გუბერნატორების ადმინისტრაციების შენახვა 2014-2022 წლებში 59 მილიონი ლარი დაგვიჯდა

საქართველოს 9 რეგიონში 9 გუბერნატორის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს.  საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად რწმუნებულ-გუბერნატორები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელბი არიან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 2013 წელს მიიღო და დღემდე მასში ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა. კანონის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებული მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ხოლო დებულების თანახმად, რწმუნებულ-გუბერნატორი შეიმუშავებს სოციალურ­-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვას, კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. 

თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევა როდესაც ისინი მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ და ხშირად ცენტრალური ხელისუფლების ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენენ ადგილობრივ მთავრობებზე. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ერთი მხრივ სახელმწიფოს ფორმალურად გაცხადებული აქვს დეცენტრალიზაციის პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ ბოლომდე ცდილობს ისედაც სუსტი ადგილობრივი თვითთმმართველობების დამორჩილებას. 

აღსანიშნავია რომ 2014 წელს, როდესაც თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობა მიდიოდა, ამ რეფორმაში ჩართული ექსპერტები თავიდანვე პესიმისტურად უყურებდნენ გუბერნატორის ინსტიტუტის დატოვებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კოორდინატორი ვაკო ნაცვლიშვილი ამბობდა: “გუბერნატორი იმ ფორმით, რაც დღეს არსებული რედაქციით არსებობს ეს არის გაუგებარი ინსტიტუტი იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაძლოა საჭირო არ იყო გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა. ცხადია, რომ იმხელა აპარატი, რაც გუბერნატორს აქვს ქვეყენაში საჭირო არ არის, მაშინ როდესაც იმ უფლებამოსილებების გადაწყვეტა გუბერნატორს აკისრია-ვგულისხმობ თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობას , სამართლებრივ ზედამხედველობას და. ა.შ. ეს დღეს შეიძლება ადვილად გადაწყდეს ელექტრონული კომუნიკაციით თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.”

შესაბამისად თავიდანვე, ცხადი, იყო რომ გუბერნატორის ინსტიტუტის დატოვება იყო კიდევ ერთი არასაჭირო ბიუროკრატიული ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის და პლუს ის რჩებოდა ბერკეტად, ცენტრალური ხელისუფლების ხელში, რათა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კონტროლი განეხორციელებინა.

მათ შორის ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგების შემდგომ გამოიკვეთა  სურათი, როდესაც მმართველმა პარტიამ ბევრ მუნიციპალიტეტში დაკარგა უმრავლესობა საკრებულოებში და ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით ცდილობს უმრავლესობის ძალით ფორმირებას. 2014 წლის რეფორმის შემდგომ, გუბერნატორის უფლებამოსილებები ფორმალურად შეეზღუდა,რის შედეგადაც  შემცირდა გუბერნატორების აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს დაფინანსება არ შემცირებია.

უფლებამოსილება შემცირებულ რწმუნებულ-გუბერნატორთა აპარატის შენახვა საქართველოს მოსახლეობას 2014 წლიდან დღემდე 58,904,800 ლარი დაუჯდა და ამ თანხის დიდი ნაწილი 69.5%, 40,931,100 ლარი შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა. 

2014 წელს გუბერნატორების შემცირებული უფლებამოსილებების პარალერულად, შემცირდა (განახევრდა) დასაქმებულთა რაოდენობაც, კერძოდ, თუ 2014 წელს დასაქმებული იყო 443 პირი, 2022 წელს ეს რიცხვი 258-ია, თუმცა ამის მიუხედავად არ შეცვლილა დაფინანსების ოდენობა, ხოლო 2018 წელს გაორმაგდა რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასები. კერძოდ 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულის ხელფასმა შეადგინა 5,900 ლარი, ნაცვლად 2,950-სა.

აღსანიშნავია აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გაწეული შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები, რომლებზედაც ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა, მაგალითად:  შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ (2018 წელს საკუთარი თავს სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაუმტკიცა, რაც წლიურად 4800 ლარს უდრიდა. ულიმიტო პაკეტის შეძენის შემთხვევაში მას ეს თანხა 2034 წლამდე ეყოფოდა სალაპარაკოდ.


წყარო:

 

  1. კანონი https://cutt.ly/lYYzRew 

  2. დადგენილება https://cutt.ly/3YYzGJO 

  3. ბიუჯეტი https://cutt.ly/nYYz1oc 

  4. ხელფასები  https://cutt.ly/QYYz7hv 

  5. პრაქტიკა    https://cutt.ly/EYYxkqb 

  6. მოსაზრება გუბერნატორებზე  https://cutt.ly/fYGzlbi