28 მუნიციპალიტეტი საახალწლოდ თითქმის ₾5 მილიონს დახარჯავს უტენდეროდ

საახალწლო სამზადისი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწყო. "ფლანგვის დეტექტორმა" უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს თბილისის მერია ახალი წლის აღნიშვნას და რა თანხებს დახარჯავს ამ მიმართულებით. ამჯერად კი საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ გვსურს გიამბოთ. 

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 ნოემბერს "საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონიძიებების ორგანიზების შესახებ" განკარგულება გამოსცა. განკარგულების თანახმად საქართველოს მთავრობამ 62 მუნიციპალიტეტს დაავალა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა. განკარგულების თანახმად, განსახორციელებელი ღონისძიებები  მოიცავს: კონცერტს, საშობაო ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვებს, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები  ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობას, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის  თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონიას, ფოერვერკებს და სხვა აქტივობებს. 

აღსანიშნავია, რომ განკარგულება მთავრობის სამართლებრივი აქტია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთავრობის ვებ-გვერდზევე, თუმცა 2020 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა განკარგულებებს აღარ ასაჯაროვებს. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტები წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავენ საახალწლო დღესასწაულების გამართვაში, ხშირად ისინი ხელშეკრულებებს არა ელექტრონული ტენდერების, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით აფორმებენ. წელს მუნიციპალიტეტები გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას იმით ხსნიან, რომ საქართველოს მთავრობამ "საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ" განკარგულება 2022 წლის ნოემბერში გამოსცა, შესაბამისად, ისინი წინასწარ ვერ დაგეგმავდნენ საახალწლო ღონისძიებებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალი წელი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის გარემოება, რამდენად მოულოდნელი იყო მუნიციპალიტეტებისთვის წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზება, რამაც მათ ხელი შეუშალა უფრო გამჭვირვალე გზით, ელ.ტენდერების მეშვეობით გაეფორმებინათ ხელშეკრულებები. 

"ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა საქართველოს 28 მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვები, რომელთა მიზანი საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაა. კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტები კონცერტების, საშობაო ბაზრობების, საახალწლო ინსტალაციების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოიერვერკებისა და სხვა აქტივობების გასამართად საერთო ჯამში 4,684,470 ლარს ხარჯავენ. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან ყველაზე მეტს გორის მუნიციპალიტეტი ხარჯავს, საახალწლო ღონისძიება მუნიციპალიტეტს 358,553 ლარი უჯდება. გორს თან მოსდევს თელავის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც დღესასწაულს 290,645 ლარად მართავს. მესამე ადგილს კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი იკავებს 241,448 ლარით. 

საყურადღებოდ მიგვაჩნია ის გარემოება, რომ უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და შეუძლებელია თბილისის მერიას ან რომელიმე მუნიციპალიტეტს რამდენიმე თვით ადრე არ ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიება იქნებოდა დასაორგანიზებელი. 

თავად შესყიდვის გამოცხადების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით.

შესაბამისად ამ ფონზე, როდესაც არსებობს მთავრობის დადგენილი პრაქტიკა ახალი წელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნოს, გამარტივებული შესყიდვის წესების გამოყენება იკიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს.

 

წყარო:

  1. შესყიდვები   https://bit.ly/3FIy3a3 

  2. მთავრობის განკარგულება https://bit.ly/3BQYjxR 

  3. თბილისის მერია - ფლანგვის დეტექტორი https://bit.ly/3BsZuTG 

  4. მთავრობის განკარგულებები   https://bit.ly/3uPgHCZ