ბოლო 7 თვეში საქართველოს 41-მა მუნიციპალიტეტმა დროშების ბოძების მოწყობაში ₾1.2 მილიონი დახარჯა

საქართველოს საჯარო უწყებები ხშირად შეისყიდიან ისეთ პროდუქტსა თუ მომსახურებას, რომელთა საჭიროება საეჭვოა. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ სადროშე ბოძების შესყიდვა ემთხვევა ხელისუფლების მიერ ანტიდასავლური კამპანიის დაწყებას, რა დროსაც ხშირი იყო შემთხვევები, საჯარო ღონისძიებებისგან ევროკავშირის დროშის გაქრობისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის ისეთი იარლიყების მიწებების, როგორებიცაა “ქართული დროშა ეზიზღებათ”.

ამავე დროს საეჭვოა ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დროშის ბოძებს ამონტაჟებდნენ, ვინაიდან მათ დიდ ნაწილს წარსულში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული, ან მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარის სამუშაო ჰქონდათ შესრულებული, ხოლო 2023 წლიდან მათ დაიწყეს მხოლოდ სადროშე ბოძების შესყიდვებთან დაკავშირებულ ტენდერებში მორგებული პირობებით გამარჯვება.

2023 წლის გაზაფხულიდან დღემდე საქართველოს 41-მა მუნიციპალიტეტმა სადროშე ბოძების შესყიდვის ტენდერები გამოაცხადა, რომლებშიც გაიმარჯვა 9 სხვადასხვა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა:

  1. შპს ემ სი ლაითი - 446981883

  2. შპს მიქს ბილდერი - 405521430 

  3. შპს ფარაონი - 402093532

  4. შპს მაზი - 405373260

  5. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ,,XXI საუკუნე'' - 404925328

  6. დაიანა მანუკიან - 07001051842

  7. შპს ბაჩი-2002 - 438736646

  8. არმენ ოვსეპიან - 32001009522

  9. შპს ნიუვინი - 441998705 

ყველა ამ შესყიდვის ჯამურმა ღირებულებამ 1,214,840 ლარი შეადგინა, რომლის 71% მხოლოდ ერთმა კომპანია შპს ემ სი ლაითმა მოიგო, ხოლო დანარჩენი 348,600 ლარი 8 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა.

შპს ემ სი ლაითმა 25 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულება 866,257 ლარია. 25-დან 20 ტენდერი ამ კომპანიამ უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. მნიშვნელოვანია ის გარემობაც, რომ ამ კომპანიას 2023 წლის აპრილამდე, მხოლოდ ერთი, 6,600-ლარიანი ტენდერი ჰქონდა მოგებული 2022 წლის დეკემბერში, ხოლო აპრილიდან მან უკვე სადროშე ბოძების ტენდერებში გამარჯვება დაიწყო. შესაბამისად მას აღნიშნულ ტენდერებამდე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება პრაქტიკულად არ ჰქონია.

აღსანიშნავია ამ კომპანიის მიერ დედოფლისწყაროს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვება, რა დროსაც მერიამ მას 71,100 ლარი გადაუხადა. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი ღარიბაშვილის მშობლიურმა მუნიციპალიტეტმა სადროშე ბოძების ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი შესყიდვა განახორციელა.

შესყიდვების მოცულობით რიგით მეორე შპს ბაჩი 2002-ია, რომელმაც იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში 118,400 ლარის ტენდერები მოიგო. აღნიშნული კომპანია 2023 წლის 13 იანვარს სამტრედიის მაცხოვრებელმა, იუზა შათირიშვილმა დააარსა, საიდანაც ორ კვირაში პირველ ტენდერში გაიმარჯვა. ის ფაქტი, რომ კონკრეტულ რეგიონში მხოლოდ ერთი კომპანია იგებს ტენდერებს, თანაც ხშირად უკონკურენტო გარემოში, მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ეს ადგილობრივ მერიებთან წინასწარ შეთანხმებული იყოს.

აღსანიშნავია აგრეთვე ნინოწმინდის მაცხოვრებელი ინდ.მეწარმე არმენ ოვსეპიანი, რომელიც 2020 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და რომელმაც 2022-23 წლებში მხოლოდ 3 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც ყველა ნინოწმინდის მერიის მიერ იყო გამოცხადებული, უკანასკნელი 20,132 ლარის ღირებულების სადროშე ბოძის შესყიდვის ტენდერის ჩათვლით.

მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც, სადაც სადროშე ბოძის მოწყობის 19,000-ლარიან ტენდერში, 2023 წლის აპრილში, გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც 2023 წლის 28 თებერვალში დაარსდა, ჩოხატაურის მაცხოვრებლის - ირაკლი ჩხიკვაძის მიერ, ხოლო კომპანიის (შპს ნიუვინის) ამჟამინდელი მფლობელი ვლადიმერ ძნელაძეა.

 

დასკვნა

2023 წლის გაზაფხულიდან დღემდე საქართველოს 41-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 1,214,840 ლარი დახარჯა სადროშე ბოძების მოსაწყობად, ხოლო კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებმაც აღნიშნული სამუშოების უდიდესი ნაწილი შეასრულეს, წარსულში არ ჰქონდათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება და ხშირად ისინი რეგისტრაციიდან რამდენიმე კვირაში იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ეს პირები საკუთარ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში ადგილობრივი მერიების გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ 41 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი 71,100-ლარიანი შესყიდვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა განახორციელა. 

 

წყარო:

   1. შპს ემ სი ლაითი - 446981883

   2. შპს მიქს ბილდერი - 405521430 

   3. შპს ფარაონი - 402093532

   4. შპს მაზი - 405373260

   5. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ,,XXI საუკუნე'' - 404925328

   6. დაიანა მანუკიან - 07001051842

   7. შპს ბაჩი-2002 - 438736646

   8. არმენ ოვსეპიან - 32001009522

   9. შპს ნიუვინი - 441998705