26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
“ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!“ - ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
მომდევნო 2 წლის მანძილზე ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ზეიმით აღინიშნებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ხსოვნა არც ოკუპაციის შემდეგ დაკარგულა. ყოველი წლის 26 მაისს წინააღმდეგობის მოძრაობა მოუწოდებდა ქართველ ხალხს, არ შერიგებოდნენ ოკუპაციას, ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის.
პანდემიის დროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო 2020 და 2021 წლებში ქვეყანაში გრანდიოზული ზეიმები არ გამართულა, თუმცა როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა “პანდემია დასასრულს უახლოვდება”, ხოლო თავად პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე მდგომარეობას “პანდემიის დასრულების დასაწყისი” უწოდა და 2022 წლის 4 მაისს საქართველოს მთავრობამ „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ №779 განკარგულება მიიღო.
სამოქმედო გეგმის თანახმად 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება და მათ ორგანიზებაში სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოები, სამინისტროები და ადგილობრივი თვითმმართველობები იქნებიან ჩართული. სამოქმედო გეგმის ფარგლებში რამდენიმე ორგანომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რათა გამარტივებული შესყიდვის ჩატარების ნება დართოს. ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა 26 მაისის აღსანიშნავად გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევები.
2022 წლის 17 მაისის მდგომარეობით შესყიდვების სააგენტოს 19-მა სახელმწიფო ორგანომ მიმართა და ჯამში 4,900,166 ლარის ღირებულების ხელშეკრულებების გაფორმება ითხოვეს გამარტივებული წესით. თუმცა ეს საბოლოო თანხა არ არის და შესაძლოა კვლავ მიმართოს შესყიდვების სააგენტოს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანომ.
მიმდინარე მონაცემებით ყველაზე დიდ თანხას თბილისის მერია ხარჯავს. ჯამში 740,000 ლარად აპირებს მერია შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და აქტივობების გამართვას.
740,000 ლარი მოიცავს: თემატური ინსტალაციების განთავსებას, ღონიძიებების და აქტივობების გამართვას, ფოტოგადაღების კუთხეებისა და საგამოფენო პავილიონების მოწყობას, საინფორმაციო სტენდებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას, საბავშვო კონცერტებისა და საბავშვო-გასართობი აქტივობების მოწყობას.
727,079 ლარს ხარჯავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ქუთაისსა და თბილისში ღონისძიებების გამართვა დაევალა, ასევე დაეკისრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება.
527,095 ლარს ხარჯავს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. სააგენტოს რუსთაველის ტერიტორიაზე ტურიზმის ადმინისტრაციის სივრცეების მოწყობა, დამთვარიელებელთათვის საქართველოს კუთხეებისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ადგილობრივი კუთხეებისთვის დამახასიათებელი კულტურის წარმოჩენა ევალება, ხოლო მესტიაში სცენისა და სხვადასხვა შინაარსის სივრცეების მოწყობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ სახელმწიფო ორგანოებმა ხელშეკრულებების გაფორმება გამარტივებული შესყიდვის წესით გადაწყვიტეს. გამარტივებული წესი მოიცავს კონკურენციის გარეშე, ხელშეკრულების პირდაპირი წესით გაფორმებას. გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებად კი შემსყიდველ ორგანოებს გადაუდებელი აუცილებლობა და ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველყოფა აქვთ მითითებული.
მთავრობამ 26 მაისის კონცეფციის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურად 4 მაისს დაამტკიცა და ტენდერის გამოსაცხადებლად მართლაც საკმაოდ მცირე დროა დარჩენილი შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოებისათვის, რომელთაც სხვადასხვა აქტივობების განხორციელება დაევალათ. თუმცა რამდენად არის 26 მაისი გაუთვალისწინებელი მოვლენა?
სახელმწიფოში ყოველწლიურად აღინიშნება 26 მაისი, მასშტაბური ღონისძიებებით. ამგვარი მასშტაბური ღონისძიებები მხოლოდ 2020-2021 წლებში არ განხორციელებულა. თუმცა პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში საუბრობდა პანდემიის დასასრულის დასაწყისზე, შესაბამისად ადრე შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
განსხვავებული არც გასული წლების გამოცდილებაა. 2019 წელს 26 მაისის აღსანიშნავად არაერთი გამარტივებული შესყიდვა განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ცალსახა იყო 26 მაისის აღნიშვნის გარდაუვალობა ხელისშემშლელი ან შემაფერხელელი გარემოებების არარსებობის გამო.
გამარტივებული შესყიდვები კორუფციულ რისკებს შეიცავს და შესაძლო დადებით მხარეებთან ერთად, უაროფითი მხარეებიც ახლავს თან. პირველ რიგში გამარტივებული შესყიდვა გამორიცხავს კონკურენტულ გარემოს არსებობას და პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულების კონკრეტულ კომპანიასთან გაფორმებას გულისხმობს.
ხოლო მეორე მხრივ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მოვალეობაა თანხები რაციონალურად და შესაძლებლობის ფარგლებში ეკონომიურად დახარჯოს, ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან კონკურენციის არსებობის შემთხვევაში მაღალია შანსი, რომ შემსყიდველი შედარებით დაბალ ფასს მიიღებს. გამარტივებული შემთხვევები კი ფასის კლების და კონკურენციის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა. განახლებული მონაცემებით 55 ქულაა. რეიტინგში შემავალი 180 ქვეყნიდან საქართველო 45-ე ადგილზეა და აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში კვლავ პირველ ადგილს იკავებს.
წლევანდელი კონცეფციის მთავარი თემა არის ევროპული ღირებულებები და გზა ევროპისკენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველლს ხელისუფლება არ ასრულებს სასამართლო, საარჩევნო, პროკურატურის და ა.შ. რეფორმებს, რომელთაც შესრულებასაც ევროპის კავშირი ქვეყნისგან მოითხოვს და რომელთა შესრულების პირობაც მმართველმა ძალამ 19 აპრილს დადო, შემდეგ კი სიტყვა უკან წაიღო.
თანხები შემსყიდველების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
-
თბილისის მერია 740,000
-
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 727,079
-
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 527,095
-
ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება 433,245
-
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 404,549
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 400,517
-
დაცული ტერიტორიების სააგენტო 258,025
-
სოფლის განვითარების სააგენტო 245,000
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 242,330
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 210,000
-
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 173,955
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 123,310
-
ღვინის ეროვნული სააგენტო 119,000
-
შპს "საქართველოს ფოსტა" 74,982
-
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 62,877
-
ბათუმის კულტურის ცენტრი 60,000
-
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 49,102
-
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" 49,100
წყარო
-
შესყიდვები https://bit.ly/3yYWzlx
-
მთავრობის განკარგულება 26 მაისის გეგმა https://bit.ly/37SaNJI
-
პრემიერ-მინისტრის განცხადება https://bit.ly/3lgHh3q
-
მინისტრის განცხადება https://bit.ly/3MmelCK
-
ყველა 26 მაისი (ისტორია) https://bit.ly/39smTJJ
-
კორუფციის აღქმის ინდექსი https://bit.ly/3ld90SD
-
2019 წლის 26 მაისის შესყიდვები https://bit.ly/3PoRb0M