
სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაცემული გრანტების მიზანია მეწარმეობის განვითარება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. 2017-19 წლებში, ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 90,352,000 ლარის გრანტი გასცა.
2021 წლის 13 აგვისტოს აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც შესწავლილი ჰქონდა 2017-19 წლებში სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების მიზნობრიობა, გაცემის კრიტერიუმები და კონტროლის მექანიზმები.
აღმოჩნდა, რომ სააგენტოს არ აქვს მექანიზმები გააკოტროლოს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება გაცემული სესხი, აქედან გამომდინარე, სესხის მიზნობრიობის დაცვა ფაქტობრივად დამოკიდებულია სესხის მიმღები და გამცემი პირის კეთილსინდისიერებაზე. აუდიტის შედეგად აგრეთვე გამოვლინდა, რომ სააგენტო არ ახორციელებდა სესხის მიზნობრივად გაცემისა და გამოყენების მონიტორინგს.
გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, „აწარმოე საქართველოში“-ს ლიზინგის/სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება. მიუხედავად ამისა, აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სააგენტოს მიერ თანადაფინანსების ხელშეკრულებები გაფორმებულია კომპანიებთან, რომელთაც გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება. შედეგად, უგულებელყოფილია საკანონმდებლო მოთხოვნები.
გამოვლენილი გარემოება
ამ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ფარგლებში არსებული ამგვარი ხარვეზები აგრეთვე ხსნის იმ გარემოებასაც, თუ რატომ არიან ამ პროგრამის ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები და მასთან დაკავშირებული პირები, კერძოდ:
ირაკლი ვეკუა არის ირაკლი ხახუბიას კომპანია შპს აისბერგი 2-ის დირექტორი და მისი კომპანიების წილების მმართველი. 2020-21 წლებში მან ქართულ ოცნებას 77,000 ლარი შესწირა.
შპს „აისბერგი 2-მა“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მიიღო 209,829 ლარის დაფინანსება
ინვესტიცია გულისხმობს თევზის ზეთისა და თევზის ფქვილის წარმოებას.
ვეკუა არის შპს გეოფიშ კომპანის (242005405) დირექტორიც. ამ კომპანიამ „აწარმოე საქართველოშის“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მიიღო 208,246 ლარი და 45 თეთრი.
ორივე ამ კომპანიაში წილებს ფლობს ფოთის ორგზის მაჟორიტარი ქართული ოცნებიდან - ირაკლი ხახუბია, რომელიც საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენი და მმართველი პარტიის გავლენიანი წევრია
ჯუმბერ ზოიძის შპს ელტური-2008-მ „აწარმოე საქართველოშის“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მიიღო 326,849 ლარი. საინვესტიციო პროდუქტს წარმოადგენს სასტუმრო და მასთან დაკავშირებული მომსახურება. აღნიშნულ სასტუმროში 35 ადამიანამდეა დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ ზოიძის კომპანიამ შპს ელტური-2008-მ წარსულში მიიღო 4 გამარტივებული შესყიდვა 22,370 ლარის ოდენობით და 2 ტენდერი 9,930 ლარის ოდენობით, რა დროსაც შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოები იყო.
ჯუმბერ ზოიძემ ქართულ ოცნებას 2020-21 წლებში 100,000 ლარი შესწირა.
დემეტრე თათეშვილის კომპანია შპს დემეტრე და კომპანიამ „აწარმოე საქართველოშის“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში მიიღო 437,496 ლარიანი გრანტი. გრანტის მიზანი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტში სამშენებელო მასალის საწარმოს შექმნა.
აღსანიშნავია რომ დემეტრე თათელიშვილის მმართველი პარტიის საკმაოდ მსხვილი შემომწირველია, მან 02.08.2021-ში ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შესწირა .
დასკვნა:
საბოლოო ჯამში გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქართული ოცნების სამი მსხვილი შემომწირველის კომპანიამ, რომელთაც მმართველ პარტიას 2021-21 წლებში ჯამში 227,000 ლარი შესწირეს, გრანტის სახით სახელმწიფოსგან 2017-19 წლებში 1,182,420 ლარი მიიღეს. ამ თანხის გაცემის კონტროლის მექანიზმიც აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად “აწარმოე საქართველოს” არ გააჩნია და მილიონობით ლარის დახარჯვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მხარეთა კეთილსინდისიერებაზეა მინდობილი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ვეკუა და ირაკლი ხახუბია 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებიც იყვნენ და მათ მაშინდელ მმართველ პარტიას 11,000 ლარი შესწირეს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყარო:
-
https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/179 - ბიზნესის რეესტრი
-
https://tenders.procurement.gov.ge/ - ტენდერების საიტი
-
https://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/11411 - პარტიების შემოწირულობები
-
https://drive.google.com/drive/folders/15FQy-3kpRKs1-su89ggLgPkYJousAVR_?usp=sharing - აწარმოე საქართველოში