შრომის ინსპექციამ საგამოცდო ცენტრის სტატუსი 1 თვის შექმნილ კომპანიას მიანიჭა

2021 წლის ორ დეკემბერს შრომის ინსპექციამ საზოგადოებას აცნობა, რომ კონკურსის შედეგად  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში საგამოცდო ცენტრი შეირჩა.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას 2019 წლიდან დღემდე ბექა ფერაძე იკავებს, რომელიც 2017-2018 წლებში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი წინაპირობაა მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად შრომის ინსპექცია ცალ-ცალკე გასცემს აკრედიტაციებს სასწავლო და საგამოცდო ცენტრებისთვის.

შრომის ინქპექცია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

“შრომის ინსპექციის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის თანახმად თანახმად ორგანიზაციის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, მოცემული მიზნის მისაღწევად კი, იყენებს სხვადასხვა მექანიზმებს, მათ შორის: შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით წევს კონსულტაციებს, ცნობიერების ამაღლების მიზნით ავრცელებს ინფორმაციას, შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული იღებს და განიხილავს საჩივრებს, ანხორციელებს ინსპექტირებას. 

გარემოება #1

2021 წლის 3 ნოემბერს შრომის ინსპექციის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის მიზნებისათვის საგამოცდო ცენტრის შერჩევის მიზნით. როგორც შრომის ინსპექციის გვერდზე მითითებული ინფორმაციით ირკვევა, კონკურსში 4 პრეტენდენტი იღებდა მონაწილეობას. საგამოცდო ცენტრის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ოთხი სუბიექტიდან საგამოცდო ცენტრისათვის წაყენებული მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით აკრედიტაციის კომისიის მიერ შეირჩა შპს ტრენინგ სფეისი. თავის მხრივ, საგამოცდო ცენტრის შესარჩევი კომისიის თავჯდომარის მოადგილე, კანონის თანახმად, არის შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე.

შპს ტრენინგ სფეისი 2021 წლის 29 სექტემბერს დაარსდა, კონკურსის გამოცხადებამდე 34 დღით ადრე. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორის 21 წლის შვილი ლუკა კავთელიშვილია. ამ კომპანიის შრომის უსაფრთხოების საკითხში არანაირი გამოცდილება არ აქვს.

თავის მხრივ, სეუ-ს აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტირებული პროგრამა, რომელიც მას მინისტრის ბრძანებით 2019 წელს მიენიჭა. კანონმდებლობის თანახმად ორგანიზაციას არ აქვს უფლება თან შრომის სპეციალისტის მოსამზადებელ პროგრამას ახორციელებდეს და თან ამ სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებელ გამოცდას ატარებდეს. შესაბამისად, 2021 წლის 3 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში, სეუ-ს არ შეეძლო მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ის უკვე ფლობდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი ცენტრის სტატუსს.

აღსანიშნავია, რომ სეუ-ს რექტორის შვილის კომპანია შპს “ტრეინინგ სფეისი” ფაქტობრივად სეუ-ს ბაზაზეა დაარსებული და საგამოცდო სივრცე, რომელსაც ის სთავაზობს გამომცდელებს, სწორედ სეუ-ს შენობაში მდებარეობს.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე 2017-2020 წლების დეკლარაციების თანახმად  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ლექტორი იყო. 2021 წლის დეკლარაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სეუ-ს გვერდზე, 2021 წლის ივნისში გავრცელებული ვიდეო ადასტურებს, რომ ბექა ფერაძე მიმდინარე წელსაც განაგრძობს სეუ-ში აკადემიურ საქმიანობას, შესაბამისად ის მჭიდრო კავშირშია უნივერსიტეტის რექტორთან. სავარაუდოდ, სწორედ მასთან შეთანხმებით დაიგეგმა და განხორციელდა ზემოთ ხსენებული სქემა. 

გარემოება #2

შრომის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებულია ბექა ფერაძის გარემოცვის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კერძოდ მისი ძმა ბესო ფერაძე. ბესო ფერაძე შპს GIC Georgia LLC-ში მუშაობს, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კომპანიებს სთავაზობს სერვისს, რომელიც მიმართულია ამ კომპანიებში შრომითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია კომპანიებს უტარებს ტრენინგებს და უდგენს ერთგვარ ჩარჩოს, თუ როგორ უნდა იყოს სამუშაო გარემოში შრომითი უსაფრთხოება დაცული. შემდგომში ამ კომპანიების (და არამარტო მათი) შრომითი სტანდარტების შემოწმება ევალება შრომის ინსპექციას, რომელსაც ბექა ფერაძე ხელმძღვანელობს. გამოდის, ბექა ფერაძეს უწევს იმ კომპანიების შემოწმება, რომელსაც მისმა ძმამ ჩაუტარა ტრენინგი და შეუდგინა შრომითი უსაფრთხოების ჩარჩო, რაც კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული. 

წყარო:

 

  1. შრომის ინსპექციის განცხადება https://bit.ly/3GXQVkd

  2. სეუ-ს  ვიდეორგოლი https://bit.ly/3mktgCt

  3. ბექა ფერაძის დეკლარაციები https://declaration.gov.ge/

  4. მინისტრის გადაწყვეტილება “შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელების შესახებ” https://bit.ly/30Jmm2j

  5. შრომის ინსპექციის კონკურსი https://bit.ly/3J4wcx6

  6. მინისტრის ბრძანება https://bit.ly/3J4trvr

  7. ტრენინგ სფეის https://bit.ly/3pdF9wa