5 მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს კვირაში მხოლოდ 5 ან 6 დღე კვებავენ, ხანაც დღესასწაულებზეც ისვენებენ

2020 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც მათ შორის  მსოფლიოში შიმშილის მხრივ არსებულ მდგომარეობაა შეფასებული, აღნიშნულია რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% (300 ათასზე მეტი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებებოდა. 

“შიმშილის გლობალურ ინდექსის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით კი საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებდა, 2020  წლის მაჩვენებლებით 107 ქვეყნიდან 26-ე  ადგილს, ხოლო 2021 წლის მონაცემებით 116 ქვეყნიდან 27-ე ადგილზეა. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი” 4 კრიტერიუმით ითვლება: არასაკმარისი კვება (მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს), წონის ნაკლებობა ბავშვებში, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა.

ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების პარალელურად, ქვეყნის შიდა სტატისტიკაც ნათლად მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2020 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-5 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

შიმშილის პრობლემასთან გამკლავებას ხელისუფლება სხვადასხვა გზებით ცდილობს, მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოების შეთავაზებაა. 

საქართველოში ყველა მერიის ბიუჯეტში შეხვდებით პროგრამას სახელწოდებით “უფასო სასადილოების მომსახურება”. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თითოეული მერია უზრუნველყოფს, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო საკვების მიწოდებას. 

თბილისის უფასო სასადილოების პროგრამის შემდეგ, ფლანგვის დეტექტორმა რეგიონებში არსებული უფასო სასადილოების პროგრამები შეისწავლა. რეგიონების მიხედვით განსხვავდება კვების რაციონი და ბენეფიციარებზე დღიურად გამოყოფილი თანხის ოდენობა. თუმცა, ჩვენი ყურადღება, განსაკუთრებით, რამდენიმე რეგიონმა მიიქცია, სადაც ბენეფიციარების გამოკვება ყოველდღიურად არ ხდება. 

სად გაქრა კვირა და სხვა დღეები?

თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერიები, ძირითადად ბენეფიციარების ყოველდღიურად გამოკვებას უზრუნველყოფენ, თუმცა საქართველოში არსებობს 5 მუნიციპალიტეტი, სადაც ასე არ ხდება. 

სახელმწიფო შესყიდვების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ 5 მუნიციპალიტეტი “უფასო სასადილოების პროგრამის” ფარგლებში ბენეფიციართა გამოკვებას ყოველდღიურად არ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დასვენების დღეა, ნუთუ კვირას ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ გამოკვება არ ჭირდებათ? როგორც ჩანს, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპისა და ჭიათურის მერიებს ამ კითხვაზე განხსვავებული პასუხი აქვთ. 

თითოეული მერია ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს, უფასო სასადილოს პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის კვების მომსახურების უზრუნველსაყოფად. გამოცხადებული ტენდერების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ  4 მერია კვირაში მხოლოდ 6 დღე უზრუნველყოფს ბენეფიციართა კვებას, ხოლო ერთი მერია 5 დღის განმავლობაში აწვდის საკვებს ბენეფიციარებს. 

ტყიბულის, ამბროლაურის, კასპისა და ჭიათურის მერიები ბენეფიციარებს ორშაბათი-შაბათის დღეების განმავლობაში ემსახურება. ამასთავე ტყიბულის მერიის დოკუმენტებში კვირა დღესთან ერთად აღნიშნულია, რომ ბენეფიციარებისათვის საკვების მიწოდება არ ხდება ასევე სადღესასწაულო დღეებშიც, ხოლო ამბროლაურის მერიის დოკუმენტებში მითითებულია, პროგრამის მიხედვით კვება ხორციელდება ყოველდღიურად გარდა კვირისა და სხვა უქმე დღეებისა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული მერიის შემთხვევაში 2019-2021 წლების განმავლობაში ბენეფიციარების გამოსაკვებად დახარჯული თანხა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა თანხების ზრდის პარალელურად თავად მენიუ არ უმჯობესდება. თუმცა, ფასების ზრდა არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მხოლოდ 2021 წელს ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,8% იყო. 15 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 12 სურსათს მიეკუთვნება. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა, ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა. 

ტყიბულის მერია  - 2019-2021 წლების განმავლობაში ტყიბულის მერია ყოველწლიურად 110 ბენეფიციარის გამოკვებას უზრუნველყოფდა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის უფასო სასადილოს მომსახურების შესასყიდად 2019 წელს 64,000 ლარი დახარჯა, 2020 წელს - 75,278 ლარი, ხოლო 2021 წელს -  72,399 ლარი. მიუხედავად მომსახურებაზე დახარჯული თანხის ზრდისა, 2021 წლის მენიუში ცვლილებები შევიდა, თუმცა გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ცვლილებების შემდეგ მენიუ გაუმჯობესდა. 

თუ 2020 წელს ბენეფიციარებს ყოველ ორშაბათს შეეძლოთ ეჭამათ ხარჩო საქონლის ხორცით, 2021 წელს ეს წვნიანი ბორშჩით ჩანაცვლდა. ოთხშაბათი დღის მენიუდან კი გაქრა კატლეტი. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტი კვირაში მხოლოდ 6 დღე უზრუნველყოფს ბენეფიციართა კვებას. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ყოველდღიური ერთჯერადი კვების ორგანიზება უფასო სასადილოში უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა და სადღესასწაულო დღეების. კვირა დღეს უნდა გახორციელდეს მხოლოდ პურის მიწოდება).

