აშშ მხარს დაუჭერს ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოხსნას

აშშ მხარს დაუჭერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოხსნას. სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ვაქცინაციის გლობალურად დაჩქარებას. 

გადაწყვეტილების მომხრეების აზრით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ვაქცინების წარმოების დაჩქარებას, რომელიც დანაკლისსაც განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები განიცდიან. მიუხედავად ამისა, პანდემიის სწრაფად დასამარცხებლად ეს საკმარისი არ იქნება, კვლავ პრობლემად რჩება ვაქცინების წარმოებისა და სწრაფი დისტრიბუციის საკითხიც, რომლის გადაწყვეტის გარეშეც პრობლემა სწრაფად ვერ მოგვერდება. 

სპეციალისტების აზრით საჭიროა პროცესი, რომელსაც Tech Transfer ეწოდება - ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ვაქცინის მწარმოებელი ქვეყნები ან კერძო კომპანიები სხვა მწარმოებლებსა და ქვეყნებს აწვდიან ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიას და შემადგენლობას, ანუ ისეთ ინფორმაციას, რაც სხვა შემთხვევაში კომპანიის კომერციულ საიდუმლოდ ჩაითვლებოდა. 

ინტელექტუალური საკუთრების გამზიარებელმა კომპანიებმა და ქვეყნებმა სხვებს ასევე, უნდა მიაწოდონ ტექნიკური ცოდნა ვაქცინების წარმოების პროცესის შესახებ, მათ შორის პროფესიული კადრებითაც. 

პროგრესის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ პროცესი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, რადგანაც საკითხი საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში უნდა განიხილონ, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს.