ბათუმის მერია საახალწლო განათებებში ნახევარი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის, ვიდრე სოცდაუცველების სასაჩუქრე კალათაში

ყოველ წელს შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერია მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს გადასცემენ სასაჩუქრე კალათებს. ცხადია ტრადიცია არც 2021 წელს დარღვეულა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერები სასაჩუქრე კალათების შესყიდვის მიზნით. ახალ წელს სხვადასხვა ტერიტორიაზე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პირები განსხვავებულ სასაჩუქრე კალათებს მიიღებენ. მუნიციპალიტეტები საჩუქრების შესაძენად განსხვავებულ თანხებს ხარჯავენ, შესაბამისად კალათში მოთავსებული პროდუქტებიც განსხვავებულია. 

ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა თუ რამდენს ხარჯავენ თვითმმართველი ქალაქები სოც. დაუცველი /შეჭირვებული მოქალაქეების საახალწლო ნობათში. 4 თვითმმართველი ქალაქიდან (ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი) ყველაზე ნაკლებს ერთეული კალათის შესაძენად ბათუმის მერია ხარჯავს.

ბათუმის მერიის სასაჩუქრე კალათი ყველაზე მოკრძალებულად გამოიყურება. შაქარი, ზეთი, შოკოლადისა და კარამელის კანფეტი და ფქვილი, სწორედ ამ პროდუქტებით დაკომპლექტა 7620 კალათა, რომელთა შეძენასაც ბათუმის მერია ჯამში 168,550 ლარად აპირებს. შესაბამისად ერთეული კალათის ფასი ბათუმის შემთხვევაში 22 ლარია. 

მოკრძალებულია  რუსთავის მერიის სასაჩუქრე კალათაც, რომელიც 720 სასაჩუქრე კალათის შეძენას 26,877 ლარად აპირებს. შესაბამისად, ერთეული კალათა რუსთავის მერიას 37.3 ლარი უჯდება. განსხვავებით სხვა ქალაქებისაგან,  რუსთავის მერიამ გადაწყვიტა სასაჩუქრე კალათა მხოლოდ ტკბილეულით დაეკომპლექტებინა. ორცხობილა, კრუასანი, შოკოლადი, ბისკვიტი. რუსთავის ტერიტორიაზე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოქალაქეები ახალ წელს მხოლოდ 37 ლარის ღირებულების ტკბილეულით შეხვდება.

ქუთაისის მერია, რომელიც ჯამში 6,000 კალათის შეძენას 237,600 ლარად აპირებს. 2000 კალათა გადაეცემა სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ბავშვების საახალწლო ნობათში მხოლოდ ტკბილეული იქნება განთავსებული. ბავშვებისთვის გათვალისწინებული ტკბილეულის ერთეული კალათის ღირებულება 11 ლარი იქნება. 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 4000 ბენეფიციარი თბილისისგან განსხვავებით სასაჩუქრე კალათში ვერ მიიღებს შემდეგ პროდუქტებს: თაფლი, წიწიბურა, მდნარი ყველი, ბრინჯი, ვერმიშელი, ჩაი, ბარდა, ლობიო, შოკოლადის კრემი, კარამელის კანფეტი, ხრაშუნა ვაფლის ტორტი. რაც არ არის გასაკვირი რადგან ერთეული კალათის ღირებულება მხოლოდ 53.9 ლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ 4 მუნიციპალიტეტიდან, თბილისის მერია ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სასაჩუქრე ნობათის შესაძენად. ზოგადად, თბილისის მერიის ბიუჯეტი მკვეთრად აღემატება დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს. 2021 წელს თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს აღემატებოდა. 

თბილისის მერია საახალწლოდ 3,047,630 ლარს ხარჯავს 33,870 სასაჩუქრე კალათის დასამზადებლად. ტენდერები უკვე ათივე რაიონში გამოცხადდა. 10 რაიონიდან 7 რაიონში 1 კალათის ღირებულება 100 ლარია, ხოლო 3 რაიონი თითოეულ კალათაში 100 ლარზე ნაკლების დახარჯვას აპირებს. 

კალათების ღირებულება რაიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: სამგორის რაიონი 78 ლარს დახარჯვას აპირებს  1 კალათის შესაძენად,  ნაძალადევის გამგეობა - 72 ლარს, ხოლო გლდანის გამგეობას 1 კალათის შესაძენად 69.5 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

თბილისის 10 რაიონის მასშტაბით ძირითადად ყველა მოქალაქე ერთი და იგივე შემადგენლობის სასაჩუქრე კალათს მიიღებს, გამონაკლისია გლდანის მერია. გლდანში მცხოვრები 5,500 ბენეფიციარის სასაჩუქრე კალათაში განთავსებული არ იქნება გაყინული ქათამი, ხოლო თბილისის სხვა რაიონებში მცხოვრები 28,370 ბენეფიციარის საახალწლო სუფრაზე ქათამიც იქნება განთავსებული. 

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი თვითმმართველი ქალაქებია. მათი ბიუჯეტი უდიდეს შემთხვევებში მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს. თუმცა, მიუხედავად ამისა, უფრო მცირე ბიუჯეტის პირობებშიც კი კონკრეტული მუნიციპალიტეტები უფრო მეტს ხარჯავენ საახალწლო სასაჩუქრე კალათის შესაძენად ვიდრე ქუთაისის, რუსთავის ან ბათუმის მერია.  

მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტის მერია ერთეული კალათის შეძენას 61.7 ლარად გეგმავს, ის უფრო მეტს იხდის ვიდრე ქუთაისის, ბათუმის ან რუსთავის მერია, მაშინ როდესაც თელავის მერიის ბიუჯეტი 2021 წელს 23,275,600 ლარი იყო, ბათუმის - 151,000,000 ლარი, რუსთავის მერიის - 50,603,200 ლარი,  ხოლო 75,188,200 ლარი. 

ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად უნდა აღინიშნოს წლიური ინფლაციაც. მხოლოდ 2021 წელს ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,8% იყო. 15 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 12 სურსათს მიეკუთვნება. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა, ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა, შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა სასაჩუქრე კალათის მიმღებმა პირებმა, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ შეძლონ საახალწლო სუფრის გამრავალფეროვნება.  მათი საახალწლო მენიუს მთავარი კომპოტენტები სწორედ მერიისგან საჩუქრად მიღებული კალათა იქნება, მაგრამ კალათების შემადგენლობიდან გამომდინარე რთულია, იმის წარმოდგენა თუ რისი მომზადებას შეძლებენ ბენეფიციარები მიღებული პროდუქტებით.  

აქვე, საინტერესოა რომ ახალი წლის მოახლოებასთნ ერთად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არც თუ ისე ნაკლები თანხა იხარჯება ქალაქების საახალწლო განათებებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში ყოველწლიურად ხდება ახალი განათების შეძენა, უფრო რაციონალური იქნებოდა რომ ყოველ წელს ახალი გირლიანდის შეძენის ნაცვლად აღნიშნული თანხა დახარჯულიყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა სოციალურ საჭიროებებზე. აღნიშნული ფაქტის საილუსტრაციოდ ორი ქალაქის, ბათუმისა და თბილისის, საახალწო განათებებში დახარჯული თანხა შეიძლება განვიხილოთ.

მაგალითად: ბათუმის მერია 2021 წელს ქალაქის საახალწლო განათებებსა და მასთნ დაკავშირებულ სამუშაოებში 699,910 ლარს დახარჯავს. სახ. შესყიდვა ა(ა)იპ საქალაქო ინფსრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. აღნიშნული თანხა დაიხარჯება როგორც 2021 წლის, ასევე 2022 წლის ბათუმის ბიუჯეტიდან. აქვე,  საინტერესოა, რომ ბათუმის მერიამ 2020 წელსაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (500,393 ლარი) დახარჯა ქალაქის ქუჩების საახალწლო მორთულობაზე. კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ გახდა საჭირო მეორე წელს ზედიზედ ნახევარ მილიონ ლარზე ლარზე მეტის დახარჯა განათებებში? 

საახალწლოდ განათებული ქალაქის პარალელურად, ბათუმის მერიაში მცხოვრები ბენეფიციარები ყველაზე ღარიბული საახალწლო კალათით შეხვდებიან ახალ წელს. კალათში, რომელშიც მერია მხოლოდ 22 ლარს ხარჯავს, განთავსებული იქნება: 1 კგ შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, 600 გრამი კანფეტი, 1 კგ ფქვილი.  

ხოლო, რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს. თბილისის მერიას სოც. დაუცველი და უკიდურესად სიღარიბეში მყოფი ბენეფიციარებისთის საშუალოდ 91 ლარს იხდის საახალწლო კალათაში. 

თბილისში რეგისტრირებული 37,693 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახიდან მხოლოდ 35,295 ადამიანი მიიღებს საახალწლო კალათას. აქვე, აღსანიშნავია რომ თბილისის მერია ყოველწლიურად ახალ განათებებს იძენს ქალაქის საახალწო გაფორმებისთვის. 2021 წელს თბილისის მერიის კომპანიამ 240,000 ათასი ლარი მხოლოდ საახალწლო გირლიანდებში დახარჯა, რომელიც 2020 წელს 419,840 ლარად უკვე შეიძინა. 2021 წელს გირლიანდებში დახარჯული თანხით დამატებით დაახ. 2600 კალათის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი.

მუნიციპალიტეტების მიერ საახალწლო კალათებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და მასთან დაკავშირებული დეტალები იხ. დანართ 1-ში.



* შენიშვნა

 

  1. სახელმწიფო შესყიდვებში მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი კალათების ფასის ჯამური ოდენობა შეიძლება შეიცვალოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით;

 

დანართი 1

 

მერია

ბიუჯეტი

ერთეული კალათის (სავარაუდო) ღირებულება

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა (ნოემბრის მონაცემები)

კალათების რაოდენობა

თბილისი

1,050,302,000

100

37,693

35,295

ქუთაისი

75,188,200

53.9

3,231 

4,000

რუსთავი

50,603,200

37.3

3,814

720

ბათუმი

151,000,000

22

5,185

7620

თელავი

23,275,600

61.7

1,006

545

 

წყარო:

 

  1. მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული საახ. კალათების შეძენის დეტალები/ცხრილი: https://www.scribd.com/document

  2. რუსთავის ბიუჯეტი https://cutt.ly/6YLhp7C 

  3. ქუთაისის ბიუჯეტი https://cutt.ly/CYLhbch 

  4. თბილისის ბიუჯეტი https://cutt.ly/DYLhTaA 

  5. თელავის ბიუჯეტი https://cutt.ly/6YLhPV1 

  6. ბათუმის ბიუჯეტი https://cutt.ly/fYLhG5Z 

  7. შემწეობის მიმღებთა რაოდენობა https://cutt.ly/HYLhBAg 

  8. ინფლაციის მაჩვენებელი https://bit.ly/3Dgf8Rh 

  9. ცხოვრების დონე საქართველოში https://cutt.ly/XYnymbn 

  10. სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფი: NAT210020786

  11. სახელმწიფო ტენდერის კოდი, შპს თბილსერვის ჯგუფი: NAT210007126

  12. სახელმწიფო ტენდერის კოდი,  ა(ა)იპ საქალაქო ინფსრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო: NAT210021956

  13. სახელმწიფო ტენდერის კოდი,  ა(ა)იპ საქალაქო ინფსრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო: NAT200017014