2018-2021-ში 23 მილიონი ლარის ჯარიმა გადავიხადეთ, რადგან მთავრობა აღებულ საგარეო ვალს ვერ ხარჯავს

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად იღებს ვალს, თუმცა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2020 წელს ვალის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 23.4 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა. პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მაჩვენებელი 28.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა. წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის ფაქტობრივმა მოცულობამ 30.8 მლრდ ლარი შეადგინა. 

2021 წლის დასაწყისში კი სახელმწიფო გადასცდა ვალის მაჩვენებელის დადგენილ კრიტიკულ ზღვარს. კერძოდ კი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით მთავრობის ვალის დაშვებული ზედა ზღვარი მშპ-ის 60%-ია. მშპ-ის 60% მიჩნეულია კრიტიკულ ზღვრად, რომელსაც სხელმწიფო ვალის აღების ეტაპზე არ უნდა გადასცდეს. თუმცა, მოგვიანებით ვალის მაჩვენებელი ისევ ჩამოცდა 60%-იან ნიშნულს. 

2021 წელს სახელმწიფოს 5.55 მილიარდი ლარის საგარეო ვალი ჰქონდა აღებული, 2022 წელს კი ვალის სახით 3.1 მილიარდი ლარის აღებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის ჯამურ რაოდენობაში ძირითადი წილი საგარეო ვალზე მოდის. 

საინტერესოა, რომ ვალის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს წინაშე კვლავ დგას რესურსის დაბალი ათვისების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებებით და  ნაკლებად კვალიფიციური ადამიანური რესურსით არის გამოწვეული, რაც საბოლოოდ პროექტების განხორციელების პროცესზე პროექტების ფარგლებში აუთვისებელ რესურსებში გამოიხატება.

გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.

სტატისტიკა აჩვენებს რომ მთავრობა ვალის სახით აღებულ თანხას ბოლომდე ვერასოდეს ითვისებს და მეტიც თანხების აუთვისებლობის გამო თავად უწევს დამატებითი თანხების გადახდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა რატომ იღებს მთავრობა დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს თუ მისი შესრულება არ შეუძლია?

“ფლანგვის დეტექტორი” აღნიშნულის შესახებ გასულ წლებშიც წერდა. კერძოდ კი საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტების აუთვისებლობის გამო, სახელმწიფოს 2018 წელს 3.1 მილიონის, 2019 წელს 4.8 მილიონის, ხოლო 2020 წელს 9.6 მილიონი ლარის გადახდა მოუწია. 

2018-2020 წლებში სახელმწიფოს საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტები სრულად რომ აეთვისებინა 17.5 მილიონი ლარის გადახდა არ მოუწევდა.

რამდენიმე დღის წინ, სახაელმწიფო აუდიტის მიერ, გამოქვეყნებული “2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”-დან ირკვევა რომ მდგომარეობა არც 2021 წელს შეცვლილა. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 12 პროექტში, რომელთა ათვისებაც 74.2 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 17 მილიონით შესრულდა.

ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობას დონორების მიმართ 5,771,000 ლარის გადახდა დაეკისრა “ჯარიმის” (Commitment Fee) სახით. 

სახელმწიფო ვალის ძირითადი ნაწილი რეგიონალური პროექტებზეა მიმართული, კერძოდ კი რეგიონალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. საინტერესოა, რომ საგ. ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისება სწორედ რეგიონებში ვერ ხდება.

ყველაზე მაღალი “ჯარიმა” მთავრობას ხაშურში განსახორციელებელი პროექტზე დაეკისრა. კერძოდ კი ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით (AFD,EU) ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 1.2 მილიონი ლარი, თუმცა პროექტის ათისებამ 0% შეადგინა, რის შედეგადაც ჯარიმის სახით 1,178,000 ლარის გადახდა გახდა საჭირო. 

ხაშურის მერიის ინფორმაციით მოსახლეობის დაახლოებით 50% მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალს დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ღებულობს, გარკვეული ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. თუმცა ჭის წყალს მხოლოდ ტექნიკური დანიშნულება აქვს და სასმელად არ გამოიყენება. 

აღსანიშნავია, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხაშურის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტს უმნიშვნელოვანესი პროექტი უწოდა, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 1.2 მილიონის ათისებაც კი ვერ შეძლო. 

თანხების აუთვისებლობის გამო დაკისრებული “ჯარიმის” ოდენობით მეორე ადგილს "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (Kfw, EU-NIF) პროექტი იკავებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა და საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით ეს გრანტი საქართველოს ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევის ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო. თუმცა ვერც ამ შემთხვევაშიც შეძლეს 2021 წელს ბიუჯეტის ათვისება. 

2021 წელს დაბალი ათვისების მქონე საინვესტიციო პროექტებზე, სესხის აუთვისებელ ნაწილზე, გადახდილი ვალდებულების გადასახადი (Commitment fee) კი ასე გამოიყურება: 

 

  1. პროფესიული განათლება I (KfW) - ბიუჯეტი 3.4 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 195,000 ლარი;

  2. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) - ბიუჯეტი 3.45 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 964,000 ლარი;

  3. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) - ბიუჯეტი 4.8 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 20,000 ლარი;

  4. ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD,EU) - ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 1,178,000 ლარი;

  5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - ბიუჯეტი 5 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 390,000 ლარი;

  6. 500 კვ გადამცემი ხაზი "წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი" (Kfw, EU-NIF) - ბიუჯეტი 6.7 მლნ ლარი, ათვისება 0.1 მლნ ლარი, ჯარიმა 1,115,000 ლარი;

  7. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) - ბიუჯეტი 3.6 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 288,000 ლარი;

  8. Log-in Georgia (WB) - ბიუჯეტი 2.1 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 325,000 ლარი;

  9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - ბიუჯეტი 25 მლნ ლარი, ათვისება 6.8 მლნ ლარი, ჯარიმა 289,000 ლარი;

  10. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი I2Q (WB) - ბიუჯეტი 1.6 მლნ ლარი, ათვისება 0.7 მლნ ლარი, ჯარიმა 856,000 ლარი;

  11. მიწის ბაზრის განვითარება (WB) - ბიუჯეტი 15.4 მლნ ლარი, ათვისება 7.9 მლნ ლარი, ჯარიმა 146,000 ლარი;

  12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) - ბიუჯეტი 2 მლნ ლარი, ათვისება 1.1 მლნ ლარი, ჯარიმა 6,000 ლარი.



წყარო:

 

  1. 2021 წლის ბიუჯეტის აუდიტი https://bit.ly/3GoltfI 

  2. 2020 წლის ბიუჯეტის აუდიტი https://bit.ly/35cjWI4 

  3. 2019 წლის ბიუჯეტის აუდიტი https://bit.ly/3veLSWq 

  4. 2018 წლის ბიუჯეტის აუდიტი https://bit.ly/35enklA 

  5. საქართველოს საგარეო ვალი https://bit.ly/3GDV1PH 

  6. ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/3wNrKOZ 

  7. გიორგი ჩიქოვანის განცხადება https://bit.ly/3MYCVKn

  8. ირაკლი ქარსელაძის განცხადება https://bit.ly/3wP9zaE 

  9. ხაშურის მერია https://bit.ly/3wS3gnP