2020 წელს თბილისის მერიამ მეტროსადგური ავლაბარის არქიტექტურის, ინტერიერ-ექსტერიერის შეცვლა გადაწყვიტა და ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მერიას დღემდე არ აქვს მეტროსადგურის არქიტექტურული დიზაინი.
მეტროსადგურების რეაბილიტაციის გაჭიანურებული პროცესები სიახლეს არ წარმოადგენს. მეტროსადგური გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა, ვარკეთილის რეაბილიტაცია კი 2015 წელს, თუმცა არც ერთი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებული არ არის და ამასთანავე უკვე თვეებია, რაც მოსახლეობას შეზღუდული აქვს აღნიშნულ სადგურებზე გადაადგილება.
როგორც ჩანს დაუსრულებელი რეაბილიტაციის მქონე მეტროსადგურთა სიას ავლაბარიც შეემატება. თბილისის მერიამ 2020 წელს ავლაბარის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შეცვლა გადაწყვიტა, რის შედეგადაც მერიის საკუთრებაში მყოფმა “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” ივნისში ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა, რის შედეგადაც “შპს ვეგა+”-მა გაიმარჯვა. კომპანიასთან 144,444 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიას 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოემზადებინა. თუმცა მერია დღესაც ავლაბარის არქიტექტურული დიზაინის პროექტი გარეშეა.
“შპს ვეგა”-მ ვერ უზრუნველყო სამუშაოების დროულად დასრულება. ვადასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები 7-ჯერ შევიდა. ბოლო ცვლილების თანახმად კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 2021 წლის 10 სექტემბრამდე მიეცა ვადა, თუმცა ისევ უშედოგოდ.
7 უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2021 წლის 21 სექტემბერს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. შესყიდვების სააგენტომ კი კომპანია შავ სიაში 3 თვის შემდეგ, 2021 წლის 21 დეკემბერში შეიყვანა.
შავ სიაში შეყვანის წერილით მიმართვიდან, უშუალოდ შავ სიაში რეგისტრაციამდე კომპანიამ რამდენიმე ტენდერში მონაწილეობის მიღება და ხელშეკრულების გაფორმება მოასწრო. ამ დროის შუალედში კომპანიამ ზუსტად 3 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 133,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
ამავდროულად ხელშეკრულების შეწყვეტიდან უკვე 3 თვეზე მეტი გავიდა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ახალი ტენდერი ჯერაც არ გამოუცხადებია.
თუმცა ავლაბარის რეაბილიტაციის ისტორია არა 2020 წლიდან, არამედ 2015 წლიდან დაიწყო, როდესაც სატრანსპორტო კომპანიამ სარეაბილიტაციო-საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. 2016 წლის აგვისტოში სატრანსპორტო კომპანიას უკვე ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები და საჭირო იყო უშუალოდ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.
2017 წლის ივნისში სატრანსპორტო კომპანიამ როგორც მოსალოდნელი იყო გამოაცხადა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 604,072 ლარი იყო, ტენდერში 4 კომპანია იღებდა მონაწილეობას, საიდანაც 2, ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიის დისკვალიფიკაცია განხორციელდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, რის შედეგადაც გაიმარჯვა შპს ყვარელრემმშენმა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიას სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 579,754 ლარის სანაცვლოდ 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანია სამუშაოები დროულად ვერ დაასრულა. ხელშეკრულებაში დავებთან დაკავშირებით ცვლილება 5-ჯერ შევიდა, ბოლო ცვლილების თანახმად სამუშაოების დასრულების ვადამ 2019 წლის თებერვლამდე გადაიწია, თუმცა ყვარელრემმშენმა დროულად ისევ ვერ შეასრულა სამუშაოები, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წლის 9 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს მიმართა კომპანიის შავ სიაში შეყვანის თხოვნით.
წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შესაბამის დროში ვერ დაასრულა სამუშაოების სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება, ამის შემდგომ სამუშაოების ბოლომდე დასასრულებლად მერიას ტენდერი აღარ გამოუცხადებია.
2020 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა არა რეაბილიტაციის სამუშაოების დასასრულებლად, არამედ მეტროსადგური ავლაბარის ახალი ინტერიერ-ექსტერიერის შესაქმნელად.
წყარო:
-
შესყიდვები, მეტროსადგური ავლაბარი https://cutt.ly/lI3Phh1
-
მეტროსადგური გოცირიძე https://cutt.ly/ZI3PRT2
-
შპს ვეგა+ 445451001