ხუთი ქალაქი ერთ დღეში - თალიბებმა ავღანეთის მეორე ქალაქი ყანდაჰარი აიღეს

ბოლო ორი დღის განმავლობაში თალიბანმა კიდევ უფრო გაამყარა და გააფართოვა კონტროლის ზონა - მხოლოდ გუშინ თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქები დაიკავა. ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის 34 პროვინციიდან სრულად აკონტროლებენ 14 მათგანს. 

საყურადღებოა, რომ თალიბანი მოძრაობა 1990-იან წლებში სწორედ ჰანდაჰარში დაიწყო - წარმოშობით ყანდაჰარელი იყო თალიბანის დამფუძნებელი და უცვლელი მულა ომარი. მრავალი წლის განმავლობაში უპირატესად ეთნიკური პუშტუნებით დასახლებული ყანდაჰარი თალიბების მთავარ საყრდენ წერტილად მიიჩნეოდა. ამ თვალსაზრისით ყანდაჰარის დაკავება თალიბანისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობისაა. 

საყურადღებოა, რომ ყანდაჰარის აეროპორტს კვლავაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, არის ცნობები, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

უმნიშვნელოვანესი ქალაქების ჰერათის და ყანდაჰარის დაკარგვა ავღანეთის ცენტრალური მთავრობისთვის უდიდესი დანაკარგებია, რის ფონზეც შეიცვალა მოლოდინები ქაბულის აღებასთან დაკავშირებით - ამ დროისთვის ქაბულს ჯერ კიდევ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ ქაბულის ალყა რამდენიმე კვირაში დაიწყება. სამთავრობო ძალები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან ქალაქებს მათ შორის მაზარ-ი-შარიფს სამხრეთში და ჯალალაბადს პაკისტანის საზღვრის მახლობლად. 

ავღანეთში ვითარების სწრაფი გაუარესების ფონზე, დოჰაში დასრულა ავღანეთის სამშვიდობო ჯგუფის შეხვედრა, აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და პოლიტიკური შეთანხმებისკენ მოუწოდეს. ამავდროულად, ქვეყანაში წარმოქმნილი გაზრდილი საფრთხის ფონზე ცნობილი გახდა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი საელჩოების თანამშრომლებისა და მათი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებით სამხედროებს გაგზავნიან. 

ავღანეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და თავდაცვის მდივან ოსტინ ლოიდს. პრეს-რელიზების თანახმად ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ კვლავაც მხარს დაუჭერს ავღანეთის მთავრობას და მშვიდობას. 

გასულ წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული შეთანხმებიდან თალიბანმა აიღო ვალდებულობა არ დაესხას თავს ამერიკულ ძალებს, მათ ასევე, აიღეს ვალდებულება ჩართულიყვნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში თალიბანთან, თუმცა პროცესს ამ დრომდე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 

ავღანეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა პაკისტანის პრემიერი იმრან ხანი. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანი უარყოფს თალიბანის მხარდაჭერას უკვე მრავალი წელია პაკისტანი თალიბების მთავარი მოკავშირეები და მხარდამჭერები არიან - სწორედ აქ ცხოვრობდნენ ავღანეთიდან განდევნილი თალიბები წლების განმავლობაში და სწორედ პაკისტანის რელიგიური სკოლებიდან აყავდათ ახალი მებრძოლები. 

იმრან ხანის თქმით, თალიბანი პრობლემის პოლიტიკურ გადაჭრას მანამ არ დათანხმდება, სანამ აშრაფ ღანი პრეზიდენტის პოსტს იკავებს.