თალიბანთან მოსალაპარაკებლად დოჰას აშშ-ის დესპანი ხალილზადი ეწვევა

მიმდინარე კვირას კატარის დედაქალაქს, სადაც თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ავღანეთში აშშ-ის დესპანი დალმაი ხალილზადი ეწვევა. 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი ხალილზადი შეეცდება თალიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს და შექმნილი ვითარებიდან მხარეებს პოლიტიკური გადაწყვეტილება შესთავაზოს. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ოპერაციის დასრულებას 31 აგვისტოს გეგმავს, ამ ფონზე ქვეყანაში თალიბანის ექსპანსია გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში თალიბებმა 6 პროვინციული დედაქალაქი დაიკავეს. 

ხალილზადის ვიზიტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში იგი შეხვდება როგორც თალიბანის წარმომადგენლებს, ასევე, ავღანეთის ცენტრალური მთავრობის წარგზავნილ პირებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თარიღებში გაიმართება მოლაპარაკებები კონკრეტულად. 

გასულ შაბათ-კვირას თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთში სამი პროვინციული დედაქალქი აიღო, მათ შორის უდიდესი ქალაქი ყუნდუზია, რომელიც 350 000-იანი მოსახლეობით ქვეყნის სიდიდით მეექვსე ქალაქია. ყუნუდუზი ამავე დასახელების პროვინციის დედაქალაქი და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქალაქია.

ყუნდუზის გარდა თალიბების კონტროლს დაექვემდებარა ქალაქი თალიკანი და სარი-პული.

გასულ კვირას თალიბებმა კონტროლი დაამყარეს ეთნიკური უზბეკებით დასახლებული ჯავზიანის პროვინციის დედაქალაქ შიბარღანზეც. აქ თალიბანს ავღანელი უზბეკების გამოცდილი ლიდერის, რაშიდ დოსტუმის ძალები ებრძვიან. 

ავღანეთის თავდაცვის მინისტრით ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჰერათის პროვინციის სხვადასხვა ქალაქების მისადგომებთან. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთიდან წასვლის შესახებ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 80%-მდე აკონტროლებენ. 

ამ დრომდე თალიბანის კონტროლს მიღმა რჩება ქვეყნის უდიდესი ქალაქები ყანდაარი და დედაქალაქი ქაბული, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ ქალაქებისთვის ბრძოლები მალე დაიწყება. 

უფრო მეტი ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტზე წაიკითხეთ აქ.