ახალი წლის აღნიშვნა თბილისს 4.8 მიოლნი ლარი უჯდება

შობა-ახალი წელი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე აღნიშვნადი და ამავდროულად ხარჯიანი პერიოდია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, თბილისის მერია წელსაც მილიონობით ლარს ხარჯავს ქალაქის ქუჩების მორთვაში და თბილისელების საახალწლო განწყობის შექმნაში. ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა თუ რამდენს დახარჯავს თბილისის მერია 2022 წლის საახალწლო სამზადისში და რამდენი დაუჯდება ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქს.

უნდა აღინიშნოს რომ ახალი 2022 წლის შობა-ახალი წლის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულ გასული წლების ხარჯებს. წელს თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებსა და ქალაქის მორთულობაში ჯამში 4,848,320 ლარს დახარჯავს. 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდიდან ვგებულობთ 2022 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებისთვის თბილისის მერია 3,556,000 ლარს დახარჯავს. აღნიშნული ღონისძიებები ქალაქში 24 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო ქალაქის გახსნისა და დახურვის ღონისძებების ხარჯი 1,155,500 ლარია; 1,674,000 ლარი დაიხარჯება საახალწლო ქალაქის დეკორაციებსა და მუსიკალურ აქტივობებში; 470,500 ლარი დაიხარჯება საბავშვო-გასართობ აქტივობებში, ხოლო 256,000 ლარი თბილისის საშობაო ბაზრისთვის გამოიყოფა.

დამატებით 541,000 ლარის დახარჯვა იგეგმება 8 იანვრიდან-14 იანვრის პერიოდში, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე  გამართულ საახალწლო ღონისძიებებში. სადაც ასევე მოეწყობა "თბილისის საშობაო ბაზარი". 

თბილისის მერია ჯამში 4,097,000 ლარს დახარჯავს აღნიშნულ ღონისძიებებში, რასაც გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს. როგორც თბილისის მერია განმარტავს გადაუდებელი აუილებლობით შესყიდვა განპირობებილი იყო ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა.

რაც შეეხება თავად კონცერტების ტრანსლაციას, მერია ამ მიმართულებითაც ხარჯავს თანხებს. 2022 წლის დადგომასთან დაკავშირებული საახალწლო ღონისძიების სატელევიზიო პირდაპირი ეთერით გადაცემის მომსახურებების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოცხადდა, რომელიც მომსახურების გაწევის სანაცვლოდ 122,000 ლარს მიიღებს.

100,000 ლარის დახარჯვას გეგმავდა  მერია საახალწლო ფოიერვერკებში. ტენდერი, ქალაქ თბილისში, ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სპეცეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების შესასყიდად 12 დეკემბერს გამოცხადდა. უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიაც, რომელიც  84,700 ლარად უზრუნველყოფს საახალწლოდ განწყობის შექმნას. 

შესაძლოა, ახალი წელი ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლების გარეშე რთული წარმოსადგენია, თუმცა მნიშვნელოვანია თანმდევი საფრთხეების გააზრება, რომელიც მათ გამოყენებას ახლავს თან, არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ცხოველებისა და ფრინველებისთვის. 

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დამდგარი პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გარკვეულ ქვეყნებში მათი გამოყენება იკრძალება. მაგალითად გერმანიაში გარემოსა და მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციამ (DHU), ჯერ კიდევ 2019 წელს, 100 ქალაქი გამოარჩია, სადაც დენთიანი ასაფეთქებლების გამოყენება აკრძალა, ხოლო ახალი წლის აღსანიშნავად პიროტექნიკის ნაცვლად ლაზერების, სინათლის და სხვა მულტიმედიურ შოუბის გამოყენება გადაწყვიტა.  

საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად  2021 წელს ახალი წლის ღამეს 51 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2020 წელს – 81 ადამიანი. 

