორივე კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სატრენინგო მომსახურება, ბაზრის კვლევა და გამოკითხვების ჩატარებაა.
კომპანიები ყველაზე ხშირად მომსახურებას სსიპ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს“ (NCDC) უწევენ.
ა(ა)იპ “საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი” სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს. 2011 წლიდან დღემდე კომპანიის 2,468,364 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კომპანიას ყველა ხელშეკრულება მხოლოდ NCDC-ის აქვს გაფორმებული.
აღნიშნული თანხიდან 1,441,800 ლარი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა FCTC-ის თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულებისა და განხორციელების ობსერვაციისთვის გადაუხადა. 2018 წლიდან დღემდე ამ კონკრეტული მომსახურებისთვის NCDC ექსკლუზიურად მხოლოდ FCTC-ს უფორმებს ხელშეკრულებას და ასიათასობით ლარს უხდის იმისათვის, რომ დაადგინოს რამდენად ჯეროვნად ხდება თამბაქოს კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება.
საინტერესოა, რომ 2020-2021 წლებში ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებშიც NCDC-ი აგრძელებდა ბაზრის კვლევისთვის FCTC-თვის ხელშეკრულების გაფორმებას.
მაგალითად, 2020 წელს 300,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და FCTC-სთან.
როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, FCTC-ის უნდა მოეხდინა თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი შემდეგ დაწესებულებებში: კაფე-ბარები, რესტორნები, ჩილიმ-ბარები, ტოტალიზატორები, სავაჭრო ობიექტები, ასევე საზოგადოების თავშეყრის ადგილები, მედია ორგანიზაციები, საჯარო დაწესებებები, საზ. ტრანსპორტსა და ქუჩის ლოკაციებზე, ასევე მედია ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ობიექტის გარდა (მაგ: სამედიცინო დაწესებულებები ), კოვიდ რეგულაციების გამო 2020 წელს რამდენჯერმე მოხდა თვეობით მათი დახურვა, მაგალითად პირველი “ლოქდაუნი” 30 მარტს გამოცხადდა და ზაფხულის დასაწყისამდე გაგრძელდა. აღნიშნული შეზღუდვით ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი შეიზღუდა, ამიტომ FCTC-ი ვერ განახორციელებდა ბოლომდე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ხელშეკრულებაში წარმოდგენილი ფასების ცხრილის მიხედვით კომპანია 30,000 ლარს დახარჯავდა დეკემბრის თვეში ხელ. გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოს შესრულების ვადა არის 10 თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დანარჩენს თვეებშიც 30,000 ლარს დაიხარჯებოდა მომსახურებაზე. ხოლო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო კომპანია ვერ დახარჯავდა თვიურად გათვალისწინებული 30,000 ლარს, სრულად პირობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენლებთან თბილსსა და რეგიონებში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ 2020-2021 წლებში მსგავსი შეზღუდვა 3-ჯერ განხორციელდა, რის გამოც კომპანია ვერ მოახდენდა აღნიშნულ ობიექტებში მონიტორინგს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.
2022 წლის თებერვლით თარიღდება ბოლო ტენდერი, რომელიც FCTC-იმ უკონკურენტოდ მოიგო. შესყიდვის საგანი კვლავ თამბაქოს კონტროლის და მონიტორინგს გულისხმობს, სხვადასხვა დაწესებულებაში, ასევე კონტროლს საზოგადოებრივ დაწესებულებასა, მედია ორგანიზაციებსა და ქუჩის სარეკლამო ლოკაციებზე და სხვა. ხელშეკრულების ღირებულება 387,500 ლარია.
ამ კონკრეტულ მომსახურებაზე (თამბაქოს კონტროლის მონიტორინგი) 2018 წლიდან- დღემდე FCTC-ი იმარჯვებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ თამბაქოს აკრძალვის კანონის მონიტორინგისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება უბრალო ფორმალობაა და ეჭვს აჩენს სავარაუდო კორუფციული გარიგების არსებობაზე სახელმწიფო დაწესებულებასა და კერძო კომპანიას შორის.
