საკრებულოს ახალარჩეულმა დეპუტატებმა თავიანთი ხელფასები მინიმუმ 1500 ლარით გაზარდეს

2021 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც  საკრებულოს ახალარჩეული  წევრები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღეს საკუთარი შრომის ანაზღაურების გაზრდა იყო. 

ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა გაზრდილი ხელფასებით და თვითმმართველო ქალაქების საკრებულოებიდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა. 5 თითმმართველი ქალაქიდან ხელფასები ბათუმის გარდა ყველა ქალაქში გაიზარდა. ბათუმში კი ხელფასები მხოლოდ იმიტომ არ გაზრდილა, რომ საკრებულო არ იკრიბება.

ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, რომელზეც საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ეცნო და საკრებულოს თავმჯდომარე აერჩია, თუმცა პირველივე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ რამდენჯერმე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შეიკრიბა. საკრებულო დღემდე არ იკრიბება.

აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად ხელფასი მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს აქვთ. თანამდებობის პირებად კი ითვლებიან საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები, რის გამოც შექმნილია ბევრი ასეთი “თანამდებობა” დუბლირებული ფუქნციებით. 

ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის ხელფასი 2900 ლარია, ხოლო სხვა თანამდებობის პირების ხელფასი 2000 ლარი. განსხვავებული სურათი გვაქვს დანარჩენ 4 თვითმმართველი ქალაქში, სადაც ხელფასები გაზრდილია. ხელფასების ზრდის შემდეგ დანარჩენ 4 ქალაქში თანამდებობებზე მყოფი საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურება 1980-7150 ლარამდე მერყეობს. 

მაგალითად ქალაქ ქუთაისში 2022 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს წევრების შრომის ანაზრაურებაზე ჯამში 156,817 ლარი დაიხარჯა. მათგან საკრებულოს თავმჯდომარემ იანვრის თვეში 7150 ლარი აიღო. აღნიშნული ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება საკრებულოს თავჯდომარის, ირაკლი შენგელიას მიერ მომდევნო თვეში აღებულ ხელფასის ოდენობისგან. ირაკლი შენგელიამ თებერვალსა და მარტში ხელფასის სახით 5050 ლარი მიიღო. საინტერესოა, რით იყო განპირობებული იანვრის თვეში 2100 ლარით მეტის გაცემა საკრებულოს თავჯდომარეზე.

საინტერესოა ისიც, რომ ხელფასების ზრდის პარალელურად ირაკლი შენგელიამ შვებულებითაც ისარგებლა და 2022 წლის 14 მარტიდან 20 მარტის ჩათლით შვებულებაში იმყოფებოდა. გაზრდილი ხელფასების შემდეგ ქუთაისის საკრებულოს წევრების საშუალო ხელფასი დაახლოებით 3,318 ლარია.

რაც შეეხება ქალაქ რუსთავს, საკრებულოს მხოლოდ 6 წევრის თანამდებობრივმა სარგომ 2022 წლის პირველ კვარტალში 60,270 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ანაზღაურება საკრებულოს თავჯდომარემ ნოდარ შეროზიამ მიიღო 5060 ლარის ოდენობით. ნოდარ შეროზია ორი მოადგილე ყავს რომელთა ხელფასები 3750-3950 ლარია. 

ფოთის საკრებულოს 22 პირმა, მხოლოდ 3 თვეში, ჯამში 178,950 ლარის ანაზღაურება მიიღო. საკრებულოს წევრების საშუალო ხელფასი დაახლოებით. 2711 ლარია. ფოთის საკრებულოს თავჯდომარის ყოველთვიური შემოსავალი 5060 ლარია. საკრებულოს თავჯდომარეს, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარისგან განსხვავებით, 3 მოადგილე ჰყავს. თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 3260 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენის – 2990 ლარს.

ფოთის მერიაში 2022 წლის პირველ კვარტალში შვებულებით ორმა თანამდებობის პირმა ისარგებლა. იანვარი-თებერვლის თვეში 9 დღიანი შვებულებით ისარგებლა თორნიკე ხარჩილავამ, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2750 ლარია, ხოლო ჯამში პირველი სამი თვის განმავლობაში 24 დღე შვებულებაში იმყოფებოდა თორნიკე კირთაძე. მისი ყოველთვიური ხელფასი 2990ლარია. 

ცხადია, ხელფასების ზრდის თვალსაზრისით განსხვავებული მდგომარეობა არც თავად დედაქალაქის საკრებულოში ყოფილა, სადაც ხელფასის გაზრდის უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლი გვაქვს.   

თბილისის საკრებულოს წევრების ხელფასი წინა წელთან შედარებით ჯამში 8666 ლარით გაიზარდა. საკრებულოს თავჯდომარის გიორგი ტყემალაძის ანაზღაურება 6980 ლარია, ხოლო მისი მოადგლის ხელფასი ახალი ცვლილებით თავჯდომარის შემოსავალს გაუტოლდა და 6930 ლარი შეადგინა. თანამდებობრივი სარგოს ყველაზე მაღალი ზრდა, სწორედ გიორგი ახვლედიანს შეეხო, რომელსაც სახელფასო შემოსავალი 4720 ლარიდან 6930 ლარამდე გაეზარდა.

ჯერ კიდევ 2021 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მომატება მომდევნო წლების ტენდენცია იქნება. ეს განცხადება იმ იშვიათ დაპირებებს შორის იყო, რომელიც მართლაც შესრულდა, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ტენდენცია არათანაბარად გავრცელდა რიგ საკრებულოებში და ზოგ შემთხვევაში 10 პროცენტიანი მატების ნაცვლად უფრო მეტი შეადგინა.

2022 წელს, ცენტრალური ბიუჯეტის თანახმად, საჯარო მოხელეთა ჯამური შრომის ანაზრაურება წინა წელთან შედარებით 194 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად გადამხდელების ფულის უფრო დიდი ნაწილი სახელმწიფო ბიუროკრატიაში იხარჯება. 

თუმცა, ინფლაციისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოქალაქეების მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩება. ირაკლი ღარიბაშვილმა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარიდან 150 ლარამდე გაეზარდა. 

პარალელურად, აღსანიშნავია თვითმმართველ ქალაქებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. 2022 წლის იანვრის თვის მონაცემებით საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა ქალაქების მიხედვით შემდგომნაირად გამოიყურება: 

ქალაქი/საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა/მათ შორის არასრულწლოვანი

 

  • თბილისი 132,218 / 50,835 

  • ქუთაისი 10,084 / 3969

  • რუსთავი 12,788 / 5474

  • ფოთი 3436 / 1360

  • ბათუმი 19,197 / 8191



წყარო:

 

  1. პასუხები https://bit.ly/3982l9k 

  2. კანონი https://bit.ly/3vZ8jSS 

  3. ბიუჯეტი https://mof.ge/5477 

  4. პრემიერის განცხადება https://bit.ly/3vZnUll 

  5. სოც.დაუცველთა სტატისტიკა https://bit.ly/3kZ8E1O