რაც შეეხება თავად საახალწლო გარემოს, ტრადიციულად თბილისის მერია ქუჩების მოსართავად და გასანათებლად წელსაც ხარჯავს  თანხებს. საახალწლო განათება, აქსესუარები და დეკორაციები წელს მერიას 444,530 ლარი უჯდება. მათგან 105,800 ლარი დახარჯა საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებელის შესაძენად, ხოლო მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის განახლება 64,000 დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ ნაძვის ხე 2020 წელსაც განაახლა მერიამ, რაშიც 103,850 ლარი დახარჯა. 

და ბოლოს მერია თბილისის მოქალაქეებს ახალ წელს ვიდეო რგოლითაც მიულოცავს. 97,090 ლარს იხდის მერია მოსახლეობისთვის ახალი წლის მისალოცი ვიდეო რგოლის - „თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს“ დასამზადებლად, რომლის ხანგრძლივობაც 40-დან 120 წამამდე იქნება. როგორც სატენდერო დოკუმენტებში წერია ახალი წელი ასოცირდება ზეიმთან, სიახლეებთან, ბედნიერებასთან, ოჯახთან, მოგზაურობასთან, კაშკაშა და დაუვიწყარ ემოციებთან. ვიდეორგოლის მიზანი კი  თბილისის მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაა.

თუმცა რამდენად ქმნის საახალწლო მორთულობა, მისალოცი ვიდეო რგოლი და კონცერტები ახალი წლის საზეიმო განწყობას, მაშინ როდესაც თბილისის მასშტაბით 129,716 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და საარსებო შემწეობას იღებს და მათგან  49,633 არასრულწლოვანია? როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი 12,5%-ია და მხოლოდ სურსათის პროდუქტებზე ფასები 18.4%-ით გაიზარდა? როდესაც covid 19-ით ქვეყანაში მხოლოდ დეკემბრის თვეში 1,603 ადამიანი გარდაიცვალა, საშუალოდ დღეში  კი  64 ადამიანი კვდებოდა?

აქვე საინტერესოა, რა თანხას ხარჯავენ ყოველწლიურად სხვა ქვეყნები საახალწლო განათებებისთვისა და ილუმინაციებისთვის. 

მაგალითისთვის შეგვიძლია ფინეთის დედაქალაქი, ჰელსინკი განვიხილოთ. პირველ რიგში, ჰელსინკი საინტერესოა იმ კუთხით, რომ თბილისისა და ჰელსინკის მოსახლეობა საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. 

2021 წლის მონაცემების მიხედვით, ჰელსინკიში 1,316,757 ადამიანი ცხოვრობს, იგივე წლის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა 1,079,000 შეადგენს. 

რაც შეეხება ბიუჯეტს, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ფინეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, შესაბამისად ჰელსინკისა და თბილისის ბიუჯეტის შედარება მოცემულ შემთხვევაში არარელევანტური იქნება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ფინეთი იმ ქვეყნების ტოპ სამეულში შედის, სადაც კორუფციის დონე საკმაოდ დაბალია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორმა” ჰელსინკის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანხა დაიხარჯა 2021 წლის საშობაო და საახალწლო განათებებისთვის ჰელსინკიში.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჰელსინკის მერია საახალწლო და საშობაო განათებებისა და ილუმინაციებისთვის 300,000 ევროს ხარჯავს, რაც ევროს დღევანდელი კურსის მიხედვით 1,046,874 ლარს შეადგენს. 

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის დედაქალაქის მერია წლიურად 1,046,874 ლარს ხარჯავს ქალაქის განათებებსა და ილუმინაციებზე მაშინ, როდესაც თბილისის მერიამ 3 მილიონზე მეტი მხოლოდ ნაძვის ხეში გადაიხადა და ყოველწლიურად ათასობით ლარს ამატებს განათებებისა და ნაძვის ხის ტოტების დამატებისთვის. 

 

წყარო:

 

  1. მერიის შესყიდვები და პასუხი https://cutt.ly/zUbNHHn 

  2. ახალი წლის კონცერტები 2021 წელი  https://cutt.ly/CUbXPnN 

  3. შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა https://cutt.ly/RUbZA7g 

  4. ოქტომბრის თვის ინფლაცია https://bit.ly/3Dgf8Rh 

  5. პიროტექნიკის აკრძალვა (გერმანია) https://cutt.ly/nUbXyPr