დოკუმენტი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ შიდა პროექტის „ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრი“ ფარგლებში.
დოკუმენტი მომზადდა ორგანიზაციების „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი”, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საფარი“ მიერ.
მეთოდოლოგია
12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის დოკუმენტი „სტატუსმეტრი“ მოიცავს 4 სექციას
-
ევროკავშირი მოითხოვს: ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები გადმოტანილია უცვლელად.
-
მოლოდინები: სხვადასხვა რელევანტური აქტორის მოლოდინების გაერთიანება. კერძოდ, ამ სექციაში გაერთიანებულია:
-
- ევროკავშირის მოლოდინები ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაზე, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით;
-
- სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინები, მათ მიერ წარდგენილ გეგმაზე, განცხადებებსა და ანგარიშებზე დაყრდნობით;
-
- პოლიტიკური პარტიების მოლოდინები, მათ მიერ წარდგენილ გეგმებსა და განცხადებებზე დაყრდნობით.
-
-
სად ვართ ახლა: აღწერს საკითხის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას და ეყრდნობა
-
- პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებს;
-
- სახელმწიფო უწყებების განცხადებებსა და ანგარიშებს;
-
- პოლიტიკური პარტიების შეფასებებს და განცხადებებს;
-
- პოლიტიკოსების შეფასებებს და განცხადებებს;
-
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებებს, ანგარიშებს და შეფასებებს;
-
- 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას;
-
- ზემოთ ჩამოთვლილ აქტორებთან კომუნიკაციით მიღებულ ინფორმაციას.
-
-
გამოწვევები: თითოეული საკითხის ირგვლივ დარჩენილი გამოწვევების/პრობლემების ჩამონათვალია და ეყრდნობა:
-
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებებს, განცხადებებსა და ანგარიშებს;
-
- საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს და შეფასებებს;
-
- პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასებებსა და განცხადებებს.
პრიორიტეტების შესრულება შეფასებულია 4 სხვადასხვა ვერდიქტით: -
- შესრულდა: პრიორიტეტი სრულად შესრულებულია;
-
მეტწილად შესრულდა: პრიორიტეტის დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ცალკეული საკითხები კვლავ დარჩენილია;
-
ნაწილობრივ შესრულდა: პრიორიტეტთან დაკავშირებული საკითხების ნაწილი შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შესასრულებელია;
-
შესასრულებელია: პრიორიტეტი კვლავ შესასრულებელია, ან პრიორიტეტის ირგვლივ არსებული სიტუაცია გაუარესდა, ან პრიორიტეტის შესასრულებლად საჭირო მრავალ საკითხს შორის, მხოლოდ მცირე და შედარებით უმნიშვნელო ნაწილია შესრულებული, რაც საერთო ფონს ვერ ცვლის.
-
შესასრულებელია
ევროკავშირი მოითხოვს:
„19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით.“
პრიორიტეტი N 1: დეპოლარიზაცია
მოლოდინები
- 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირება;
- კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება;
- „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, გათავისუფლება;
- ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანა;
- „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მხრიდან მტრული რიტორიკის შეჩერება;
- მმართველი პარტიის მიერ კრიტიკული მედიის არხების ბოიკოტის დასრულება და სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღება;
- ძალაუფლების განაწილება პარლამენტში შარლ მიშელის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების თანახმად (ოპოზიცია თავმჯდომარეობდეს რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტს);
- შეთანხმება საპარლამენტო დანიშვნებზე, რომლებზეც მაღალი კვორუმია საჭირო (სახალხო დამცველი, გენერალური პროკურორი, ცესკო-ს თავმჯდომარე);
- სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მტრული რიტორიკის დასრულება;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონმდებლობის ნებისმიერი სახით ინიციირ- ებისა და მასზე განხილვების დაწყებისგან თავის შეკავება ან/და არმიღება.
