ყინულის არენისა და აუზის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვიდან 4 წლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა პროექტის სავარაუდო ფასის დადგენას ცდილობს.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო მშენებლობა ჯერაც დაუსრულებელია. რამდენიმე დღის წინ, 2022 წლის 7 თებერვალს კი აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის სავარაუდო ღირებულება კი 630,000 ლარია.
ისტორია ჯერ კიდევ 2014 წელს იწყება, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოში, ბათუმში ჩატარდებოდა. ბათუმის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა სამზადისის დაწყება და ოლიმპიადის გასამართ სივრცეზე დაიწყო ფიქრი.
ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად შენობის აშენება გახდა საჭირო, რისთვისაც 2017 წლის 18 ივლისს ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი შპს სტადიონის მიერ გამოცხადდა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული იურიდიული პირია, თუმცა პირველ ცდაზე ტენდერი არ შედგა და ტენდერის მეორედ გამოცხადება გახდა საჭირო. მეორე ცდაზე ტენდერი შედგა და მასში ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე კომპანიამ, შპს საბა კონსტრაქშენმა გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოების განხორციელება შპს სტადიონს 61,977,777ლარად შესთავაზა.
თუმცა მოგვიანებით, როდესაც სპორტის სასახლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, გამომდინარე იქედან, რომ გაიზარდა ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნებისა და მონაწილეთა რაოდენობა, საჭირო გახდა სპორტის სასახლის მახლობლად დამატებითი ფართის აშენება, რათა არ მომხდარიყო ოლიმპიადის მიმდინარე პროცესის გახლეჩა.
აჭარის მთავრობამ გამოსავალი მარტივად იპოვნა და გადაწყვიტა, რომ ტენდერის გამოცხადების გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ. თავად სპორტკომპლექსი კი ყინულის არენისა და აუზის მშენებლობას ითვალისწინებდა.
ოლიმპიადამდე ბევრი დრო აღარ იყო დარჩენილი, ამიტომ 2018 წლის 28 თებერვალს გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმდა 19,990,002 აშშ დოლარი ღირებულების სამმხრივი ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსათა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს სტადიონსა და Westincor limited-ის საქართველოს ფილიალს- ვესთინკორ ლიმითედ საქართველოს შორის.
მხარეებს შორის დადებული 19,990,002 აშშ დოლარი ღირებულების ხელშეკრულება ყინულის მოედნისა და საცურაო აუზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სრულად განხორციელებას ითვალისწინებდა.
საჭადრაკო ოლიმპიადა ქალაქ ბათუმში 2018 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და წლის 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ოლიმპიადაში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ოლიმპიადის დასრულების შემდგომ მალევე, 2019 წლის აპრილში, ყინულის არენის მშენებლობაც უნდა დასრულებულიყო.
თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც 19,990,002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს წინასწარ ავანსის სახით გადაეცა 3,998,000 ლარი, ხოლო საბანკო გარანტიის სახით 999,500. თუმცა კომპანია, როგორც მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, მუდმივად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, რის შედეგადაც 2020 წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსათა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, უკან იქნა გამოთხოვილი ავანსი და საბანკო გარანტია.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან თითქმის 22 თვის შემდეგ გამოცხადდა მომდევნო ტენდერი, რათა სამუშაოები დასრულება მომხდარიყო. თუმცა სამუშაოების დასრულების სამშენებლო სამუშაოებთან ერთად საჭირო გახდა ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაც.
აღსანიშნავია, რომ სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელიც ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობას მოიცავდა უკვე მე-5 წელია გრძელდება. მიუხედავად გამოყოფილი და დახარჯული თანხებისა, კვლავ უცნობია, როდის სადრულდება მშენებლობა.
საინტერესოა, რომ მსოფლიოში ცნობილი ცათამბჯენების ასაშენებლად ბევრად უფრო ნაკლები დრო დაიხარჯა, ვიდრე ბათუმში სპორტკომპლექსის ასაშენებლად.
წყარო:
-
ტენდერი 1 NAT170008288
-
ტენდერი 2 SPA170011114
-
ტენდერი 3 CMR180064915
-
ტენდერი 4 CNT220000003
-
CNN travel https://cnn.it/368znVf
-