ჯეირან ომანაძე წყალტუბოს საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატი, წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და ბიზნესმენია. ის 2010-2014 წლებში საკრებულოს დეპუტატი იყო ნაციონალური მოძრაობიდან, 2014-2017 წლებში ქართული ოცნებიდან. ბოლოს ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ქართული ოცნებიდან.
მის საკუთრებაშია ორი კომპანია შპს როსტვერკი და შპს “ჯ და ჯ”. ამ კომპანიების საქმიანობის სფეროა: გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხიდების მშენებლობა/შეკეთება. ჯეირან რომანაძე ამ კომპანიების დირექტორიც არის.
2011-2022 წლებში ამ კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 43,935,970 ლარი მიიღეს. მათ შორის უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით მიღებულმა თანხამ 3,583,322 ლარი შეადგინა. მილიონობით ლარის მოგებული ტენდერებიდან კი ომანაძის კომპანიებს ჯერ თანხა სრულად არ ჩარიცხვია, ვინაიდან ისინი მიმდინარე ან ახლადდადებული ხელშეკრულებებია.
მონაწილეობამიღებული ტენდერების 75%-ში კომპანიებმა ან უკონკურენტოდ ან კონკურეტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია ისიც რომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი მმართველი პარტიის საკმაოდ მსხვილი შემომწირველიცაა, 2017-2021 წლებში მან მმართველ პარტიას ჯამში 120,000 ლარი შესწირა.
დეპუტატად გახდომის შემდგომ მისმა კომპანიებმა უკვე გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 11,017,147 ლარის ტენდერში. აქედან აღსანიშნავია 2 ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა და რომლის თანახმადაც გამარჯვებულ კომპანიას ევალებოდა 2025 წლის 3 თებერვლის ჩათვლით საქართველოში მე-3 და მე-4 სავტომობილო უბნებზე არსებული ხიდების მოვლა-შენახვა და საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაცია. ამ მიზნით გამოცხადდა 2 ტენდერი ჯამში 7.2 მლნ ლარის ღირებულების, რომლებშიც ჯეირან ომანაძის შპს როსტვერკმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯეირან ომანაძე მისი კომპანიის, შპს “ჯ & ჯ”-ს მიერ მოგებულ ტენდერებში ხშირად ქვეკონტრაქტორად იყვანს მისი ბიზნესპარტნიორის, ჯამბულ შუღლაძის კომპანიას, მაგალითად: 09/03/2022 წელს დადებულ 636,000-ლარიან ტენდერში ქვეკონტრაქტორად აიყვანა ჯამბულ შუღლაძის შპს “კომპანია ნიკედო”, აგრეთვე იმავე თარიღით გაფორმებულ (NAT220000908) 644,000-ლარიან ტენდერში ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს კომპანია ნიკედო. იგივე მდგომარეობა იყო ხონის მერიის გამოცხადებულ კიდევ ერთ, 739,000 ლარის ღირებულების ტენდერში (NAT220000909). როგორც ჩანს ეს პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს, ვინაიდან 2020 წლის ხონის მერიის 700,000 ლარიან ტენდერშიც (NAT200007558) აგრეთვე შპს ნიკედოა ქვეკონტრაქტორი.
შპს კომპანია ნიკედო ჯამბულ შუღლაძემ 2019 წლის მარტში დაარსა. 2020 წლიდან მან 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდან 4 -ში გაიმარჯვა, აქედან 3-ში – უკონკურენტოდ. ჯამში ამ 4 ტენდერიდან მან 247,827 ლარი მიიღო.
გარდა ამისა არის შემთხვევები, რომლებშიც ჯეირან ომანაძეს ქვეკონტრაქტორად აყვანილი ჰყავს თავისი მეორე კომპანია. მაგალითად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 214,533-ლარიან ტენდერში (NAT210015599) შპს ჯ & ჯ-მ ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს როსტვერკი, რომელიც ასევე ჯეირან ომანაძის კომპანიაა.
აღნიშნული სქემა სავარაუდოდ მიზნად ისახავს ჯეირან ომანაძესთან და მის ბიზნესპარტნიორთან დაკავშირებული სხვა კომპანიებისთვის (შპს კომპანია ნიკედო, შპს როსტვერკი) გამოცდილების დაგროვებას, რათა შემდგომში ამ კომპანიებითაც უპრობლემოდ მოხდეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ტენდერების აბსოლუტურად უმრავლეობაში გამოცდილების მოთხოვნა კომპანიებისთვის ერთ-ერთი არსებითი პირობაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსად ჯეირან ომანაძისა, წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატია აგრეთვე ჯამბულ შუღლაძის მეუღლე ირინე ცაავა.
საბოლოო ჯამში ჯეირან ომანაძისა და ჯამბულ შუღლაძის მაგალითი კარგად აჩვენებს სახელმწიფოსა და მსხვილი ბიზნესის კოლაბორაციას, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ტენდერების მოგებას ან პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე.
წყარო:
-
შპს “როსტვერკი” - 421268050
-
შპს “ჯ და ჯ” - 221269080
-
https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი
-
https://tskaltubo.gov.ge/sakrebulos-tsevrebi/ - წყალტუბოს საკრებულოს წევრები