სად ვართ ახლა
პოლიტიკური პოლარიზაცია გაიზარდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და მედიას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის;
„ქართული ოცნების“ აზრით, პირველი პრიორიტეტი უნდა შეასრულოს ოპოზიციამ და არა მთავრობამ;
მოიმატა თავდასხმებმა პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ;
„ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა; ამასთან, ის დასავლეთს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის სურვილში ადანაშაულებს;
„ქართული ოცნება“ კრიტიკოსებს „ომის პარტიად“ მოიხსენიებს;
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ხშირად „რუსეთის მონებს“ და „მოღალატეებს“ უწოდებს;
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის დროებით გადავადება, მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით;
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება (შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად) არ მომხდარა; საარჩევნო ბარიერი 2%-მდე (შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად) არ შემცირებულა;
12 პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავებისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდა ყველა ოპოზიციური პარტია;
“ქართული ოცნების” განცხადებით, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღვივებას ევროკავშირი უწყობს ხელს, ხოლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღება დეპოლარიზაციის მიზანს ისახავდა. ასევე, “ქართულმა ოცნებამ” უარყო დეპოლარიზაციაში შარლ მიშელის შეთანხმების როლი.
გამოწვევები
- არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ; ისევ პრობლემად რჩება სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები;
- გრძელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება;
- პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მკვეთრად პოლარიზებული რჩება;
- არ მცირდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა;
- საპარლამენტო დანიშვნებზე, სადაც მაღალი კვორუმია საჭირო, შეთანხმების პოლიტიკური ნება არ არსებობს;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების მიღება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს;
- 19აპრილის შარლმიშელისშეთანხმებისსულისკვეთებაარარისგათვალისწინებული.
ნაწილობრივ შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
“უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირმა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა”.
პრიორიტეტი N 2: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები
მოლოდინები
- საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირება საკონსტიტუციო ცვლილებების გზით;
- 2021 წლის 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა;
- ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 2/3-ით არჩევა და ანტიჩიხური მექანიზმის შემუშავება;
- ცესკო-ს დროებითი თავმჯდომარის არჩევის შეზღუდვა, რათა 2024 წლის არჩევნებისთვის ცესკო-ს არჩეული თავმჯდომარე მართავდეს;
- საარჩევნო კოდექსში იმგვარი ცვლილებების განხორციელება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ე.წ. „კარუსელებს“, დათვლის დროს გაყალბებას, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლას;
- სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა;
- პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება, მათ შორის, პარლამენტის რეგლა- მენტის შეცვლის გზით;
- ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება.
სად ვართ ახლა
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა:
● ინტერპელაციების რაოდენობა 4-დან 8-მდე გაიზარდა;
● მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს წერილობითი ანგარიში მინისტრის საათამდე 5 დღით ადრე წარუდგინოს;
● მთავრობა პარლამენტში დეპუტატების მოთხოვნით უფრო ოპერატიულად წარდგება;
● დეპუტატის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15-დან 10 დღემდე შემცირდა;
● კომიტეტის თემატური მოკვლევები შეიძლება დაიწყოს კომიტეტზე დამსწრე დეპუტატების უმრავლესობით, ყველა დეპუტატის ნაცვლად.
● სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტს მხოლოდ სამსახურის უფროსი წარუდგენს და არა მისი მოადგილე.
მმართველმა პარტიამ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის, ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემის შესახებ, რომელიც დამონტაჟდება უბნების 90%-ში. უბნებზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება და უბნის შედეგები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლება;
პარლამენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი. ცვლილებები შეეხო პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, საჩივრებს, გადათვლის წესს, მარკირებას და არჩევნების დაკვირვებას
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩია;
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირების პირობად კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა არ განიხილა ის შეთავაზებები, რომლებიც უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას ეხებოდა;
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის თებერვალში 2023-26 წლების საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების სტრატეგია და 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც მოიცავს დეცენტრალიზაციის, საჯარო სამსახურის განვითარების, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ციფრული მმართველობისა და ეროვნულ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს.
