მარში გრძელდება - თალიბანმა მეექვსე პროვინციული დედაქალაქი აიღო

გასული კვირისი წარმატებული შეტევების შემდეგ, დღეს 9 აგვისტოს თალიბანმა მეექვსე პროვინციული დედაქალაქი დაიკავა. ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ყუნდუზის შემდეგ, თალიბანმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა სამანგანის დედაქალაქი აიბაქიც. 

ქალაქის მისადგომებთან ბრძოლები დღეს დილით დაიწყო, თუმცა სულ რამდენიმე საათი გაგრძელდა - შუადღისთვის თალიბანი თითქმის სრულად აკონტროლებდა ქალაქს. ადგილობრივი თვითმხილველების ცნობით, არმიას თალიბანისთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია და მალევე მთებში გაიხიზნენ. 

ქალაქ აიბაქი სტრატეგიული მნიშვნელოვანი წერტილია - სწორედ აიბაქია ქაბულსა და ჩრდილოეთ ავღანეთს შორის დამაკავშირებელი მთავარ მაგისტრალის უახლოესი ქალაქი. აიბაქის დაცემა ნიშნავს, რომ თალიბანმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა მთლიანად ბალხის პროვინცია და პრაქტიკულად ალყაშია მოაქცია უმშნივნელოვანესი ქალაქი მაზარ-ი-შარიფი. 

თვითმხილველების ცნობით, თალიბებმა უკვე აიღეს ქალაქის ადმინისტრაციული შენობები და თავისი დროშები აღმართეს, ამ დროის მონაცემებით დახურულია სკოლები და მაღაზიები. ქალაქში შესვლისთანავე თალიბებმა აიღეს ქალაქის საპატიმრო და გაათავისუფლეს მსჯავრდებულები. იქიდან გამომდინარე, რომ ავღანეთში პატიმრების დიდი ნაწილი თალიბები არიან, ორგანიზაცია მის მიერ დაკავებული დასახლებებში ყველა ციხიდან ათავისუფლებს თავის წევრებს. 

ქალაქებზე განხორციელებული წარმატებული მარში დღითიდღე ამძიმებს ავღანეთის ცენტრალური მთავრობის მდგომარეობას. აშრაფ ღანის მთავრობა ყოველდღიურად კარგავს კონტროლს სტრატეგიულად და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანეს დასახლებებსა და ინფრასტრუქტურაზე. 

უახლოეს დღეებში მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რა სტრატეგიით წავა - შეეცდებიან თუ არა ისინი მათ კონტროლ ქვეშ არსებული ტერიტორიების გამაგრებას [პირველ რიგში ქაბულის] თუ გადავლენ კონტრ-შეტევაზე. 

ბოლო დღეების განმავლობაში თალიბანის ექსპანსია კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და ქვეყნის სასოფლო პერიფერიებში უპირატესობის მოპოვების შემდეგ მათი ახალი სამიზნე ურბანული ცენტრები და დიდი ქალაქებია. 

გასულ შაბათ-კვირას თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთში სამი პროვინციული დედაქალქი აიღო, მათ შორის უდიდესი ქალაქი ყუნდუზია, რომელიც 350 000-იანი მოსახლეობით ქვეყნის სიდიდით მეექვსე ქალაქია. ყუნუდუზი ამავე დასახელების პროვინციის დედაქალაქი და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქალაქია.

ყუნდუზის გარდა თალიბების კონტროლს დაექვემდებარა ქალაქი თალიკანი და სარი-პული.

გასულ კვირას თალიბებმა კონტროლი დაამყარეს ეთნიკური უზბეკებით დასახლებული ჯავზიანის პროვინციის დედაქალაქ შიბარღანზეც. აქ თალიბანს ავღანელი უზბეკების გამოცდილი ლიდერის, რაშიდ დოსტუმის ძალები ებრძვიან. 

ავღანეთის თავდაცვის მინისტრით ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჰერათის პროვინციის სხვადასხვა ქალაქების მისადგომებთან. ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთიდან წასვლის შესახებ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 

სხვადასხვა მონაცემებით ამ დროისთვის თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 80%-მდე აკონტროლებენ. 

ამ დრომდე თალიბანის კონტროლს მიღმა რჩება ქვეყნის უდიდესი ქალაქები ყანდაარი და დედაქალაქი ქაბული, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ ქალაქებისთვის ბრძოლები მალე დაიწყება. 

უფრო მეტი ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტზე წაიკითხეთ აქ.