ჩოხატაურში ქართული ოცნების დამაარსებლის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 654 ათასი ლარი მიიღეს

1966 წელს დაბადებული გოჩა თოდრია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. იგი ორ კომპანიას ფლობს: შპს სავანეს და შპს G&G-ს. აღნიშნული კომპანიები სამშენებლო/სარებალიტაციო სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის გზების სამშენებლო სამუშაოებს. 

აღსანიშნავია მისი პოლიტიკური საქმიანობაც: 2012 წელს გოჩა თოდრია იყო ერთ-ერთი, ვინც ჩოხატაურში პარტია ქართული ოცნება დააარსა. ამის შემდეგ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი სოფელ ხევის მაჟორიტარიც გახდა ქართული ოცნებიდან ჩოხატაურის საკრებულოში.

სწორედ 2012 წლის შემდგომ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მან აქტიურად დაიწყო სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვება საკუთარი კომპანიებით. აღსანიშნავია, რომ ათიათასობით ლარის შესყიდვებს გოჩა თოდრია იღებდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისგან, რომლის საკრებულოს დეპუტატიც იყო.

სახელმწიფო შესყიდვები გოჩა თოდრიას კომპანიებთან მორგებული პირობებით  ფორმდებოდა, კერძოდ  2012-2016 წლებში მასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა 443,300 ლარის ტენდერი გააფორმეს, აქედან 365,900 ლარის ტენდერი მასთან ჩოხატაურის მერიამ გააფორმა, რომლის საკრებულოს წევრიც იყო 2014-2017 წლებში. 2012-2016 წლებში თოდრიას კომპანიასთან ასევე განხორციელდა 66,886 ლარის გამარტივებული შესყიდვა, საიდანაც 53,400 ლარის შესყიდვა ჩოხატაურის მერიამ განახორციელა. მოგებული 16 ტენდერიდან 9-ში თოდრიას კომპანიამ ან უკონკურენტოდ, ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა, რისთვისაც ჯამში 323,709 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

საბოლოო ჯამში ჩოხატაურში ქართული ოცნების ერთ-ერთი დამაარსებლისა და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი წევრის კომპანიამ, შპს “G&G”-მ, 2012-2016 წლებში ბიუჯეტიდან 510,200 ლარი მიიღო, საიდანაც 390,595 ლარი მას ან უტენდეროდ ან ტენდერში უკონკურენტოდ/კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამარჯვების შედეგად გადაეცა. აგრეთვე, ამ 510,200 ლარიდან თოდრიას კომპანიას 419,300 ლარი ჩოხატაურის ბიუჯეტიდან გადაეცა.

2016 წლის შემდეგ გოჩა თოდრია შპს “G&G”-თი ტენდერებში მონაწილეობა აღარ მიუღია. მან 2016 წელს ახალი კომპანია შპს “სავანე” დააარსა, რომლითაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა გააგრძელა. ის შემსყიდველებს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურებას სთავაზობს. 2020-2021 წლებში ამ კომპანიამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტენდერები მოიგო, ჯამში 73,444 ლარის ღირებულებით, აგრეთვე, ამავე პერიოდში მასთან 70,207 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა ტენდერში ის კონკურენტის გარეშე იყო.


შპს “სავანეს” შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტები იყვნენ, რომლებიც ქუჩების ბეტონის საფარით მოპირკეთებისა და სხვადასხვა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აფორმებდნენ ხელშეკრულებებს თოდრიას კომპანიასთან.

საბოლოო ჯამში შპს “სავანეთი” გოჩა თოდრიამ ბიუჯეტიდან 143,651 ლარი მიიღო, მათ შორის ამ თანხის ნახევარი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო მეორე ნახევარი უკონკურენტო პირობებში მოგებული ტენდერების გზით.

დასკვნა:

ჩოხატაურში ქართული ოცნების დამაარსებლისა და ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის კომპანიებმა 2012-2021 წლებში ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 653,850 ლარი მიიღეს, აქეან 534,246 ლარი (ე.ი 82%) გოჩა თოდრიას კომპანიებს უტენდეროდ ან ტენდერში უკონკურენტოდ/კონკურენტის დისკვალიფიკაციით გამარჯვების შედეგად გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ 653,850 ლარიდან 419,300 ლარი მის კომპანიებს ჩოხატაურის ბიუჯეტიდან მისცეს 2012-16 წლებში. 2012 წელს მან ჩოხატაურში პარტია ქართული ოცნება დაარსა, ხოლო 2014 წელს ჩოხატაურის საკრებულოში სოფელ ხევის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ქართული ოცნებიდან.

მისი კავშირები მმართველ პარტიასთან და მორგებული პირობებით მოგებული ტენდერების განსაკუთრებით დიდი ოდენობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მის კომპანიებს სასათბურე პირობები აქვთ შექმნილი.


წყარო:

  1. 241997719 - შპს სავანე

  2. 441993452 - შპს “G&G”

  3. https://old.newposts.ge/?newsid=150531-%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90 - თოდრიას პროტესტი ჩოხატაურში

  4. https://www.facebook.com/profile.php?id=100006959749200 - თოდრიას ფბ

https://tenders.procurement.gov.ge/