გამოწვევები
! 5%-იანი საარჩევნო ბარიერი უცვლელად რჩება, ბლოკები არაა დაშვებული, რაც ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის არჩევნებისათვის არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს;
! ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების მიხედვით, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები არ შეხებია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია;
- ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენება საარჩევნო კამპანიების მიზნებისათვის;
- მაღალი ზღვარი საარჩევნო შემოწირულობებისათვის, რაც გავლენას ახდენს თანასწორი საარჩევნო გარემოს არსებობაზე;
- საარჩევნო კამპანიების დაფინანსების შემდგომი რეგულირება;
- მედია კამპანიების რეგულირების შემდგომი დახვეწა;
- ხმების გადათვლა და გაუქმება;
- ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისათვის მიმართული ზომები.
! ISFED-ის, საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებებს ეყრდნობა, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ არის დარჩენილი განსახორციელებელი ცვლილებები, მათ შორის, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, საჩივრებისა და სარჩელების წარდგენისა და განხილვის ვადების გაზრდა, საარჩევნო პროცესში სხვადასხვა რეგულაციის დახვეწა, საარჩევნო უბნის გადათვლის კრიტერიუმების დახვეწა და ა.შ.
! არ არის შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც ე.წ. „კარუსელების“ პრევენციას მოახდენს (მაგალ- ითად, შტრიხკოდიანი ბიულეტენები)
! ცესკო-ს თავმჯდომარე არ არის არჩეული პარლამენტის 2/3-ით და ის დროებით ინიშნება;
! სამოქალაქო საზოგადოების აზრით, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება კვლავ დაბალია;
! ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან ანგარიშვალდებულებას;
! საპარლამენტო ოპოზიციისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები შეზღუდულია და, ცალკეულ შემთხვევაში, დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობაზე;
! არ შეცვლილა კითხვა-პასუხის რეჟიმის პროცედურა ინტერპელაციის დროს.
შესასრულებელია
ევროკავშირი მოითხოვს:
“მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.”
პრიორიტეტი N3: დამოუკიდებელი სასამართლო
მოლოდინები
- მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება;
- სასამართლოს რეფორმირებისთვის ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა;
- სასამართლოს ინსტიტუციური და მოსამართლეების ინდივიდ- უალური დამოუკიდებლობის გაზრდა მმართველი პარტიის მხრიდან ე.წ. კლანის მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა, რაც გულისხმობს კორპორატივიზმის შემცირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილებების შეზღუდვასა და პლურალიზმის გაძლიერებას გადაწყვეტილებების მიღებისას;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კრიტერიუმებსა და ნომინირების პროცესში ცვლილებების განხორციელება, ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის დანერგვა;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევა; გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის ცვლილება
სად ვართ ახლა
„ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტი გაუგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს;
ვენეციის კომისიამ მოამზადა მოსაზრება საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ კანონში” შესატან ცვლილებებზე, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის კონტექსტში;
ვენეციის კომისიის შეფასებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ რეფორმას;
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული მისი წინა რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორპორატივიზმი და პირადი ინტერესები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლის მივლინება/გადაყვანა, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა და მოსამართლის დამოუკიდებლობის სხვა გარანტიები;
ინიციირებულ პაკეტს აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. მათი აზრით, „ქართული ოცნება“ სასამართლოზე კონტროლის დათმობას არ აპირებს და მხოლოდ ფორმალური ხასიათის ცვლილებებს ახორციელებს;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა;
გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა „ქართულ ოცნებასა“ და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსით შეიცვალა;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ კონსენსუსი არ შედგა და კენჭისყრა გადაიდო.
