საზმაუს “ტელესკოლა” 884 ათასი ლარით დაფინანდა. პროექტი სრულად არ ფარავდა სასკოლო საგნებს

2020 წელს პანდემიის დაწყებასთან ერთად სასწავლო დაწესებულებებს მოუწიათ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ამ გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმა შესთავაზა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ერთ-ერთ ასეთ ფორმას წარმოადგენდა მედიაპროექტი “ტელესკოლა”, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გადაიცემა. ამ პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარება.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტელესკოლა აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ ბევრი ქვეყანა იყენებს. 2020 წლის ოქტომბერში იუნესკომ, იუნისეფმა და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს 149 ქვეყნის განათლების სამინისტროების გამოკითხვა პანდემიის საპასუხო ღონისძიებების შესახებ. კვლევის მიხედვით, ონლაინ სწავლება და ტელევიზია ყველაზე ხშირად გამოყენებული მოდელებია, რომელსაც ქვეყნების 87-90% მიმართავდა.

2020-2021 წლებში პროექტ ტელესკოლის ბიუჯეტი 1,137,268 ლარს შეადგენდა, საიდანაც საბოლოო ჯამში 884,011 ლარი დაიხარჯა (2020: 719,136 ლარი; 2021: 164,875 ლარი). 

აღსანიშნავია ის ნაკლოვანებები, რომელიც ამ პროექტის განხორციელების დროს გამოიკვეთა და რომელსაც განათლების სამინისტრომ სათანადოდ ვერ უპასუხა, კერძოდ: ტელესკოლის ფარგლებში ჩაწერილია როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნის ტელეგაკვეთილები სხვადასხვა კლასისათვის, თუმცა ტელესკოლის გაკვეთილები არ მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულოდ განსაზღვრულ შემდეგ საგნებს: 

 

  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) − დაწყებითი და საბაზისო საფეხური; 

  •  მეორე უცხოური ენა − 5-12 კლასები.

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს აღნიშნული პროექტი და რა ნაკლოვანებების გამოსწორებაა აუცილებელი მისი გაუმჯობესებისთვის. აუდიტის სამსახურის თანახმად განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას:

 

  • რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროექტს;

  • რომელი რეგიონის მოსწავლეებისთვის არის პროექტი საინტერესო;

  • რომელი კლასის და რომელი საგნის გაკვეთილები არის მეტად/ნაკლებად ყურებადი მოსწავლეების/მასწავლებლების მიერ;

  • სად არის პროექტის გაუმჯობესების პოტენციალი. 

 

სამინისტრო ფლობს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, თუმცა არ არსებობს მსგავსი მონაცემი საგნების მიხედვით ყურებადობისა და იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებიც იყენებენ ტელესკოლას როგორც დამხმარე რესურსს. შესაბამისად, არ მიმდინარეობს პროცესის სათანადო მონიტორინგი, რაც აფერხებს პროექტის ეფექტიანობის შეფასებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა რომ სამინისტროს არანაირი შეფასების მექანიზმი არ აქვს, რათა პროექტის წარმატებულობა/წარუმატებლობა გაზომოს და ნაკლოვანებები გამოასწოროს, 2021 წლის ივნისში პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე მაინც რიხით ამბობდა, რომ ტელესკოლა იმდენად წარმატებული პროექტი იყო, რომ ის BBC-მაც კი გადაიღო საქართველოდან და რომ ტელესკოლის კრიტიკა პედაგოგების შეურაცხყოფა იყო.

დასკვნა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2020 და 2021 წლებში 884,011 ლარი დაიხარჯა მედია პროექტ “ტელესკოლის” განსახორციელებლად, თუმცა ის სრულად ვერ ფარავდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს, მაგალითად: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) − დაწყებითი და საბაზისო საფეხურისთვის და მეორე უცხოურ ენას − მე-5 − მე-12 კლასებისთვის.
ამავე დროს განათლების სამინისტროს არ ჰქონდა რაიმე მექანიზმი, რომლითაც შეაფასებდა თუ რამდენად წარმატებულად მუშაობდა ეს პროექტი, რა ნაკლოვანებები ჰქონდა მას და რისი გაუმჯობესება იყო საჭირო, შესაბამისად ფაქტობრივად შეუძლებელია ამ პროექტის ეფექტიანობის შეფასება.
ყოველივე ეს მიუთითებს პროექტის არასწორ დაგეგმვასა და განხორციელებაზე შესაბამისი საჯარო უწყებების მხრიდან, რაც საჯარო მმართველობის განხორციელების დროს დაუშვებელია.

წყარო:

  1. https://sao.ge/ka/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%992022050603167200ka.html - აუდიტი

  2. https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/34700 - იუნესკოს კვლევა

  3. https://www.radiotavisupleba.ge/a/31330194.html - თალაკვაძის განცხადება