თალიბანმა ჰერათში პოლიციის შენობები დაიკავა, ბრძოლები მიმდინარეობს ყანდაჰარში

ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ავღანეთის მასშტაბით თალიბანის ტერიტორიული ექსპანსია მიმდინარეობს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბებმა აიღეს ღაზნის პროვინციის ამავე დასახელების დედაქალაქი. 

ქალაქი ღაზნი ქაბულიდან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებას წარმოადგენს. ამგვარად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თალიბანმა მეათე პროვინციული დედაქალაქი დაიკავა. 

ამასთანავე ვრცელდება ცნობები, რომ ღაზნის პროვინციის გუბერნატორი ვარდაქის პროვინციაში დააკავეს - არსებული ინფორმაციით გუბერნატორმა თალიბანთან პირადი ხელშეუხებლობის სანაცვლოდ ქალაქი უბრძოვლევად ჩააბარა. 

თალიბანის მასშტაბური ინტერვენციის ფონზე ცნობილი ხდება, რომ ავღანეთის მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის შესაჩერებლად თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და შექმნილი ვითარებიდან პოლიტიკური გამოსავალი შესთავაზა. 

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბანმა დაიკავა პოლიციის განყოფილებების შენობები ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ ჰერათში. თალიბანის წარმომადგენლების თქმით, ისინი უკვე სრულად აკონტროლებენ ქალაქს, თუმცა დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, ჰერათში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, ცნობილი ხდება რომ თალიბანმა დაიწყო შეტევა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ყანდაჰარზე, რომელიც ორივე მხარისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. თვითმიხლველების ცნობით ქალაქის მისადგომებთან აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ხოლო ქალაქში რთული ვითარებაა. 

ყანდაჰარზე შეტევის გაძლიერების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ქალაქის 400 000-მდე მაცხოვრებელი სხვადასხვა გზებით ჰანდაჰარის დატოვებას შეეცდება, როგორც ეს სხვა ქალაქებში ხდება. 

ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების ფონზე აშშ-ის საელჩომ ავღანეთში მყოფ ამერიკელებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ქვეყანა. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომაც.