თალიბებმა ქაბულის მოსაზღვრე პროვინცია დაიკავეს

დღეს დილის საათებში თალიბანმა ქაბულის მოსაზღვრე პროვინციის დედაქალაქი დაიკავა. ქალაქი პული ალამ ავღანეთის დედაქალაქიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს - ამგვარად ლოგარი ქაბულთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი გახდა, რომელსაც თალიბები აკონტროლებენ. 

ადგილობრივი წყაროების ცნობით, თალიბები აკონტროლებენ არამხოლოდ პროვინციის დედაქალაქს, არამედ მთლიან პროვინციას. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ყანდაჰარის დაკავებასთან ერთად თალიბებმა აიღეს ქალაქის მთავარი რადიო სადგურიც. თალიბები რადიოს სახელი შეუცვალეს და შარიათის ხმა დაარქვეს. 

ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის 34-დან 18 პროვინციას აკონტროლებენ. ბოლო კვირის განმავლობაში თალიბებმა ქვეყნის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები - ჰერათი და ყანდაჰარი დაიკავეს. 

უმნიშვნელოვანესი ქალაქების ჰერათის და ყანდაჰარის დაკარგვა ავღანეთის ცენტრალური მთავრობისთვის უდიდესი დანაკარგებია, რის ფონზეც შეიცვალა მოლოდინები ქაბულის აღებასთან დაკავშირებით - ამ დროისთვის ქაბულს ჯერ კიდევ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ქაბულის ალყა რამდენიმე კვირაში დაიწყება. სამთავრობო ძალები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ქალაქებს, მათ შორის მაზარ-ი-შარიფს სამხრეთში და ჯალალაბადს პაკისტანის საზღვრის მახლობლად. 

ავღანეთში ვითარების სწრაფი გაუარესების ფონზე, დოჰაში დასრულდა ავღანეთის სამშვიდობო ჯგუფის შეხვედრა - აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და პოლიტიკური შეთანხმებისკენ მოუწოდეს. ამავდროულად, ქვეყანაში გაზრდილი საფრთხის ფონზე ცნობილი გახდა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი საელჩოების თანამშრომლებისა და მათი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებით სამხედროებს გაგზავნიან. 

ავღანეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და თავდაცვის მდივან ოსტინ ლოიდს. პრეს-რელიზების თანახმად, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს ავღანეთის მთავრობას და მშვიდობას. 

გასულ წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული შეთანხმებიდან თალიბანმა აიღო ვალდებულება არ დაესხას თავს ამერიკულ ძალებს, მათ ასევე აიღეს ვალდებულება ჩართულიყვნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში თალიბანთან, თუმცა პროცესს ამ დრომდე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 

ავღანეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა პაკისტანის პრემიერი იმრან ხანი. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანი უარყოფს თალიბანის მხარდაჭერას, უკვე მრავალი წელია ისინი თალიბების მთავარი მოკავშირეები არიან - სწორედ აქ ცხოვრობდნენ ავღანეთიდან განდევნილი თალიბები წლების განმავლობაში და სწორედ პაკისტანის რელიგიური სკოლებიდან აყავდათ მათ ახალი მებრძოლები. 

იმრან ხანის თქმით, თალიბანი პრობლემის პოლიტიკურ გადაჭრას მანამ არ დათანხმდება, სანამ აშრაფ ღანი პრეზიდენტის პოსტს იკავებს.