კითხვაზე ფიქრობთ, რომ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა დადებითად უპასუხა

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად გააფრთხილა იმ შედეგებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე გავრცელებული ხმების დადასტურებას მოყვებოდა. ჟურნალისტმა ბაიდენს აშშ-ს დაზვერვის განცხადების შესახებ ჰკითხა, სადაც საუბარი არჩევნების პროცესში სხვადასხვა ქვეყნების ჩარევას შეეხებოდა, მათ შორის ხაგზასმულია რუსეთის მონაწილეობა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს აღნიშნულ საკითხზე იანვრის ბოლოს ტელეფონით ესაუბრა. 

"ჩვენ გრძელი საუბარი გვქონდა, მე მას შედარებით დიდი ხანია ვიცნობ. საუბარიც აქედან დაიწყო, მე მას ვუთხარი - მე გიცნობთ თქვენ, თქვენ მიცნობთ მე. თუ გაირკვევა, რომ ეს მართლა მოხდა [რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში] იყავით მზად",- თქვა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში პუტინის სათანადო ფასის გადახდა მოუწევს. 

ჟურნალისტის მომდევნო კითხვა პუტინის პერსონას შეეხებოდა:

- "თქვენ პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია იცნობთ, ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?" 

- "დიახ"- უპასუხა ჯო ბაიდენმა. 

ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით კრემლის კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი საქმის ერთდროულად კეთება და რუსეთთან იმ საკითხებში თანამშრომლობა შესაძლებელია, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია. ამ კონტექსტში ჯო ბაიდენმა რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გახანგრძლივება დაასახელა.