2021 წელს თბილისის მერმა არჩევნების წინ საარჩევნო პროგრამის მიმართულებების პრეზენტაციაზე ახალი დაპირებების გაცემასთან ერთად, შეუსრულებელ დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება და თავი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობით გაიმართლა. შეფერხებით წარმართულ პროექტებს შორის კახა კალაძემ რამდენიმე პროექტი დაასახელა, მათ შორის მიწისზედა მეტრო სამგორი-ლილოს პროექტი, თბილისის ანძის და ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი. “თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტები არ განხორციელდება, ამასაც გავაკეთებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ” – აღნიშნა თბილისის მერმა.
რა შეიცვალა 2021 წლის სექტემბერში გაცემული ამ დაპირებების შემდეგ?
მიწისზედა მეტრო
მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი კახა კალაძემ 2018 წელს “მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტის” პროექტის პრეზენტაციაზე, იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად წარადგინა.
პრეზენტაციის თანახმად პროექტის განხორციელება 2019 წელს უნდა დაწყებულიყო და 2020-2021 წლებში უკვე ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო, პროექტის სავარაუდო ღირებულებად კი 90 მლნ აშშ დოლარი განისაზღვრა.
მიწისზედა რკინიგზის პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, მათ შორის საწყის ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, შემდეგ ეტაპზე პროექტირებას და ბოლო ეტაპზე მშენებლობას.
საპროექტო მომსახურება მერიამ ჯერ კიდევ 2019 წლის მაისს შეისყიდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთმა კომპანიამ, “ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში”, მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების ღირებულებამ 12,762,530 ლარი შეადგინა. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები სრულად უნდა შეესრულებინა, მათ შორის პირველი 3 თვეში უნდა დაესრულებინა წინასწარი კვლევა, ხოლო მომდევნო 11 თვის განმავლობაში უნდა შეედგინა დეტალური პროექტი (დიზაინი).
ხელშეკრულება 2019 წლის 7 მაისს გაფორმდა. შესაბამისად წინასწარი კვლევა, ისევე როგორც პროექტის სამუშაოები, 2020 წლის სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა სატენდერო დოკუმენტაციებში მხოლოდ პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტია ატვირთული. დოკუმენტის თანახმად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის თანახმადაც კომპანიამ შეასრულა პირველი ეტაპის “წინასწარი კვლევა”.
მიუხედავად 12.8 მილიონ ლარამდე დახარჯული თანხისა თბილისს დღემდე არ აქვს მიწისზედა მეტრო, ხოლო რა ბედი ეწევა პროექტს სამომავლოდ ჯერაც უცნობია.
“ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან არსებული სატრანსპორტო კვანძი
შეუსრულებელ დაპირებებს შორის არის სატრანსპორტო კვანძი, რომლის მოწყობაც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან იგეგმებოდა. ამ პროექტის ისტორია კიდევ უფრო შორეული წარსულიდან იწყება.
„ვეფხვი და მოყმის“ ხიდის აშენების ისტორია 2012 წლიდან იწყება. ეს პროექტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნოდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლების პრეტენზიები დაასახელა.დაახლოებით 4 წლის შემდეგ, 2017 წელს აღნიშნული პროექტის იდეა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა.
პროექტის თანახმად კვანძს მარშალ გელოვანის გამზირი და მარჯვენა სანაპირო უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან. მერიამ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 21,634,083 ლარი იყო, თუმცა ტენდერი მალევე შეწყდა. მოგვიანებით 2020 წლის აპრილში მერიამ ისევ გამოაცხადა ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 31,299,488 ლარამდე გაზარდა. ტენდერი ამჯერადაც შეწყდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია უკვე 2 არჩევნებია მოსახლეობას ამ პროექტის განხორციელებას პირდება, პროქტი კვლავ შეუსრულებელთა სიაშია.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით “ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის გაჩერება მოხდა, პანდემია იყო… გიდასტურებთ, რომ თბილისის მერიისთვის ეს დღესაც ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. როგორც კი ამისთვის საჭირო ფინანსები იქნება, დავიწყებთ სამუშაოებს".
თუმცა როდის იქნება პროექტისათვის საჭირო ფინანსები და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ უცნობია.
2021 წლის სექტემბერში კახა კალაძის მიერ გაცემული დაპირებების შემდეგ, რომლის თანახმადაც ის დაასრულებდა შეფერხებით წარმართულ პროექტებს, უკვე რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა დაპირებები ისევ დაპირებებად რჩება. საინტერესოა კიდევ რამდენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი იქნება თბილისის მიწისზედა მეტროსა და სატრანსპორტო კვანძის პროექტები.
წყარო:
-
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია https://bit.ly/3xjceey
-
მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი https://bit.ly/3E8836I
-
კონკურსი - მიწისზედა მეტრო CNT190000011
-
ტენდერი 2019 - სატრანსპორტო კვანძი NAT190018650
-
ტენდერი 2020 - სატრანსპორტო კვანძი NAT200007032