2021 წელს ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 15 მილიონი ვერ დახარჯა. წლებია, მერია ბიუჯეტს სრულად ვერ ითვისებს

2021 წლის სექტემბერში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა და ამჟამინდელმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა: “ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავლი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა”.

ლოგიკურია მოლოდინი, რომ გაზრდილი ბიუჯეტის შემთხვევაში უფრო მეტი გაკეთდება, თუმცა მნიშვნელოვანია ქუთაისის მერიის გამოცდილება, რამდენად კარგად გამოსდის დასახული მიზნების შესრულება და ბიუჯეტის ათვისება? რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს გაზრდილ ბიუჯეტს, როცა მერია არსებულ ბიუჯეტსაც სრულად ვერ ითვისებს?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ  2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშშია ნათქვამი, რომ “მერიამ, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ეზოების, საბავშვო ბაღების, წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემების, ტროტუარების, სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.”

თუმცა პარალელურად მერიამ კარგად აითვისა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხები. 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოსამსახურეებმა ხელფასის გარდა მილიონ ლარზე მეტი მიიღეს: აქედან 331 400 ათასი ლარი დანამატის სახით, 432 000 ათასი ლარი, როგორც ჯილდო, 358 200 ათასი ლარი კი, როგორც სოციალური დახმარება.

“ფლანგვის დეტექტორმა” შეისწავლა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და დაადგინა, რომ 2019 და 2020 წლების მსგავსად მერიამ ბიუჯეტი სრულად ვერც 2021 წელს აითვისა. 

2021 წელს გეგმის მიხედვით ქუთაისის მერიას 95,070,200 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა მხოლოდ 79,717,400 ლარი დახარჯა.  შესაბამისად მერიამ წლის განმავლობაში 15,352,800 ლარის დახარჯვა ვერ შეძლო. 

პროგრამების მიხედვით დაუხარჯავი/აუთვისებელი თანხების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

  • ინფრასტრუქტურის განვითარება - 10,225,600

  • დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1,476,500 

  • განათლება - 762,200

  • კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი -  1,443,600

  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -  282,500 

  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა  -  374,300

 

მერიას ყველაზე მეტად დაბალი პროცენტური ათვისების მაჩვენებელი სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის მიმართულებით აქვს. წლის განმავლობაში დაგეგმილი 33,365,600 ლარისა მხოლოდ 23,140,000 ლარი დახარჯეს, შესაბამისად პროგრამისათის გამოყოფილი თანხების მხოლოდ 69% აითვისა ბიუჯეტიდან. 

ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა თავის მხრივ მოიცავდა ისეთ ქვეპროგრამებს როგორიც არის:  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, გარე განათება, მშენებლობა, ავარიული ობიექტებისა და შენობების რეაბილიტაცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ქალაქის კეთილმოწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირება. 

აღნიშნული 6 ქვეპროგრამიდან ქუთაისის მერიამ ყველაზე ცუდად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქალაქის კეთილმოწყობის ქვეპროგრამა აითვისა. 

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ქვეპროგრამის მიმართულებით მერიას 6,109,600 ლარი დარჩა დაუხარჯავი. ხოლო ქალაქის კეთილმოქყობის ქვეპროგრამაზე მერიამ 2,312,100 ლარი ვერ დახარჯა. 

ბიუჯეტის აუთვისებლობა ნიშნავს, რომ ქუთაისის მერიამ ვერ შეასრულა წლის დასაწყისში დასახული გეგმები. ამასთანავე უამრავი პრობლემისა და გამოწვევის არსებობის პარალელურად მერია ნაკლებად შეძლებს თავის იმ ფაქტით გამართლებას, რომ პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა.  მერიის წინაშე არსებული პრობლემების ეფექტურად მოსაგვარებლად საჭიროა როგორც თანხების სწორად განსაზღვრა, ასევე უკვე დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება. 

 

წყარო:

 

  1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში 2021 https://cutt.ly/XFGGYJg 

  2. იოსებ ხახალეიშვილის განცხადება https://droa.ge/?p=117378 

  3. აუდიტის დასკვნა https://cutt.ly/CFGGtUJ