
გოცირიძის მეტროს გარემონტება მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა, თუმცა მეტრო დღემდე გაურემონტებელია.
ყველაფერი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მერიის 100% საკუთრებაში მყოფმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტს მეტროსადგური გოცირიძის კაპიტალური რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა წარმოადგენდა, ხოლო ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი 30,000 ლარს შეადგენდა. თუმცა პირველ ჯერზე ტენდერი არ შედგა, რის გამოც ტენდერი მეორედ 2017 წლის 7 სექტემბერს. ამჯერად ტენდერში ერთი კომპანია, შპს მდგრადობის ექსპერტი მონაწილეობდა, რომელმაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, 2018 წლის 31 იანვარს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელი მიღება-ჩაბარების აქტს მოაწერა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, უკვე ჰქონდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შემდეგ ეტაპზე კი საჭირო იყო უშუალოდ მეტროს სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოეცხადებინა .
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად პირველი ტენდერი 26.10.2018 თარიღში გამოაცხადა. ამის შემდეგ კი კიდევ 9-ჯერ გამოაცხადა ტენდერი. საერთო ჯამში მეტროს კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად 10.2018 -04.2020 შუალედში 10 ტენდერი გამოცხადდა.
ბოლო ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 3 აპრილს გამოაცხადა. ამჯერად, მე-10 მცდელობაზე ტენდერი შედგა. ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ კი ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიამ, უცხოური საწარმოს, შპს კაიზენის საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარჯვებულთან 3,146,983 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების თანახმად, კომპანიას სარემონტო სამუშაოები 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 14.04.2021 განისაზღვრა. თუმცა, კომპანიამ სამუშაოების შესრულება თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლო, რის გამოც ხელშეკრულებაში ვადასთან დაკავშირებით 6-ჯერ შევიდა ცვლილება, მაგრამ სამუშაოები ვერც შეცვლილ ვადებში დაასრულა.
ბოლო ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად 13.09.2021 განისაზღვრა, შესაბამისად კომპანიას სამუშაოები ამ თარიღამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა კომპანიამ ამ ვადაშიც ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება, რის შემდეგაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. ხელშეკრულების ვადის გაუგრძელებლობის შესახებ დოკუმენტი 15.09.2021 წლით თარიღდება და მასში მითითებულია “მიუხედავად იმისა, რომ ხელშკერულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე იქნა გახანგძლივებული (ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტორს სამუშაოები უნდა დაესრულებინა მისი გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში) საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენი“-ს ფილიალმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულება.” ამასთანავე დაფიქსირდა კომპანიის მიერ სამუშაოების ნაწილის არაჯეროვნად შესრულების ფაქტებიც, რის გამოც კომპანია არაერთხელ იქნა გაფრთხილებული წერილობით და ამავდროულად დაეკისრა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაც.
დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტორის მიმართ ამოეწურა ნდობის რესურსი და მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია კომპანიასთან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება და ხელშეკრულება დასრულდა ისე, რომ კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამასთანავე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.
შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მეტროს გარემონტების იდეის გაჩენიდან, 2017 წლიდან, 4 წელზე მეტი გავიდა და მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მეტიც, 2021 წლის სექტემბრის თვეში ხელმოწერილ დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების 50%-ის შესრულება.
2021 წლის თებერვალში მეტროსადგური გოცირიძე დაიკეტა. თბილისის მერიის განცხადებაში, რომელიც 2021 წლის 2 თებერვალს გავრცელდა აღნიშნული იყო, რომ “გოცირიძეზე მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში, მგზავრებს ვერ მოემსახურება.”
შესაბამისად მეტრო ნაცვლად 3 თვისა, უკვე 9 თვეა ჩაკეტილია და არ ფუნქციონირებს. როდის დასრულდება მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოები კვლავ უცნობია.
---------------------------------------------------------------------------------------------
წყარო
-
ტენდერები და დოკუმენტები https://cutt.ly/STK9Uyt
-
თბილისის მერიის განცხადება https://tbilisi.gov.ge/news/11141