გამოწვევები
! პარლამენტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას;
! საქართველოს პარლამენტმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ფართო ჩართულობა, რაც საფრთხეს უქმნის ინკლუზიურობისა და მრავალ-- პარტიული კონსულტაციების შესახებ ევროკავშირის მოთხოვნის შესრულებას;
! ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის ცვლილებები არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ჯეროვან რეფორმას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას;
! სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს კრიტიკას ოპოზიციასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
! ორი მოსამართლე, რომლებიც სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის (ე.წ. „კლანის“) ლიდერებად მიიჩნევიან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცედურის რეფორმის გატარებამდე აირჩიეს, რაც პირობითობის შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს;
! „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ცვლილებები რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა, რასაც ადასტურებს ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება;
! საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ აურჩევია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრები;
! გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით არჩევის პროცედურის მიღების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ის მხოლოდ ანტიჩიხურ მექანიზმს გამოიყენებს და გენერალურ პროკურორს ერთი წლის ვადით რვაჯერ აირჩევს;
! გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით არჩევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ერთი მოსმენით არის მიღებული;
! რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით ხმის მიცემის პროცედურის დანერგვის შესახებ არ იქნა გათვალისწინებული.
ნაწილობრივ შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
“გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახალდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.”
პრიორიტეტი N4: ანტიკორუფციული ზომები
მოლოდინები
- პოლიტიკური კონტროლისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფ- ციული სააგენტოს შექმნა, რომელიც არსებული ინსტიტუტების როლებს გააერთიანებს და საჭირო, მათ შორის, საგამოძიებო ფუნქციებითა და შესაძლებლობებით იქნება აღჭურვილი;
- ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლით ჩამოყალიბებული ორი ახალი ორგანოს – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და შესაძლებლობების გაძლიერება.
სად ვართ ახლა
„ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა და პარლამენტში შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო;
ანტიკორუფციული ბიურო შექმნილია და მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა კონკურსის საფუძველზე დანიშნა;
ანტიკორუფციულ ბიუროს ევალება კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მაღალი თანამდებობის პირების ქონების დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებლების დაცვის გაძლიერება, პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე;
„ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია ანტიკორუფციული ბიუროს საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვასთან დაკავშირებით;
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცა ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება გაიზრდება: იზრდება იმ სამართალდარღვევათა ჩამონათვალი, რომელთა გამოძიებაც სამსახურს შეუძლია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევას, გენერალური პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური გარანტიები გაფართოვდება ახლად მიღებული ცვლილებებით.
გამოწვევები
! ანტიკორუფციული ბიუროს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების დეფიციტი;
! ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ აქვს;
! კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს ხელშია, რაც ეწინააღმდეგება ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის ერთ ორგანოში თავმოყრის მოთხოვნას;
! ანტიკორუფციული სააგენტო კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში რჩება; ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა.
შესასრულებელია
ევროკავშირი მოითხოვს:
“დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით”.
პრიორიტეტი N5: დეოლიგარქიზაცია
მოლოდინები
- საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ დეოლიგარქიზაცია შეიძლება სხვა პრიორიტეტების შესრულებით იქნას მიღწეული.
შენიშვნა: ევროკავშირს დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო რეგულაცია არ მოუთხოვია.
სად ვართ ახლა
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიღებულია ორი მოსმენით და გაეგზავნა ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ, პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა;
ვენეციის კომისიის დასკვნით, საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შეიცავს დიდ რისკს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება;
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულმა ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და რომ „კანონპროექტი მთავრობას ზედმეტ გავლენას ანიჭებს ამ პროცესზე“;
ვენეციის კომისიამ კანონპროექტის პუნქტების ნაწილის ბუნდოვანებაში საფრთხე დაინახა;
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „ოლიგარქებად“ დასახელებული პირებისათვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო და პოლიტიკური კამპანიების, „პოლიტიკური მოთხოვნებით“ მიტინგებისა და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები;
ვენეციის კომისია უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი “პერსონალურ” მიდგომას ეყრდნობა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ “პერსონალური” მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს;
არსებული რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის “პერსონალური” მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს და ახდენს პიროვნებების სტიგმატიზაციას ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით,შეიცავსმაღალრისკს,რომ ადამიანისუფლებებიდასახულიმიზნებისმიღწევისგარეშედაირღვეს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შორისაა:
● ძირითადი დებულებებისა და პროცედურების კლასიფიკაცია, როგორიცაა „პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა“, „მასმედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა“ და ა.შ.;
● პროცედურული გარანტიებისა და სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების შემუშავება;
● „ოლიგარქად“ დასახელების გამო გამოწვეული შედეგების პროპორციულობის უზრუნველყოფა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარდგენილი კანონპროექტი არ განხილულა და ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილა;
საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგნი არიან, რადგან, მათი აზრით, ის მხოლოდ ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხარდამჭერებს შეეხება. ასევე, მათი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება საჭირო არაა და პრობლემასთან გამკლავება სისტემური მიდგომით და სხვა პრიორიტეტების შესრულებითაა შესაძლებელი.
