2022 წელს თბილისის საკრებულო სრულად ერთხელაც არ შეკრებილა

2022 წლის ნოემბერში „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება.

განმარტებით ბარათის მიხედვით, საქართველოს მთავრობა  საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. მთავრობის თქმით, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით შეიზღუდა შრომის ანაზღაურების ზრდა, რის შედეგადაც სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩა არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს. აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციაზე, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში გაიზარდა კვალიფიციური კადრების სახელმწიფო სექტორიდან გადინება, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს სახელმწიფო სერვისების ხარისხს და სახელმწიფოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, მომდევნო წლებში ბიუჯეტიდან საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ასანაზღაურებლად კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯება.

ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით დაიწყო წელი თბილისის საკრებულომაც. 2022 წლის გეგმის თანახმად, თბილისის საკრებულოს ბიუჯეტი 17,695,800 ლარით განისაზღვრა, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტი 18,418,200 ლარით. 13,765,400 ლარი შეადგინა საკრებულოს ფაქტობრივმა დაფინანსებამ 2021 წელს. 

დაფინანსების ზრდის პარალელურად, ფლანგვის დეტექტორმა გადაწყვიტა შეეჯამებინა საკრებულოს საქმიანობა 2022 წელს. საკრებულოს წევრთა ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენს: აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, საკრებულოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვა. საკრებულოს წევრი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს სხდომაზე. შესაბამისად, მასზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად განსახორციელებლად, სულ მცირე, სხდომაზე დასწრებაა საჭირო. 

2022 წლის განმავლობაში საკრებულოს 12 სხდომა გაიმართა. დედაქალაქის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. წლის მანძილზე საკრებულოს წევრთა სრული დასწრება არც ერთ სხდომაზე არ დაფიქსირებულა. 50 წევრიდან 17 წევრს საკრებულოს სხდომის არც ერთი გაცდენის შემთხვევა არ უფიქსირდება. ამ 17 წევრიდან მხოლოდ 4 წევრია ოპოზიციის წარმომადგენელი: საბა ბუაძე, ცოტნე კობერიძე და  ალექსანდრე რატიაშვილი, რომელიც შემდგომში ნინო წულაძემ ჩაანაცვლა.

ჯამში წლის მანძილზე 86 გაცდენიდან 37 გაცდენა უფიქსირდება ქართული ოცნების წევრებს, 39 - ერთიან ნაციონალური მოძრაობის წევრებს, 9 - საქართველოსთვის წევრებს, ხოლო 1 გაცდენა ლელოს წევრებს. გაცდენების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში საკრებულოს ფრაქცია “ერთიანული ნაციონალური მოძრაობამ” ბოიკოტი გამოაცხადა და არ დაესწრო თბილისის საკრებულოს სხდომას. 

რაც შეეხება გაცდენების ინდივიდუალურ მაჩვენებელს, 2022 წელს 12 სხდომიდან 7 სხდომას არ ესწრებოდა ენმ-ის წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი, 7 სხდომას არ ესწრებოდა ქართული ოცნების წარმომადგენელი ნათია მოდებაძე, ხოლო მესამე ადგილს გაცდენების სიაში კვლავ ენმ-ს წევრი იკავებს - სოფიო ჯაფარიძე  5 სხდომას არ დაესწრო.  

თუმცა, თავისთავად არც საკრებულოს სხდომებზე დასწრება ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს წევრები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს სრულად და ჯეროვნად ასრულებენ და არც საკრებულოს სხდომებზე არ დასწრება ნიშნავს იმას, რომ მათზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებენ. 

 

წყარო:

  1. საკრებულოს წევრთა ანგარიშები https://bit.ly/3kd1No4 

  2. საკრებულოს სხდომები https://bit.ly/3iCmTf9