2022 წლის თებერვალში ბათუმის მერიამ რამდენიმე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ბათუმის საკრებულოსთვის სხვადასხვა მომსახურების, სასმელი წყლისა და საოფისე ნივთების შეძენის შესახებ. თებერვალში 4 ელ.ტენდერი გამოცხადდა და ოთხივე შემთხვევაში უკვე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
3 თებერვალს ბათუმის მერიამ ტენდერი გამოცხადა ბათუმის საკრებულოსთვის ბაინდერების, საქაღალდეებისა და ფაილების შესაძენად. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1,496 ლარს შეადგენდა. ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავდა- შპს E-2010, შესაბამისად, გამარჯვებული სწორედ ეს კომპანია გახდა. ხელშეკრულება ახლა მზადდება და მისი ღირებულება 1,261 ლარი იქნება. კომპანია 2010 წლიდან არსებობს, საჯარო რეესტრის ამონაწერები კი 2016 წლის შემდეგ აღარ განახლებულა. ბოლო მონაცემების თანახმად, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ედნარ საკანდელიძეა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან ჩნდება, 2012-2022 წლებში მან 130-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება ნახევარ მლნ ლარს აღემატება (542,029).
მეორე ტენდერი 7 თებერვალს გამოცხადდა, ამჯერად ბათუმის მერიამ საკრებულოსთვის მინერალური წყლების შეძენა გადაწყვიტა და ამისთვის ბიუჯეტიდან 3,999 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა ბათუმის მერიას უნდა მიაწოდოს 1900 ბოთლი გაზირებული მინერალური წყალი და 3684 არაგაზირებული მინერალური წყალი. დოკუმენტაციაში ზუსტად არის გაწერილი სასმელი წყლის პარამეტრები, კერძოდ, გაზირებული მინერალური წყლის მინერალიზაცია 3-8 გ/ლ უნდა იყოს, ხოლო არაგაზირებულ წყალს უნდა ჰქონდეს ჰერმეტული თავსახური, ბრენდული ეტიკეტი, მისი წარმოება სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO სტანდარტების შესაბამისად. ტენდერს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა – აიდიეს ბორჯომი თბილისი, ხელშეკრულება სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან მზადდება, რომლის ღირებულებაც 3,597 ლარი იქნება. საჯარო რეესტრის 2021 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი გიორგი ერაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი, რომელიც ნიდერლანდებში, ანტილის კუნძულებზე არის რეგისტრირებული. შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოში ფილიალი აქვს - აიდიეს ბორჯომი საქართველო, რომლის დირექტორი ივანე მაჭავარიანია. აიდიეს ბორჯომი თბილისი 2012 წლიდან მონაწილეობს ელ.ტენდერებში, ჯამში კომპანიამ 2012-2022 წლებში 2,123,851 ლარი მიიღო.
შედეგი ელ. ტენდერი, რომელიც ასევე 7 თებერვალს გამოცხადდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შეძენას შეეხება. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 115,886 ლარია. ხელშეკრულება მათემოტორსთან მზადდება. მათემოტორსმა უნდა უზრუნველყოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. დღევანდელი მონაცემებით, მათემოტორსის დირექტორი ავთანდილ გელავაა, ხოლო 100%-იან წილს გელა ბარკალაია ფლობს. მათემოტორსთან ხელშეკრულება 101,979 ლარად გაფორმდება.
კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც საკრებულოსთვის გამოცხადდა საკანცელარიო საქონლის შეძენას ეხება. კერძოდ, ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 1,499 ლარი გამოყო იმისთვის, რომ საკრებულოს სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი შეუძინოს. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს კომპანია GEOSM-მ მიიღო, ხელშეკრულების მომზადებაც სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობს, მისი ღირებულება 1,081 ლარი იქნება. კომპანია 2010 წელს დაარსდა, ბოლო მონაცემებით თეიმურაზ ახობაძე დირექტორის თანამდებობას იკავებს, ამავდროულად ფლობს კომპანიის 100%-იან წილსაც. კომპანიამ 2011-2022 წლებში 2000-ზე მეტ ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 11 მლნ ლარს აღემატება (11,018,191).
ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, სადაც საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ეცნო და საკრებულოს თავმჯდომარე აერჩია, თუმცა პირველივე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ რამდენჯერმე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შეიკრიბა. საკრებულო დღემდე არ იკრიბება.
წყაროები:
-
NAT220002261- ბაინდერების, საქაღალდეების და ფაილების ელ.ტენდერი
-
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJ5cmpJ1d]0v5MRHLpxB9[a]e1l4tK0L1KOuk[uPQeMB -შპს E-2010
-
NAT220002485- მინერალური წყლის ტენდერი
-
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFP[7BNGBP9LK]z[ARPX0tg1R5tgoPLjeBqz9]0[UgkdL -შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი
-
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNYlC6PdesizLVM67Sy[GZ2iv0B46t1Pei86MNRteQTi -აიდიეს ბორჯომი საქართველო
-
NAT220002486- ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ტენდერი
-
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMY5HtuB02a8jtQPmxm1ADCWX6JSh1sJyKfORyq5i8JQ -მათემოტორსი
-
NAT220002487-საკანცელარიო საქონლის ტენდერი
-
https://www.tendermonitor.ge/ge/organization/30886 -შპს GEOSM-ის ტენდერები
-
https://droa.ge/?p=121594 -საკრებულო 3 დეკემბერს უნდა შეკრებილიყო