გამოწვევები
! როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მხოლოდ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შეეხება, მაგრამ არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს;
! ვენეციის კომისიამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა. კომისიის რეკომენდაციით, არსებულ კანონპროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს;
! კანონი შესაძლოა ვენეციის კომისიის მოსაზრების სრულყოფილად გათვალისწინების გარეშე იქნას მიღებული;
! პოლიტიკური ნების არარსებობა, რათა მოხდეს დაბრუნება საწყის მიდგომასთან, რომლის თანახმადაც კანონის მიღება პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭირო არაა.
მეტწილად შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით;
სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;
პრიორიტეტი N6: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
მოლოდინები
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება;
- სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
სად ვართ ახლა
სამუშაო ჯგუფმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ არსებული სიტუაციის მიმოხილვა და შეფასება ჩაატარა და 8 შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები დახურული იყო;
სამუშაო ჯგუფის შეხვედრების შედეგად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც 76 კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯს მოიცავს, ასევე განსაზღვრულია მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და მათი შესრულების ვადები;
დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, ტრეფიკინგი და ფულის გათეთრება, კიბერ და ნარკოდანაშაულები, ტერორიზმის დაფინანსება და ა.შ.;
პარლამენტმა მიიღო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა;
სამუშაო ჯგუფმა არ იმუშავა სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და მათზე ზედამ- ხედველობის უზრუნველსაყოფად პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, იმ არგუმენტით, რომ აღნიშნულ საკითზე მეორე პრიორიტეტის ფარგლებში იმუშავეს.
გამოწვევები
! თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის საკითხებზე არ უმუშავია;
! სამუშაო ჯგუფში ჩართულმა ორმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ჯგუფში მუშაობა ISFED-თან დაკავშირებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გამო შეაჩერა;
! თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა არ გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ზედამხედველობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას შეეხებოდა;
! სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი;
! სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება.
შესასრულებელია
ევროკავშირი მოითხოვს:
„უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“
პრიორიტეტი N 7: მედია
მოლოდინები
- „ფორმულასა“ და „TV პირველის“ მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და სხვა სახის სამართლებრივ დავებზე მართლმსაჯულების შეწყვეტა;
- „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება;
- 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ჩამდენებისა და ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა;
- მედიის წარმომადგენლების უკანონო ფარული მოსმენა-მიყურად- ების ფაქტებზე გამოძიების დასრულება; დამნაშავეების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა;
- ფართო კონსენსუსის საფუძველზე, საქართველოს მედიის მარეგულ- ირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზება აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროკავშირის დირექტივასთან;
- მედიის საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონმდებლობის ნების- მიერი სახით ინიციირებისა და მასზე განხილვების დაწყებისგან თავის შეკავება ან/და არმიღება.
