კობა ლურსმანაშვილის ნათესავებმა ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვით 137 ათასი ლარი მიიღეს

ხარაგაულის მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი არაერთხელ იყო მხილებული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტიან ხარჯვაში. 2013-16 წლებში ის ხარაგაულის გამგებელი იყო, რა დროსაც მოხდა ხარაგაულის ამფითეატრის რეაბილიტაცია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 450,000 ლარი დაუჯდა, თუმცა ამ შენობაში არანაირი ღონისძიება არ გამართულა გარდა ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატ - კობა ლურსმანაშვილის 2 შეხვედრისა მოსახლეობასთან 2016 წელს. ამის შემდეგ შენობაში ჭერი ჩამოინგრა და ის სრულად გამოვიდა წყობიდან იმ დონეზე, რომ მოსახლეობამ მისით ვერ ისარგებლა.

2020 წელს შუალედური არჩევნების შედეგად ლურსმანაშვილი ხელმეორედ გახდა ხარაგაულის მერი. აქედან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ ის ხელმეორედ გახდა სავარაუდო კორუფციულ სქემაში ბრალდებული. კერძოდ: 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ლურსმანაშვილმა 400,250 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა 11 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთაგან ყველა მათგანი ქართული ოცნების ან კოორდინატორი, ადგილობრივ მთავრობაში დასაქმებული პირი ან ხარაგაულის მერის მეგობარი (ეს შესყიდვები გაფორმდა 2021 წლის 24 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით).

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის უკვე მესამედ გახდა ხარაგაულის მერი და კიდევ 4 წლით ჩაიაბრა მუნიციპალიტეტის მმართველის კაბინეტი და გამოიკვეთა კიდევ ერთი გარემოება, რომელშიც ლურსმანაშვილის ნათესავები და ხარაგაულის ადგილობრივი მთავრობის ჩინოვნიკების კომპანიები ფიგურირებენ.

შპს შაკა 2010 წელს დაარსა შალვა ლურსმანაშვილმა, ხოლო 2014 წელს მან ეს კომპანია სიძის - დათო კიკნაძის სახელზე გადააფორმა.ეს კომპანია შემსყიდველს სთავაზობს ავტომიბილების ტექნიკური შეკეთების და საპოხი საშულებებით მომარაგების სერვისს. 2013-21 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 26,380 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო, საიდანაც 21,228 ლარის შესყიდვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა განახორციელა, მათ შორის 4,338 ლარი კობა ლურსმანაშვილის მაჟორიტარის ბიუროდან მიიღო. შალვა ლურსმანაშვილი არის კობა ლურსმანაშვილის ნათესავი. წინა მოწვევის საკრებულოში შალვა იყო ქართული ოცნების ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე, ხოლო მოქმედ საკრებულოში ის არის ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარე.

ვიტალი ლურსმანაშვილი ინდ მეწარმედ 2021 წლის აპრილში დარეგისტრირდა. რეგისტრაციიდან მალევე მან ხარაგაულის მერიისგან მიიღო 4 გამარტივებული შესყიდვა ხარაგაულის სოფლებში სხვადასხვა ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. ჯამში ამ ოთხმა ხელშეკრულებამ შეადგინა  41,305 ლარი. აღსანიშნავია რომ ვიტალი ლურსმანაშვილი არის კობა ლურსმანაშვილის ნათესავი, ხოლო ვიტალის შვილი ოთარ ლურსმანაშვილი მოქმედ საკრებულოში არის იურიდიული და ეთიკის კომისიის თავჯდომარე. ის საკრებულოში ქართული ოცნების სიით მოხვდა.

ზურაბ ლურსმანაშვილი არის კობა ლურსმანაშვილის ძმა. ინდ მეწარმედ ის 2015 წელს დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც მისი ძმა ხარაგაულის გამგებელი იყო. 2016-21 წლებში მან ხარაგაულის ბიუჯეტიდან ჯამში მიიღო 69,374 ლარი. აქედან 21,154 ლარის 3 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ 2019-21 წლებში, ხოლო 48,220 ლარის გამარტივებული შესყიდვა მასთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2016-21 წლებში გააფორმა. (3,860 ლარი კობა ლურსმანაშვილის მაჟორიტარული ბიუროდან მიიღო). აღნიშნული შესყიდვები ფორმდება ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და მისთვის სხვადასხვა ტიპის საპოხი მასალების შესაძენად.

შეჯამება

2013-21 წლებში, იმ პერიოდში როდესაც კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მერი და პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი იყო, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სამაჟორიტარო ბიუროდან, კობა ლურსმანაშვილის ირგვლივ არსებულმა კლანმა გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის ხარჯზე ჯამში 137,059 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი 69,374 ლარი კობა ლურსმანაშვილის ძმაზე გაიცა. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მერის ხსენებული ნათესავები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე ხარაგაულის ადგილობრივი მთავრობის მოქმედი მაღალჩინოსნები არიან და მათი ვალდებულებაა ადგილობრივი ბიუჯეტის კეთილსინდისიერად და ეფექტიანად განკარგვაა.

წყარო:

  1. https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/112096 - შალვა ლურსმანაშვილი

  2. 400003269  - შპს შაკა

  3. ვიტალი ლურსმანაშვილი (56001004843) 

  4. ზურაბ ლურსმანაშვილი (56001006283)

  5. https://tenders.procurement.gov.ge/ - შესყიდვები

  6. https://cutt.ly/MYNBEak - ხარაგაულის საკრებულო

https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი