თბილისის მერიამ 2022 წლის ბოლოს, ერთ დღიანი ინტერვალით ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ორივე მათგანი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი შპს გრინსერვის + არის. შესაბამისად, თუ რაიმე მიზეზით ტენდერები არ ჩაიშალა, ორივე ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდება.
პირველი ტენდერი თბილისის მერიამ 2022 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 3 იანვარს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,499,966 ლარს შეადგენს. მიმწოდებელმა კომპანიამ თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული კი ბეტონის, ქვისა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს მოიცავს. ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი შპს გრინსერვის + არის, რომელმაც შემსყიდველს 3,145,000 ლარი შესთავაზა.
მეორე ტენდერი თბილისის მერიამ 13 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 4 იანვარს დასრულდა. მერია ამ ტენდერით თბილისის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 8,570,305 ლარი გამოყო. ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი ამ შემთხვევაშიც შპს გრინსერვის+ არის. მან თბილისის მერიას 6,850,000 ლარი შესთავაზა. ტენდერი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპს გადის, თუმცა სავარაუდოა, რომ ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შპს გრინსერვის+ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იღებს მონაწილეობას. თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყო. ერთ-ერთი ეტაპი სწორედ შპს გრინსერვის +-მა ჩაატარა – კერძოდ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშოები. კომპანიამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ თბილისის მერიისგან 12,979,867 ლარი მიიღო. რეაბილიტირებული ვაკის პარკის გახსნიდან 1 დღის შემდეგ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია. 2022 წლის 18 ოქტომბერს ამ საქმეზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის არიან შპს გრინსერვის +-ისა და მშენექსპერტის დირექტორები, თანამშრომლები, კერძო ელექტროშემდუღებლები და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. გამოძიება დაკავებულ პირებს სამსახურეობრივ გულგრილობასა და სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.
რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, აღსანიშნავია, რომ შპს გრინსერვის + 2010 წელს დაფუძნდა, მისი დამფუძნებლები და მიმდინარე მონაცემებით მესაკუთრეები კობა ხარშილაძე, ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე არიან. ვაკის პარკის ინციდენტამდე კომპანიის დირექტორის თანამდებობას ლაშა ფურცხვანიძე იკავებდა, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში ის ტარიელ კიკნაძემ ჩაანაცვლა.
საინტერესოა, რომ ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის გამგებლისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, კობა ხარშილაძე კი მისი მოადგილე იყო ძველი თბილისის გამგებლად ყოფნისას. სწორედ ლაშა ფურცხვანიძისა და კობა ხარშილაძის საკუთრებაში იყო შპს გრინსერვისი, რომელიც 2012 წელს შავ სიაში შეიყვანეს. ამის შემდეგ, 2013 წლიდან სახელმწიფო შესყიდვებში შპს გრინსერვის+ გამოვიდა ასპარეზზე. კომპანიას დღემდე 73 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შპს გრინსერვისის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე დააკავა, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შპს გრინსერვის+-მა აქტიურად გაააგრძელა ტენდერებში მონაწილეობა.
თბილისის მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს არც 2013 წელს კომპანიის დამფუძნებლების დაკავების დროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ კომპანიის სანდოობა და საინტერესოა, ახლა რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია თბილისის მერიას ის, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან 3 თვის შემდეგ სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ისევ შპს გრინსერვის +-ს ჩაატარებინოს.
წყაროები:
-
თბილისის მერიის ტენდერი, 12 დეკემბერი- NAT220026942
-
თბილისის მერიის ტენდერი, 13 დეკემბერი- NAT220027050
-
შპს გრინსერვის+ https://bit.ly/3kaVAcf
-
ვაკის პარკის ტრაგედია- https://bit.ly/3X4yW47
-
ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულები- https://bit.ly/3vXJW7r
-
ფურცხვანიძე და ხარშილაძე დააკავეს- https://bit.ly/3CBLo3a