სად ვართ ახლა
„ქართულმა ოცნებამ“ დადო პირობა, რომ პარლამენტი, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე გამოძიებების შესახებ;
პარლამენტმა ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოტივით მიიღო ხარვეზიანი ცვლილებები. კანონი სამოქალაქო საზოგადოებამ რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხში გააკრიტიკა, როგორც მედიის თავისუფლებისთვის საზიანო და ევროკავშირის დირექტივასთანშეუსაბამო. კერძოდ, ცვლილებებით:
(1) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
(2) პასუხის უფლების არსი გასცდა ევროდირექტივის მოთხოვნის ფარგლებს და მასზე კონტროლი გაუმართლებლად დაექვემდებარა კომისიის მანდატს;
(3) სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები შეიცავს მედიის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის სერიოზულ რისკს, როგორც სიძულვილის ენის დეფინიციის, ისე რეგულირების მექანიზმის პრობლემურობის გამო;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე, რაც არღვევს და ხელს უშლის მედიის პარლამენტში თავისუფლად საქმიანობის უფლებას;
საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს, რომელიც, ევროკავშირის წარმომადგენლების თანახმად, ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს და 12 პრიორიტეტიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგებოდა. საპარლამენტო უმრავლესობამ, მასობრივი პროტესტის შემდეგ, მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩააგდო;
კანონპროექტის აღსრულება საბოლოოდ დამოუკიდებელი მედიის ნაწილის საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევდა.
გამოწვევები
! ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება;
! TV პირველის დამფუძნებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში რჩება;
! დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავა გრძელდება სასამართლოში – ტელეკომპანია “ფორმულას” სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე დღის წესრიგში რჩება;
! 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ არიან დასჯილნი;
! ჟურნალისტების უკანონო მოსმენის ფაქტები არ არის გამოძიებული. დანაშაულის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოვლენილან და არ დასჯილან;
! სამოქალაქო საზოგადოების აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროდირექტივის მიკერძოებული ინტერპრეტაცია მოახდინა. კანონი ხარვეზიანია და მედიის თავისუფლების საზიანოდ სცდება ევროდირექტივის მოთხოვნებს;
! მედიის საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონმდებლობის პარლამენტში ინიციირება, მისი პარლამენტში განხილვა ან/და მიღება მედიის თავისუფლების მდგომარეობას გააუარესებს.
ნაწილობრივ შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
“სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით”.
პრიორიტეტი N 8: მოწყვლადი ჯგუფები
მოლოდინები
- 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის გამოძიება და ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დასჯა;
- მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება;
- ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება;
- ჰომოფობიისა და ქსენოფობიის შემცირებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება;
- ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობისა და მონაწილეობის გასაზრდელად სპეციალური მექანიზმების შემუ- შავება;
- ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებებიდან სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მონაწილეობით, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან დემოკრატიული, ინკლუზიური და რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა.
სად ვართ ახლა
5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან;
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის”. დოკუმენტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმაც;
დაწყებულია მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე;
სტრატეგიიდან LGBTQI თემის უფლებების დაცვის საკითხი მთლიანად ამოღებულია. სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩართულნი არ იყვნენ, მათ შენიშვნები მოგვიანებით მიაწოდეს, მათ შორის, ცალკე თავი LGBTQI ადამიანების უფლებების ნაწილზე, თუმცა რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებიათ;
მთავრობა აცხადებს, რომ აგრძელებს პოლიტიკის გატარებას, რათა გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის, მხარი დაუჭიროს ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლაში, ყველა დონეზე განათლების ხელმისაწვდომობაში, სახელმწიფო ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობაში და მათ მშობლიურ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში;
ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდადებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებისთვის არც ერთი ადამიანი არ დასჯილა.
შსს-ს განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 31 პირია მიცემული. თუმცა, ძალადობის ორგანიზების ბრალდება არც ერთ მათგანს არ ეხება;
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, “ქართული ოცნების” ლიდერებისგან დაიწყო LGBTQI+ ჯგუფების საწინააღმდეგო რიტორიკა. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ “LGBT პროპაგანდა” “არასახელმწიფო საქმიანობებს” შორის მოიხსენია. პრემიერ-მინისტრმა კი, თბილისში ღირსების მარშის ჩატარება “მეტად პროვოკაციულ ღონისძიებად” შეაფასა.