ამბროლაურის მერია - 2019-2021 წლების განმავლობაში მერია ყოველწლიურად 40 ბენეფიციარის გამოკვებას უზრუნველყოფდა. ტყიბულის მსგავსაც აქაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გაზრდილია ბენეფიციართა კვებაზე დახარჯული თანხები, 2019 წელს მერიამ უფასო სასადილოების მომსახურების შესასყიდად 23,280 ლარი დახარჯა, 2020 წელს 28,796 ლარი, ხოლო 2021 წელს 34,311 ლარი. თანხის ზრდის მიუხედავად თავად მენიუშ ცვლილებები არ შესულა. პროგრამის მიხედვით კვება ხორციელდება ყოველდღიურად გარდა კვირისა და სხვა უქმე დღეებისა.

კასპის მერია - 2019-2021 წლების განმავლობაში მერია ყოველწლიურად 80 ბენეფიციარის გამოკვებას უზრუნველყოფდა. 2019 წელს მერიამ უფასო სასადილოების მომსახურების შესასყიდად 82,990 ლარი დახარჯა, 2020 წელს 94,995 ლარი, ხოლო 2021 წელს 97,700 ლარი. 

ფასების ზრდის პარალელურად, მსგავსად ამბროლაურის მერიისა, აქაც თავად მენიუ არ შეცვლილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კასპის მერია ყველაზე მრავალფეროვან და მენიუს სთავაზობს ბენეფიციარებს.  ბენეფიციარების ყოველდღიური მენიუ შეიცავს ხორცს, რაც როგორც სხვა მერიების მენიუზე დაკვირვებამ აჩვენა, ნამდვილად იშვიათობაა. 

ჭიათურის მერია - 2019-2020 წლებში ჭიათურის მერია ყოველწლიურად 160 ბენეფიციარს ემსახურებოდა, 2021 წელს კი ბენეფიციართა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. 2019 წელს მერიამ უფასო სასადილოების მომსახურების შესასყიდად 126,144 ლარი დახარჯა, 2020 წელს 105,961 ლარი, ხოლო 2021 წელს  193,162 ლარი. თანხები ამ შემთხვევაშიც იზრდება, მენიუ კი კვლავ უცვლელი რჩება. რაც შეეხება თავად მომსახურების გაწევას, ჭიათურაში ბენეფიციარებს უფასო კვებით სარგებლობა კვირაში მხოლოდ 6 დღე შეუძლიათ. 

განსხვავებით ზემოაღნიშნული მერიებისაგან, ცაგერის მერიას კიდევ უფრო შემცირებული აქვს დღეების რაოდენობა. უფასო სასადილოების მომსახურების მიზნით გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ მიმწოდებელს ბენეფიციარებისათვის  მომსახურება უნდა გაეწია კვირაში 5 დღის განმავლობაში. შაბათ-კვირას ბენეფიციარები კი საკვების გარეშე რჩებიან. “ფლანგვის დეტექტორი” დაუკავშირდა ცაგერის მერიას, რათა გაეგო რით იყო განპირობებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარების კვება შაბათ-კვირას არ ხორციელდება. ცაგერის მერიის შესაბამის ვადებში მოგვაწოდა პასუხი. პასუხში კი აღნიშნულია, რომ “ბენეფიციართა კვება ხორციელდება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირას კვებითი მომსახურეობა არ ხდება მომსახურე ტექ. პერსონალისა და ბენეფიციართა შეთანხმებით.” 

ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილება მხარეთა ორმხრივი შეთანხმების შედეგია. რთული წარმოსადგენია, ბენეფიციარი, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ყოველდღიურად გამოსაკვებად საკმარისი თანხა არ აქვს, საკუთარი სურვილით თანხმდება რომ მხოლოდ 5 დღის განმავლობაში ისარგებლოს უფასო სასადილოებით და შაბათ-კვირას დაისვენოს. რაც შეეხება თავად თანხებს, ბენეფიციართა რაოდენობას და მენიუს, ცაგერის მერია 2019-2021 წლების განმავლობაში ყოველწლიურად 118 ბენეფიციარის გამოკვებას უზრუნველყოფდა. 2019 წელს მერიამ უფასო სასადილოების მომსახურების შესასყიდად 99,900 ლარი დახარჯა, 2020 წელს 114,399 ლარი, ხოლო 2021 წელს 112, 479 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ ხუთმა მუნიციპალიტეტმა 2021 წელს ჯამში 510,051 ლარი დახარჯეს 518 ბენეფიციარის გამოსაკვებად, უფრო ნაკლები, ვიდრე თბილისის მერიამ 2019 წელს დედაქალაქისათვის მთავარი ნაძვის ხის შესაძენად. 2019 წელს თბილისის მერიამ ნაძვის ხის შესაძენად  996,853 ლარი დახარჯა. 


წყარო:

 

  1. https://cutt.ly/4YnunQr უფასო სასადილოების მენიუები 2019-2021

  2. https://cutt.ly/tYnuOqR შესყიდვები და ცაგერის მერიის პასუხი

  3. https://cutt.ly/sYnyETH უფასო სასადილოები თბილისში

  4. https://cutt.ly/wYnyrAo The State of Food Security and Nutrition in the World (FAO)

  5. https://cutt.ly/fYnydfA GLOBAL HUNGER INDEX 2019

  6. https://cutt.ly/LYnyh5R GLOBAL HUNGER INDEX 2020

  7. https://cutt.ly/aYnyx0f GLOBAL HUNGER INDEX 2021

  8. https://cutt.ly/XYnymbn ცხოვრების დონე საქართველოში

  9.