თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის შემოგარენში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. დაკავებული წარმოშობით ავღანეთიდანაა და მას ბასიმის მეტსახელით იცნობენ, დაკავებული აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.
თვითაღიარებული ხალიფატის არსებობის წლებში, რომლის დედაქალაქიც სირიულ რაქაში მდებარეობდა ბასიმი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების სამხედრო მომზადებას კურირებდა, იგი შედიოდა გადაწყვეტილების მიმღებთა წრეში, რომლებიც ახორციელებდნენ ტერაქტებს ერაყში, სირიასა და ევროპაში.
ტერორისტის დაკავების ოპერაცია თურქეთის ნაციონალური დაზვერვის ორგანიზაციამ ჩაატარა. თურქული მედიის ცნობით, ტერორისტი თურქეთში ყალბი პასპორტით და გამოგონილი ვინაობით ცხოვრობდა. სამართალდამცველები ტერორისტის გადაადგილებას ვიდეო მეთვალყურეობის კამერებით აკვირდებოდნენ, ტერორისტი 28 აპრილს დააკავეს.
2019 წლის ოქტომბერში ამერიკული სპეცოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სირიისა და თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იდლიბის პროვინციაში იმალებოდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ალ-ბაღდადის ათზე მეტი ნათესავი დააკავეს.