გამოწვევები
! 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან;
! LGBTQI ჯგუფის უფლებების დაცვა გაქრა დღის წესრიგიდან, ადამიანის უფლებათა 2022-2030 ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტიდან მთავრობამ საერთოდ ამოიღო მათი უფლებრივი მდგომარეობის საკითხი და სტრატეგია LGBTQI თემის უფლებების დაცვას არ ითვალისწინებს, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა თემის წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
! მმართველმა პარტიამ გააძლიერა LGBTQI თემის საწინააღმდეგო რიტორიკა.
მეტწილად შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
“გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ”.
პრიორიტეტი N 9: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა
მოლოდინები
- გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონების უკეთ აღსრულების გზით;
- გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი სამოქმედო გეგმის მიღება;
- გაუპატიურების განმარტების შეცვლა სტამბულის კონვენციის მიხედვით;
- „მსხვერპლის სტატუსის“, როგორც სახელმწიფო სერვისებზე ხელ- მისაწვდომობის წინაპირობის მოხსნა.
სად ვართ ახლა
პარლამენტმა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო;
კანონპროექტების გენდერზე გავლენის შეფასება სავალდებულო გახდა;
მიღებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო გარდა ფორმალური გენდერული თანასწორობის მიღწევისა, უზრუნველყოფს ქალსა და მამაკაცს შორის რეალური/ფაქტობრივი თანასწორობის დამკვიდრების სტიმულირებას;
მთავრობამ მიიღო დადგენილება ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ;
სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობის საჭიროებისას “მსხვერპლის სტატუსის” არსებობის წინაპირობა გაუქმდა;
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია მიიღო; პარლამენტმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია დაამტკიცა;
პარლამენტმა, ოპოზიციონერი დეპუტატის თავმჯდომარეობით, ქალების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე თემატური მოკვლევა ჩაატარა;
გაუპატიურების განმარტების სტამბულის კონვენციასთან ჰარმონიზების მიზნით, პარლამენტში თემატური მოკვლევა მიმდინარეობს, რომლის დასრულების ვადაც 2023 წლის 27 აპრილია;
პარლამენტმა ერთი მოწვევით (2032 წლის ჩათვლით) გაზარდა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა;
გატარებულ ცვლილებებს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მხარს უჭერენ.
გამოწვევები
! გაუპატიურების განმარტება სტამბულის კონვენციის მიხედვით ჯერ არ შეცვლილა;
! გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციამ დაავიწროვა გენდერის დეფინიცია და ის LGBTQI თემის უფლებების დაცვას არ ითვალისწინებს;
! ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციამ დაავიწროვა გენდერის დეფინიცია და ის LGBTQI თემს აღარ მოიცავს.
შესასრულებელია
ევროკავშირი მოითხოვს:
„უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე“.
პრიორიტეტი N10: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
მოლოდინები
- 12 პრიორიტეტის შესრულებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღმასრულებელ, საპარლამენტო და ადგილობრივ დონე- ებზე;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა ეროვნული პოლიტიკების, სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შედგენაში;
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონმდებლობის ნებისმიერი სახით ინიციირებასა და მასზე განხილვების დაწყებისგან თავის შეკავება ან/და არმიღება.
