2013-2022 წლებში შპს მიმდემმა 179 ტენდერიდან 112 მასზე მორგებული პირობების გამო მოიგო

შპს მიმდემი 2011 წელს დაარსდა. მისი 100% წილiს მფლობელი წყალტუბოს მკვიდრი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ზურაბ მიქაძეა. კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, გზის მოასფალტება-რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და ა.შ.  2011-12 წლებში ამ კომპანიას მხოლოდ 2 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო 2013-22 წლებში 55,595,100 ლარის ღირებულების 179 ტენდერი და 13 გამარტივებული შესყიდვა 395.328 ლარის ოდენობით. მოგებული ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით 2013-2022 წლებში ამ კომპანიას სახელმწიფოსგან  ჯამში 55,990,428 ლარი აქვს მიღებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მოგებული 179 ტენდერიდან 63%-ში ანუ 112 ტენდერში მან გაიმარჯვა ან უკონკურენტოდ (64) ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე (48). ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ტენდერების პირობები ამ კომპანიის ინტერესებს მორგებულია, ან სხვადასხვა მიზეზით ხდება მისი კონკურენტების დისკვალიფიკაცია, რის შემდეგადაც კომპანია ხდება ერთადერთი ან ყველაზე მისაღები შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოსთვის.

პირგასამტეხლოს არ დაკისრება

კორუფციის ამ რისკებზე საუბრობს აუდიტის სამსახურიც, წყალტუბოს მუნიციპალიტეტზე მომზადებულ მის ბოლო დასკვნაში. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2019-20 წლებში შპს მიმდემმა 49,500 ლარის ღირებულების 3 ტენდერში  სამუშაოები გრაფიკის მიხედვით ვერ დაასრულა, თუმცა შემსყიდველმა მას არანაირი პირგასამტეხლო არ დააკისრა, რაც საეჭვო გარემოებაა.

კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა

აღსანისშნავია აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი მიგნება, რომლის მიხედვითაც 2019-2020 წლებში წყალტუბოს მერიამ გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 31 ტენდერიდან საპროექტო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მიწოდების ვადები 16 ხელშეკრულებისთვის მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან 11 შემთხვევაში მიწოდების ვადა 2-ჯერ შემცირდა და სატენდერო კომისიამ მოითხოვა ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე 10-ჯერ და მეტი ღირებულების ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 

16-დან 9 შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, კერძოდ 8 შემთხვევაში შპს მიმდემმა გაიმარჯვა, ხოლო ერთ შემთხვევაში შპს ჯ & ჯ-მ, რომელიც ეკუთვნის წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატს ქართული ოცნებიდან, ჯეირან ომანაძეს. შპს მიმდემზე აშკარად მორგებული 8 ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8,430,000 ლარი იყო.

1 დღეში შესრულებული 734,000 ლარის სამუშაოები

აღსანისშნავია ერთი ტენდერი, სადაც წყალტუბოს მერიამ სოფ. ფარცხანაყენბისა და ქვიტირის გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს მიმდემმა და მას 1,401,210 ლარი ჩაერიცხა სამუშაოების შესრულებისთვის. ეს ხელშეკრულება 2020 წლის 4 თებერვალს გაფორმდა, სამუშაოების შესასრულებლად საპროექტო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული იყო 90-დღიანი ვადა, რომელიც სატენდერო კომისიამ 40 დღემდე შეამცირა. ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღესვე მიმწოდებელმა წარმოადგინა შესრულებული სამუშაოს და ფარული სამუშაოების აქტები, რომელთა საფუძველზეც გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი. 

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე შეასრულა 734,000 ათასი ლარის სამუშაო, მათ შორის: გრუნტის დამუშავება, გზის მოშანდაკება, საფუძვლის ქვედა და ზედა ფენების ქვიშა-ღორღით მოწყობა, ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოს სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, 734,000 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაოს ერთ დღეში შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მიმწოდებელმა მის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით, აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის 3 კვირაზე მეტი მოითხოვა.

მერიის პასუხისმგებელმა პირმა განმარტა, რომ მათთან შეთანხმებით მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიწყო − 2020 წლის 29 იანვარს, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადების და ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის დღიდან. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გარეშე სამუშაოს დაწყება კანონშეუსაბამობაა. ამასთანავე, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება − მიმწოდებელმა სამუშაოები დაიწყო 29 იანვარს, თუ უფრო ადრე. ანალოგიურად, ამ მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე სამუშაოების ნაწილი შეასრულა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სხვა სამი შესყიდვის შემთხვევაშიც, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულებამ ჯამში 3,151,500 ლარი შეადგინა.

უხარისხოდ შესრულებული პროექტები

აუდიტის სამსახური აგრეთვე საუბრობს ასიათასობით ლარის უხარისხოდ შესრულებულ პროექტზე, მაგალითად: ბეტონის საფარის მოწყობა სოფ. მაღლაკში და სოფ. გუმბრაში – ჯამში ორი ტენდერი, საიდანაც მიმდემს ბიუჯეტიდან 635,240 ლარი ჩაერიცხა. სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა სამუშაოები მაინც ჩაიბარა და კომპანიას არანაირი სანქცია არ დააკისრა.

დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ შპს მიმდემის მიმართ სახელმწიფო ტენდერებში იქმნება სასათბურე პირობები და ადგილი აქვს შესაძლო კორუფციულ გარიგებებს, მაგალითად წყალტუბოს მერიას და კონკრეტულ კომპანიას შორის.

ამგვარი მორგებული პირობებით შპს მიმდემმა 2013-2022 წლებში ბიუჯეტიდან 56 მილიონი ლარი მიიღო და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სამუშაოები უხარისხოდ სრულდებოდა, თუმცა კომპანიას ამაზე პასუხს არავინ სთხოვდა.

კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა და სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგება აზიანებს ქვეყნის ბიზნესგარემოს, იწვევს ბიუჯეტის თანხების არაეკონომიურ ხარჯვას, ხოლო ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ზემოხსენებული ფაქტები ხშირ შემთხვევაში შეიცავენ პირდაპირ კანონდარღვევას, რაზეც რეაგირება შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ.

წყარო:

 

  1. შპს მიმდემი - 412679061 

  2. ტენდერების საიტი - https://tenders.procurement.gov.ge/# 

  3. წყალტუბოს აუდიტი - https://sao.ge/ka/%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B2022040803297186ka.html