FCTC-ი ასევე აქტიურად მონაწილეობს გამარტივებულ შესყიდვებშიც, სადაც 2012-2022 წლებში 274,380 ლარის ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
კომპანიას 12-ჯერ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, პირდაპირი შესყიდვის გზით, საიდანაც 8 შემთხვევაში მომსახურების შემსყიდველი კვლავ NCDC-ია.
გიორგი ბახტურიძის კომპანიის მიერ NCDC-თან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე დავადგინეთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთი და იგივე მომსახურების შეძენაზე, ასევე ერთსა და იმავე პროგრამის ფარგლებში ორ სხვადასხვა შესყიდვის პორტალის მეშვეობით (ელექტრონული ტენდერი და პირდაპირი შესყიდვა) უხდის ათასობით ლარს ა(ა)იპ “საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრს”, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს არსებულ ეჭვს NCDC-ის ფავორიტიზმზე ბახტურიძის კომპანიის მიმართ.
უფრო დეტალურად: როგორც ზემოთ არის აღნიშნული, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველწლიურად ასიათასობით ლარს ექსკლუზიურად უხდის FCTC-ის, რათა მოახდინოს თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების ობსერვაცია. 2021 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 238,000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას აღნიშნული მომსახურების შეძენისთვის. თუმცა, ცენტრმა, მოგვიანებით, ამჯერად უკვე გამარტივებული შესყიდვების გზით, იგივე მომსახურებაზე დამატებით გაუფორმა 47,660 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ეს იმ დროს, როდესაც ხელშეკრულების ვადა არ იყო ამოწურული (ხელ. მოქმედების თარიღი: 24.02.2021 - 01.03.2022)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ FCTC-ი მხოლოდ 10 თვეს აძლევს კომპანიას, ბაზრის კვლევისა და სხვადასხვა დაწესებულებების მონიტორინგისთვის, თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.
დეკემბერში, როდესაც ორგანიზაცია მომსახურებას ასრულებს, NCDC უკვე პირდაპირი შესყიდვის გზით, 2022 წლის იანვარში, უფორმებს ანალოგიურ ხელშეკრულებას 2 თვის ვადით, სადაც თვიურ მომსახურებაში იხდის 23,830 ლარს. ჯამში ხელშეკრულების თანხა 47,660 ლარს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მსგავსი ქმედება არის ბუნდოვანი და დასაბუთებას საჭიროებს. კერძოდ, რატომ აფორმებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი პირდაპირი შესყიდვის გზით ხელშეკრულებას FCTC-თან და რით არის განპირობებული დამატებით გადაუდებელი აუცილებლობით მონიტორინგის აუცილებლობა, მაშინ როდესაც არსებულ ხელშეკრულებას კიდევ 3 თვიანი მოქმედების ვადა აქვს. ასევე, საინტერესოა მხოლოდ 10 თვეს რატომ ითხოვს ბაზრის კვლევისთვის და რატომ არ არის ყველა საჭიროება გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერით გამოცხადებულ შესყიდვაში.
საინტერესოა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმება კიდე ორი ანალოგიურ მოსახურების (ბაზრის კვლევა) შემთხვევაშიც ფიქსირდება.
რასაკვირველია, აღნიშნული ფაქტი მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს და ბადებს ეჭვს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე.
საინტერესოა, ასევე ბახტურიძის მიერ დაფუძნებული კომპანია ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის საქმიანობა, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს სახ. შესყიდვებში.
ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა” 2011-2021 წლებში ს.ს.ი.პ. "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" 14 შესყიდვა მოიგო. ჯამში შესყიდვების ღირებულებამ 1,021,581 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 14-დან 5 შესყიდვაში ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდს” კონკურენტი არ ჰყოლია, რაც ეჭვს აჩენს, რომ შესყიდვის ტექნიკური მოთხოვნები მასზეა მორგებული. ასევე, კომპანია ხშირად იმარჯვებს კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. რაც თავის მხრივ კორუფციის შესაძლო რისკებზე მიუთითებს.
წყარო:
-
კომპანიების (FCTC -ი; საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი) სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის დეტალები:
https://www.scribd.com/document
-
2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოსთვის- BMG:
https://bm.ge/ka/article/2020-wlis-mnishvnelovani-movlenebi-qartuli-biznesistvis/72641