სად ვართ ახლა
"ქართულმა ოცნებამ" პირობა დადო, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 12 პრიორიტეტის შესრულებაში ჩართავდა და მათი ეფექტური მონაწილეობისთვის მექანიზმებს შეიმუშავებდა;
საზოგადოებრივი ორგანიზაციები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მიწვეულნი იყვნენ, თუმცა შეზღუდული წარმომადგენლობით;
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის მონაწილეობა დაბლოკა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კოორდინაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სპორადული შეხვედრები ტარდებოდა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეალური ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი;
საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების თანახმად, ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს და 12 პრიორიტეტიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგებოდა. საპარლამენტო უმრავლესობამ მასობრივი პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩააგდო;
კანონპროექტის აღსრულება საბოლოოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევდა;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელისშემშლელი კანონების ინიციირებისა და პირველი მოსმენით მიღების შედეგად, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის პოლარიზაცია გაიზარდა, რამაც 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაართულა;
მმართველი პარტიის მიერ ე.წ. “აგენტების” კანონის პრინციპების ერთგულების გამო, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობა შეაჩერეს;
კანონპროექტის ჩაგდების მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო სექტორზე თავდასხმები გააგრძელა და მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია გაამძაფრა. მათ შორის, ე.წ “აგენტების” კანონის მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ლიდერები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებს უწოდებენ. სამოქალაქო სექტორს ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლაში, პროვოკაციების მოწყობაში, დესტრუქციულ საქმიანობასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის სურვილშიც ადანაშაულებენ. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათ ფინანსებსა და ქვეყნის მიმართ ერთგულებას.
გამოწვევები
! სამოქალაქო საზოგადოების აზრით, სასამართლოს რეფორმის, ანტიკორუფციული ზომების, დემოკრატიული ზედამხედველობის, მედიისა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ იქნა გათვალისწინებული;
! საარჩევნო კოდექსის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის დაბლოკვა;
! „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებს;
! პარლამენტის მიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით ინიციირება და მასზე განხილვის დაწყება სამოქალაქო საზოგადოების მდგო- მარეობას მკვეთრად გააუარესებს და მათ საქმიანობას და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობას საფრთხეს შეუქმნის;
! სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული.
შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
“მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.”
პრიორიტეტი N11: ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება
მოლოდინები
- პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან, პროაქტიულად გაითვალ- ისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენები თავიანთ გადაწყვეტილებებში;
-
მიღებული კანონმდებლობის დანერგვის ეფექტური მექანიზმების შექმნა.
სად ვართ ახლა
პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დანერგვას ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაში და გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან მიმართებაში მოსამართლეთა კომპეტენცია გაიზრდება;
საქართველოს სასამართლოებში შეიქმნება სამსახური, რომელიც მოსამართლეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს მიაწვდის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიქმნა ანალიტიკური სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული მასალების მოძიება და თარგმნაა;
კანონმდებლობის მომზადებისას სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
ცვლილებები მიღებული იქნა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით.
გამოწვევები
! პოტენციური სირთულეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების ეროვნულ სასამართლოების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით.
ნაწილობრივ შესრულდა
ევროკავშირი მოითხოვს:
“უზრუნველყოფილი იქნას, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პირს და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.”
პრიორიტეტი N12: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი
მოლოდინები
- პარლამენტმა მრავალპარტიული კონსენსუსით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აირჩიოს ახალი სახალხო დამცველი;
- სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა;
- ახალი სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
სად ვართ ახლა
„ქართულმა ოცნებამ“ საშემოდგომო სესიაზე სახალხო დამცველის კანდიდატების შესაფასებლად 9 წევრისგან შემდგარი დამოუკიდებელი შეფასების ჯგუფი შექმნა.
კომისიამ უმაღლესი შეფასებები დაუწერა სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ სამ დამოუკიდებელ კანდიდატს (გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი), რომლებსაც ასევე ჰქონდათ ოპოზიციური პარტიების საჯარო მხარდაჭერა. გაიმართა ყველა კანდიდატის საჯარო მოსმენაც.
„ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ კამპანია აწარმოა. მიუხედავად გამჭვირვალე პროცესისა, “ქართულმა ოცნებამ” მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა და პროცესი მთლიანად ჩავარდა.
საგაზაფხულო სესიაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე, “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის “მოქალაქეები” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის კანდიდატურას. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
გამოწვევები
! გამოწვევად დარჩა საგაზაფხულო სესიაზე სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სახალხო დამცველად მოქმედი პოლიტიკოსის არჩევა;
! ახალარჩეული სახალხო დამცველის მიერ სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.