
უკვე წლებია, რაც საპატრიარქო ყოველწლიურად ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. დაფინანსების მიზეზი წარსულში მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. თუმცა, ამ დრომდე არ არის დათვლილი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის XIX-XX საუკუნეებში მიყენებული ზიანის მოცულობა.
იქნებ უკვე საკმარისია? იქნებ ათასობით ახალი ეკლესია-მოანსტრის აშენებით უკვე სრულად ავანაზღაურეთ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში მათთვის მიყენებული ზიანი?
ბევრი უპასუხო კითხვა არსებობს, ერთი კი ცხადია: წლების განმავლობაში საპარტიარქო ფინანსდებოდა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სარეზერვო ფონდებიდან. და ეს დაფინანსება ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს კეთილგანწყობის მოპოვებას უფრო ემსახურება, ვიდრე ტოტალიტარიზმისგან მიყენებული ზიანის კომპენსირებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ 1991 წელს, სახელმწიფომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული ქონება.
2002 წელს კი კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული“, საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა.
რაც შეეხება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, ამთ ჯერ კიდევ არ დაბრუნებიათ საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების ნაწილი.
2013-2019 წლებში საპატრიარქო საშუალოდ ყოველწლიურად 29 მილიონ ლარს იღებდა სახელმწიფოსგან როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და სარეზერვო ფონდიდან. თუმცა ამჯერად არა თანხებზე, არამედ საპატრიარქოსთვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე ვისაუბრებთ.
სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი უფრო დიდია ვიდრე მონაკოს, ვატიკანის, ნაურუსა და ტუვალუს ფართობი ერთად აღებული და დაახლოებით ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.
TDI-ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²-მდე ფართობს მოიცავდა, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება, რომელიც 64.9 კმ²-ია.
ფლანგვის დეტექტორმა დაითვალა 2019-2021 წლებში გადაცემული ქონების მოცულობა.
3 წლის განმავლობაში საპატრიარქოს 3,476,416 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება გადაეცა, 47 მიწის ნაკვეთი ფართობით - 3,362,699 კვ.მ (3,36კმ²), 28 შენობა ნაგებობა რომლის ფართობმაც 7050 კვ.მ შეადგინა.
საპატრიარქოსთვის გადაცემულ ქონებებს შორის არა მხოლოდ ეკლესიები და რელიგიური შენობა-ნაგებობები, არამედ სხვა ქონებებიც არის. მაგალითად: 2021 წელს ეკლესიამ სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო მიწის ნაკვეთი, თბილისში პრესტიჟულ უბანში, ჭავჭავაძეზე. ნაკვეთის ფართობმა 480 კვ.მ შეადგინა. საქართველოს ეკლესიამ საკუთრების რეგისტრაციიდან მალევე გააფორმა იჯარის ხელშეკრულება. მოიჯარე არის შპს ვუკოლი 444, რომელისგანაც ეკლესია ყოველთვიურ შემოსავლს მიიღებს. საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კომპანია ვუკოლი 444-სგან ყოველთვიურად 1000 აშშ დოლარს (დაახ. 3200ლ.) გადაუხდის ეკლესიას 10 წლის განმავლობაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესია შემოსავალს იღებს სახელმწიფოსგან საჩუქრად მიღებულ ქონებაზე. ეკლესია ხშირად აფორმებს იჯარის ხელშეკრულებას სახელმწიფოსგან პრივატიზებულ ქონებაზე და ამით დამატებით შემოსავალს იღებს.
საქართველოს ეკლესიის ქონება წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ქონება, რომელსაც ეკლესია იღებს, სხვდასხვა ტიპისაა. ეს შეიძლება იყოს არასასოფლო სამეურნეო მიწა, მიწის ნაკვეთი პრესტიჟულ უბანში, შენობა-ნაგებობი და სხვა.
საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად გადაცემული ქონების პარალელურად საქართველოში ისეთი მწვავე პრობლემები არსებობს, როგორიც უსახლკარო ადამიანების არსებობაა ქვეყანაში. ამ მხრივ აღსანიშნავია EMC-ის 2018 წლის კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგარ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლა. ამ დრომდე არ აღრიცხულა უსახლკარო პირთა რაოდენობა და არ არსებობს შესაბამისი მონაცემთა ბაზა. ამასთანავე, არ უწარმოებიათ კვლევა სათანადო საცხოვრისის არქონის პრობლემის მასშტაბებისა და მისი მუდმივად მზარდი დინამიკის შესახებ.”
პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიის არ არსებობის ფონზე ბათუმში 2018 წელს 46 უსახლკარო ადამიანი იყო რეგისტრირებული, ხოლო თბილისში 2019 წელს 44 უსახლკარო ადამიანი იყო რეგისტრირებული. პარალელურად კი 2018-2019 წლებში საპატრიარქოს 509,022 კვ.მ მიწის ფართობი და 7,143 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობები გადასცეს.
წყარო
-
იჯარის ხელშეკრულება https://bit.ly/3DoRLWN
-
EMC კვლევა https://bit.ly/3IFE5rl
-
TDI კვლევა https://bit.ly/3JE2uPa
-
საპატრიარქოს ქონება https://bit.ly/3JRIt7K
-
საპატრიარქოსთვის გადაცემული მიწები 2019-2021 წლებში https://www.scribd.com/document
-
უსახლკაროთა ოდენობა თბილისში https://bit.ly/3qwJxpZ
-
უსახლკაროთა ოდენობა ბათუმში https://bit.ly/3ul0kgQ