დღეს, 25 აპრილს, "ჯორჯიან მანგანეზს" და გაფიცულ მაღაროელებს შორის შეთანხმება დაიდო. გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.
 
დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია, 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას. გაიზრდება ხელფასი 250 ლარით. დაწესდება სადღესასწაულო 250 ლარიანი პრემია. ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას.
 
ამ პირობებით, შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი მზად არის მაღაროელებთან ხვალიდან გააფორმოს ხელშეკრულებები.
 
მასიურ გაფიცვამდე, ერთი თვით ადრე, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" შვილობილი კომპანიის, შპს "ჯმ ტექნიკა სერვისის" 300-მდე თანამშრომელმა, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) დახმარებით, კოლექტიური დავის გადასაწყვეტად და მედიაციის პროცესის დასაწყებად, განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას.
 
მაღაროელები, მინისტრ ტიკარაძეს დავის დარეგულირების შემდეგ პირობებს სთავაზობდნენ:
 
ა) შრომის ანაზღაურების გაზრდა 50%-ით;
ბ) დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებების დაუყოვნებლივ გადაცემა თითოეული ხელმომწერი დასაქმებულისთვის.
 
მაღაროელების მიზანი იყო დამსაქმებელთან დავა უმოკლეს ვადებში გადაწყვეტილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებდნენ გამოეყენებინათ გაფიცვის უფლება. სამინისტროს გამოყოფილმა მედიატორმა კანონით დადგენილ 21 დღის ვადაში კოლექტიური დავის მოგვარება ვერ შეძლო, რის შემდეგაც, 20 აპრილს მაღაროელებმა გაფიცვა დაიწყეს. 3 დღის შემდეგ შპს "ჯმ ტექნიკა სერვისის" თანამშრომლებს სხვა მაღაროელებიც შეუერთდნენ და 23 აპრილს უკვე 3 ათასამდე მაღაროელი გაიფიცა.
 
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) სოლიდარულნი ვართ ჭიათურაში მცხოვრები და დასაქმებული ადამიანების მძიმე შრომითი და ეკოლოგიური პრობლემების მიმართ.
 
ქ.ჭიათურაში განლაგებული GMC-ის იმერეთის ბიურო ყურადღებით ვაკვირდებით და ჩართულები ვართ ამ პროცესებში. პერიოდულად ახალ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.