ხარგაულის სოცსამსახურის უფროსმა, სიძესთან და შვილთან ერთად 205 ათასის ტენდერები მიიღო

კიაზო გამრეკელაშვილი 2008-2015 წლებში ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი იყო. 2015-2018 წლებში კი ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტეშო მუშაობდა მთავარ სპეციალისტად. 2018 წლის თებერვლიდან იგი ისევ ხარაგაულის სოც. მომსახურების სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებს. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნებზე კიაზო გამრეკელაშვილი მისი სოფლის, კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ხარაგაულის საკრებულოში, ქართული ოცნებიდან.

აგრეთვე, მის სახელს უკავშირდება 3 კომპანია/იურიდიული პირი, რომელიც საკმაოდ მსხვილ ტენდერებს სწორედ იმ მუნიციპალიტეტებში იგებს, სადაც კიაზო გამრეკელაშვილი მუშაობდა და მუშაობს (ხარაგაული, ზესტაფონი).


  • შპს “კომპაქტმშენი” 2019 წლის აპრილში დაარსდა, რომლის 50-50% წილებსაც კიაზო გამრეკელაშვილი და მისი ყოფილი თანამშრომელი ომარ გაგოშიძე ფლობდნენ. 2021 წლის 26 თებერვალს საჯარო რეესტრის ამონაწერში შევიდა ცვლილება, რის შემდეგაც კომპანიის დირექტორი და 100% წილის მფლობელი გახდა 1993 წელს დაბადებული ლაშა ჩაჩანიძე, რომელიც კიაზო გამრეკელაშვილის სიძეა.

    აღნიშნულმა კომპანიამ რეგისტრაციიდან 2 კვირაში ზესტაფონის მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ზესტაფონში ერთ-ერთი მინი მოედნის რეაბილიტაციისთვის გამრეკელაშვილის კომპანიას ბიუჯეტიდან 37,147 ლარი გადაუხადეს. 2019 წლის აგვისტოში შპს “კომპაქტმშენმა”  აგრეთვე გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის მიერ მდ. ღორეშას ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 35,821 ლარი მიიღო.

    აგრეთვე 2019 წლის აგვისტოში ხარაგაულის მერიამ ამ კომპანიასთან გააფორმა 26,674 ლარის გამარტივებული შესყიდვა, რომელიც ეხებოდა ხარაგაულის სოფ.წყალფორეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულად.

საერთო ჯამში 2019 წლის აპრილში დაარსებულმა კომპანიამ დაარსებიდან 5 თვეში ბიუჯეტიდან ჯამში 99,642 ლარი მიიღო, აქედან 62,495 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან.

 

  • რაც შეეხება მეორე კომპანიას, 2020 წლის 16 ოქტომბერს კიაზო გამრეკელაშვილის 20 წლის შვილი ერეკლე გამრეკელაშვილი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა და 1 თვეში 15,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო ხარაგაულის მერიისგან, სოფ. ვარძიაში წყლის ჭაბურღილის მოწყობისთვის. 2021 წელს კიაზო გამრეკელაშვილის შვილთან ხარაგაულის მერიამ და სოფ. ბორის საჯარო სკოლამ კიდევ 3 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა, ჯამში  68,135 ლარის ღირებულების, რომელთაგან სამივე შეეხებოდა სხვადასხვა ტიპის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მაისში სოფ. სიმონეთის საჯარო სკოლამ, მშენებელი-ინდმეწარმე ერეკლე გამრეკელაშვილისგან,140 ლარად შეისყიდა სასკოლო მათემატიკური კალენდრები.

    2021 წლის სექტემბერში ერეკლე გამრეკელაშვილმა აგერთვე უკონკურენტოდ გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის გამოცხადებულ  4,915 ლარის ღირებულების ტენდერში, რომელიც საკანალიზაციო არხების შეკეთებას შეეხება.

 

საერთო ჯამში 2020-21 წლებში კიაზო გამრეკელაშვილის შვილმა ხარაგაულის მერიისგაან მიიღო 73,190 ლარის გამარტივებული შესყიდვა და ტენდერი, საიდანაც 68,275 ლარი უკვე ჩაერიცხა.


  • მესამე იურიდიული პირი, რომელიც კიაზო გამრეკელაშვილს უკავშირდება და რომელსაც ხარაგაულის მერიის საკმაოდ მსხვილი ტენდერი აქვს მოგებული, არის კიაზოს გამრეკელაშვილის სიძე, ზემოთხსენებული ლაშა ჩაჩანიძე, რომელიც 2021 წლის 30 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა როგორც ინდ. მეწარმე.

    რეგისტრაციიდან 2 თვეში მან უკონკურენტოდ გაიმარჯვა ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა ხარაგაულის რამდენიმე სოფელში სასოფლო გზების რეაბილიტაციას. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხარაგაულის მერიამ მასთან 31,722 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 

საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: 2021 წლის ივნისში კიაზო გამრეკელაშვილის შვილთან ხარაგაულის მერიამ გააფორმა 38,000 ლარიანი გამარტივებული შესყიდვა, საიდან 26,000 ლარი უნდა მოხმარებოდა სოფ. კიცხის წყლის სისტემის მოწესრიგებას, რათა სოფელს წყალი წვიმიანი დღეების გარდა, სხვა პერიოდშიც ჰქონოდა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, მიუხედავად ათიათასაობით ლარის დახარჯვისა, მოსახლეობას წყალი მშრალ დღეებში მაინც არ მიეწოდება.

შეჯამება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა, მისი და მასთან დაკავშირებული კომპანიებით 2019-21 წლებში 204,554 ლარის ტენდერები მოიგო, საიდანაც 167,407 ლარის შესყიდვა განახორციელა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, რომლის უდიდესი ნაწილი - 162,500 ლარი უკვე ჩაერიცხა კიაზო გამრეკელაშვილთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს.

აღსანიშნავია რომ ჯამში მოგებული ტენდერებიდან 131,586 ლარი ანუ 64%-ში გამრეკელაშვილის და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ ან პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღეს საბიუჯეტო სახსრები.

ხარაგაულის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვების 79%  იყო ან ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვის გზით, ან უკონკურენტო გარემოში მოგებული ტენდერი.

წყარო:

 

  1. 56001025195 - ინდ. მეწარმე ერეკლე გამრეკელაშვილი

  2. 60001132927 - ინდ.მეწარმე ლაშა ჩაჩანიძე

  3. 443569880 - შპს კომპაქტმშენი 

  4. https://tenders.procurement.gov.ge/ - შესყიდვები

  5. https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი