
საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მივლინებები წარსულშიც არაერთხელ ყოფილა ჩვენი კვლევის სამიზნე და გამოვლენილა სხვადასხვა გარემოებები, როდესაც სამივლინებო ვიზიტის ვერც მიზნობრიობის და ვერც შედეგების დადგენა იყო შესაძლებელი.
უკრაინაში ომი უკვე თვენახევრის დაწყებული იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ათობით ლიდერი მრავალჯერ ჩავიდა უკრაინაში მაშინ, როცა საქართველოს მთვრობა და პარლამენტი სხვადასხვა გამართლებებს პოულობდა ამ ვიზიტის თავიდან ასაცილებლად. გაჟღერდა ულტიმატუმები უკრაინის ოფიციალური პირების მიმართ.
ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის წევრები, ხელისუფლების და ოპოზიციის დეპუტატები, ერთობლივი, ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ არგენტინას, რომლის მიზანიც არგენტინა საქართველოს 30 წლიანი ურთიერთობის განმტკიცება და არგენტინაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა იყო. დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი უნივერსიტეტის სემინარში თემაზე “პარლამენტებისა და წარმომადგენლობითი ერთეულების როლი 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე”.
ყოველივე ეს საქართველოს ბიუჯეტს 40,000 ლარი დაუჯდა. დელეგაციაში იყო პარლამენტის ოთხი დეპუტატი: გიორგი ხელაშვილი - 10,937, ნიკოლოზ სამხარაძე - 11.268, ირაკლი ბერაია - 9,170 და დავით ბაქრაძე - 9,553 ლარი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს შედგა და 17 აპრილს უკვე დეპუტატები უკან დაბრუნდნენ. ადგილზე მათ უკრაინის მთავრობის ოფიციალური წარმოამდგენლების გარდა შეხვედრა არავისთან ჰქონიათ, მათ შორის არც იქ მყოფ ქართველ მებრძოლებთან და საკმაოდ დიდ დიასპორასთან.
შეგახსენებთ ფლანგვის დეტექტორის ადრინდელ კვლევასაც, რომელმაც გამოავლინა, რომ პარლამენტში ქართული ოცნების 3 დეპუტატის, მათ შორის ე.წ. მდუმარე დეპუტატის რუსლან პოღოსიანის აფრიკული ვოიაჟი კოტ-დ’ივუარში ბიუჯეტს 30,000 ლარი დაუჯდა.
პარლამენტის დეპუტატების მხრიდან საბიუჯეტო ხარჯების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეხვედრების ნაცვლად ეგზოტიკურ მივლინებებში გახარჯვა ტენდენციის სახეს ატარებს.
წყარო:
-
https://www.scribd.com/document/571060214/3650 - პარლამენტის პასუხი
-
https://www.scribd.com/document/571060213/1590687130859641147 - ვიზიტის ხარჯები
-
https://parliament.ge/parliament-members/5697/biography - ირაკლი ბერაია
-
https://parliament.ge/parliament-members/5939/biography - ნიკოლოზ სამხარაძე
-
https://parliament.ge/parliament-members/6233/biography - გიორგი ხელაშვილი
-
https://parliament.ge/parliament-members/1993/biography - დათო ბაქრაძე