თალიბანი და ალქაიდა ერთმანეთთან კონტაქტს კვლავაც ინარჩუნებენ და პერიოდულად თანამშრომლობენ. ამის შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშშია საუბარი.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თალიბანი ალ-ქაიდას მებრძოლებს ავღანეთში თავშესაფარს აძლევს. უწყებაში ამბობენ, რომ თალიბანმა ალ-ქაიდას მებრძოლები მას შემდეგ შეიფარა, რაც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთში ყველა დასახულ მიზანს მიაღწია.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ ავღანეთში გააქტიურდა ისლამური სახელმწიფოც, რომლის მებრძოლებიც თავს ესხომდნენ სახელმწიფო ინფრასტრუქტურას ცენტრალური მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით.
ალ-ქაიდასა და თალიბანს შორის თანამშრომლობაზეა საუბარი, გაეროს მიერ ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც. გაეროს ცნობით, თალიბანი და ალ-ქაიდა ერთმანეთთან კვლავაც მჭიდრო კოორდინაციაში არიან, თუმცა დოჰაში აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, პროცესის დისკრედიტაციიდან თავის ასარიდებლად ალ-ქაიდამ თალიბანთან ღია კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირა.
15 აგვისტოს, ორთვიანი ექსპანსიის შემდეგ თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქი დაიკავეს, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. თალიბანი ამ დროისთვის რამდენიმე პროვინციის გამოკლებით ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. მოსალოდნელია, რომ თალიბანი ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.