მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.8%-ით ნაკლებია. წინა დოკუმენტში ორგანიზაცია საქართველოში ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა, სავარაუდოა, რომ ორგანიზაციამ მაჩვენებელს საქართველოში გაუარესებული მოლოდინების ფონზე გადახედა.
ორგანიზაციის მიერ მარტში გამოშვებულ ანალიზში საუბარი იყო, რომ ეკონომიკურ სრულმასშტაბიან აღდგენას საფრთხეს უქმნიდა გაჭიანურებული ვაქცინაცია, ეპიდემიოლოგიური ვითარება და პოლიტიკური დაძაბულობა. ჯერჯერობით კვლავ 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს საქართველოს მთავრობა, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება ითქვას ზედმეტად ოპტიმისტურია.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა საუკეთესო შემთხვევაში 4%-ით, ხოლო პესიმისტურ შემთხვევაში 1%-ით გაიზრდება. ეკონომიკურ ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა წინასწარი მონაცემებით 8.3%-ით შემცირდა. ამის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში როგორც მინიმუმ წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მაინც დარჩება.
უფრო გრძელვადიან მოლოდინებთან დაკავშირებით საკვანძო იქნება ტურიზმის აღდგენა, თუმცა ამ მიმართულებითაც ბევრი გამოწვევაა. საქართველოს ტურისტული ნაკადის დაახლოებით 85% მეზობელ სახელმწიფოებზე მოდის, ამ დრომდე უცნობია თუ როდის აღდგება სასაზღვრო მიმოსვლა მეზობელ სახელმწიფოებთან. დამატებით რისკებს წარმოშობს ეკონომიკური კრიზისი რეგიონის სხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთის სავალუტო კრიზისი.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მოცულობას 2021 წლის განმავლობაში ნამდვილად ვერ აღიდგენს. მაღალი ალბათობით ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდელ 2019 წლის მოცულობას 2022 წლის ბოლო კვარტალში ან 2023 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით, ხოლო 2023 წელს კი 5.5%-ით გაიზრდება. იდენტურია საქართველოს მთავრობის პროგნოზი მომდევნო 2 წელთან დაკავშირებით.