აშშ-მა ავღანეთში ტერორისტული ქსელის რეკონსტრუქციის მომეტებული რისკის გამო, ქვეყნიდან მომავალი საფრთხის დონე აამაღლა. აშშ-ის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ სენატორებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დღეებში ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მილის თქმით, აუცილებელია ავღანეთიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის დონის ამაღლება და შესაბამისი მზაობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ავღანეთის ცენტრალური მთავრობა გაცილებით უფრო სწრაფად დაემხო, ვიდრე ამას ბაიდენის ადმინისტრაციაში პროგნოზირებდნენ.
ავღანეთიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხე სენატმა უკანასკნელად ივნისში, საშუალო საფრთხედ შეაფასა, თუმცა აშრაფ ღანის მთავრობის მოულოდნელად სწრაფი დამხობის ფონზე, ამ საფრთხის დონე გაიზრდება.
გუშინ, თალიბანმა ქვეყნის დედაქალაქი უბრძოლველად დაიკავა, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა - 20 წლის შემდეგ თალიბანი ისევ ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა.