უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საჯარო უწყებებმა რუსეთისგან ₾2.5 მილიონის ტრენაჟორები შეისყიდეს

 

  • შპს ჯეო პარკმა 20 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 19 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია და ჯამში ₾2.5 მილიონის შესყიდვა მიიღო, რაც მორგებული პირობების ეჭვს აჩენს. 
  • 2011-2023 წლებში შპს ჯეო-პარკმა ჯამში 36,898,131 ლარის 268 ტენდერში გაიმარჯვა.
  • აქედან ₾17 მილიონი საქართველოს საჯარო უწყებებმა კომპანიას რუსული ტრენაჟორების მიწოდებაში გადაუხადეს. 
  • ამ ტრენაჟორების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დევნილთა დასახლებებში დამონტაჟდა.  

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესდა. დაწესებული სანქციები ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორს, ექსპორტსა და იმპორტს, სავიზო პოლიტიკას შეეხებოდა . საქართველო რუსეთისათვის დაკისრებულ სანქციებს სრულად არ შეუერთდა. თავად ირაკლი ღარიბაშილმა მიღებულ გადაწყვეტილება "ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესების" დაცვით ახსნა.

ბუნებრივია, ეროვნულ ინტერესებში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაც უნდა შედიოდეს, რაც მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რუსეთს ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოუყენებია. თუმცა როგორც სტატისტიკა აჩვენებს, რუსეთის აგრესიის და მტრული პოზიციის მიუხედავად, საქართველომ არა თუ შეამცირა მაჩვენებლები, არამედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ექსპორტი და იმპორტი გაზარდა კიდეც.

მაგალითად, რუსეთში პროდუქციის იმპორტმა 2022 წელს 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, მაშინ როდესაც გასულ 2013-2021 წლებში იმპორტის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 1.2 მილიარდ აშშ დოლარს არ აღემატებოდა. 10 წლის მანძილზე რუსეთიდან საქართველოში ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა. კერძოდ ექსპორტმა 600 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

გარდა კერძო კომპანიებისა, სამწუხარო ფაქტია, რომ სახელმწიფოც აქტიურად შეისყიდის რუსულ პროდუქციას და ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან მოცულობითი თანხები იხარჯება. თანხები იხარჯება ისეთ რუსულ პროდუქციაზე, რომლის ალტერნატივებიც არსებობს და სახელმწიფოს მათ შესყიდვაზე უარის თქმა შეუძლია. 

ერთ-ერთ მსგავს პროდუქციას რუსული ტრენაჟორები წარმოადგენს, რის შესახებაც ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა. ამჯერად დავინტერესდით, კვლავ აგრძელებს თუ არა სახელმწიფო რუსული ტრენაჟორების შესყიდვას. 

რუსული ტრენაჟორებით სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებს კომპანია შპს ჯეო პარკი ამარაგებს. სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. კომპანიამ დღემდე 268 ტენდერში გაიმარჯვა, დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ კი 36,898,131 ლარი შეადგინა. 

მხოლოდ 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან - დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებმა  ჯეო პარკთან საერთო ჯამში 3,523,377 ლარის ღირებულების 28 ხელშეკრულება გააფორმეს. ამ ტენდერებიდან აღსანიშნავია 20 ტენდერი 2,537,685 ლარის ჯამური ღირებულებით, რომლითაც საქართველოს საჯარო უწყებებმა რუსეთში, ქალაქ ჩებოკსარში წარმოებული ფიტნეს ტრენაჟორები შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ 28 ტენდერიდან ჯეო პარკმა 23 შემთხვევაში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, 3 შემთხვევაში კონკუნერტთა დისკვალიფიკაცია მოხდა,  მხოლოდ 2 იყო შემთხვევა, სადაც დაბალი ფასის შეთავაზების გამო გაიმარჯვა. რუსული ტრენაჟორების შესასყიდად გამოცხადებული 20 ტენდერიდან 19-ში კომპანიამ უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა. ცხადია, ყოველივე ეს მორგებული პირობების გონივრულ ეჭვს აჩენს.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში 2014-2023 წლებში საქართველოს საჯარო უწყებებმა შპს ჯეო-პარკისგან 17 მილიონი ლარის ღირებულების რუსული წარმოების ტრენაჟორები შეიძინეს. ეს იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულად ამ პროდუქციის მრავალი დასავლური თუ თურქული ანალოგი არსებობს და სულაც არაა აუცილებელი რუსულ ბაზარზე მიბმა.

ზოგი შემთხვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობიდან გამომდინარე კიდევ უფრო სენსიტიურია. მაგალითად, უშუალოდ გორის მერიამ ტრენაჟორების შესაძენად 2023 წლის ივნისში ჯეო პარკთან 134,831 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 51,652 ლარი დახარჯა ქარელის მერიამ სოფელი მოხისისა და კნოლევისთვის რუსული ტრენაჟორების შესაძენად. აღსანიშნავია, რომ მოხისის შემთხვევაში, შესყიდვაში პირდაპირ არის მითითება, რომ ტრენაჟორების შეძენა დევნილთა დასახლებისთვის ხდებოდა. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც სწორედ რუსეთის აგრესიის შედეგად გახდნენ დევნილები, ქარელის მერიამ სავარჯიშო სივრცე რუსული ტრენაჟორებით მოუწყო.

 

წყარო:

  1. ექსპორტი https://shorturl.at/jxH07 

  2. იმპორტი https://rb.gy/3d5xt 

  3. ი. ღარიბაშვილის განცხადება https://shorturl.at/dsxE6 

  4. ფლანგვის დეტექტორი https://shorturl.at/eoI15 

  5. ტენდერები https://shorturl.at/elrsv 

  6. ჯეო პარკი https://shorturl.at/guK06 

  7. ქალერის შესყიდვა NAT220009137

  8. https://www.facebook.com/squanderdetector/videos/440273067929162