საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 6 თებერვალს მიიღო დადგენილება, რითაც მუნიციპალიტეტებს განუსაზღვრა სამსახურეობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო მანქანების რაოდენობა. ამ დადგენილების თანახმად ზუგდიდის მერიისთვის რეკომენდირებული იყო 8-10 სამორიგეო მანქანის ყოლა. მიუხედავად იმისა რომ ეს დადგენილებას სარეკომენდაციო ხასიათისაა, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საგრძნობლად გადააჭარბა ავტოპარკის დადგენილ ზღვარს, კერძოდ: 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, ემსახურებოდა 22 სამორიგეო და 169 კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანა.
აღსანიშნავია, რომ ამ მანქანებით სარგებლობისას გამართულად არ მუშაობდა ე.წ “აგაი” სისტემა, რისი მეშვეობითაც ხდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული მანქანების კონტროლი, თუ რა რაოდენობის საწვავი მოიხმარეს მათ (სპეციალური ჩიპები მაგრდება ბენზინის ავზზე). ეს ჩიპები 11 ავტომანქანაზე იყო არასწორად მიმაგრებული, ხოლო 6-ზე საერთოდ არ იყო დამაგრებული. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც “აგაი” ჩიპი ჰქონდა მანქანებს, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 44 მანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა. ამ 44 ავტომანქანამ ჯამურად მოიხმარა 145,100 ლარის საწვავი.
საბოლოო ჯამში 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიის მიერ გამოყენებული 191 მანქანის საწვავში დაიხარჯა 601,200 ლარი, საიდანაც 145,100 ლარი იმ 44 მანქანის საწვავს მოხმარდა, რომლებმაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე უფრო მეტი რაოდენობის საწვავი ჩაასხეს, რაც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე. შესაბამისად მინიმუმ 145,100 ლარის საწვავი სრულიად უკონტროლოდ იქნა მოხმარებული სამორიგეო თუ კერძო პირების ავტომობილების მიერ.
აღსანიშნავია ისიც რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის (ნაწილების გამოცვლა, ტექნიკური შეკეთება,რეცხვა და ა.შ) დაიხარჯა 150,600 ლარი, საიდანაც 139,390 ლარი უკონკურენტო ტენდერში მიიღო შპს ანდრია მოტორსმა. ამ კომპანიამ 2021 წლის არჩევნების წინ მმართველ პარტიას 1,000 ლარი შესწირა.
სოციალური პროგრამები
საყურადღებოა ზუგდიდის მერიის მიერ 2019-2020 წლებში საწვავში დახარჯული თანხების შედარება მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ პროგრამასთან.
შედარებისთვის, 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიამ საწვავზე 2-ჯერ ნაკლები (298,811 ლარი) დახარჯა 280 ბენეფიციარის უფასო კვებისთვის (2019 -140,600, 2020- 158,211), რაც გულისხმობს ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით ამ ადამიანების დღეში ერთხელ გამოკვებას.
ხოლო 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვთა სოციალური დახმარების ქვეპროგრამაში, რაც გულისხმობს მათთვის ერთჯერადი 200-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას წლის განმავლობაში, 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიამ 120,100 ლარი დახარჯა, რაც 5-ჯერ ნაკლებია იმავე წლებში საწვავში დახარჯულ თანხებთან შედარებით.
წყარო:
-
419994108 - შპს ანდრია მოტორსი
-
220418956 - ზუგდიდის მერია
-
https://tenders.procurement.gov.ge/# - შესყიდვების საიტი
-
55500000 - სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება (კატეგორია)
-
50112000 - მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (კატეგორია)
-
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5075316?publication=0 - ზუგდიდის ბიუჯეტი
-
https://cutt.ly/5Or9wlN - აუდიტის დასკვნა
-
https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/11533 - შემოწირულობა
-